Home » ფინანსები » უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი ისტორიულად გაიზარდა
უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი ისტორიულად გაიზარდა

უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი ისტორიულად გაიზარდა

უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი ისტორიულად გაიზარდა

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარს (19.1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4 228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა.

ბოლო წლებში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი პროცენტულად იკლებს, თუმცა თანხობრივად იზრდება და მიმდინარე წლის სამ კვარტალში ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა და 4,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 716.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2013-2018 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 533.0 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 13.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 950.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (21.5 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 483.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 19.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.5 პროცენტით განისაზღვრა.

“აღსანიშნავია, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13.2%-ით გაიზარდა და 533.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი აქტიური და მოთხოვნადი სერვისი DCFTA საინფორმაციო ცენტრია”, რომელიც ევროკავშირის ბაზრის რეგულაციების შესახებ მეწარმეთა ინფორმირებას ემსახურება. გარდა ევროკავშირის ბაზრისა, ჩვენი ბენეფიციარები ინფორმაციას იღებენ იმ სტანდარტების შესახებ, რომლებიც ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარზეც უნდა დააკმაყოფილონ. ჩვენი ცენტრისადმი მეწარმეთა მომართვიანობით თუ ვიმსჯელებთ, ნათლად ჩანს, რომ ადგილობრივ მეწარმეთა ინტერესი ევროკავშირის ბაზრის მიმართ დღითიდღე იზრდება. გარდა ევროკავშირისა, პალატა მუშაობს მეწარმეთათვის სხვა საექსპორტო ბაზრების მოძიებაზეც. ამისთვის ჩვენ გავააქტიურეთ სერვისი “მოიძიე პარტნიორი” და ორგანიზებას ვუწევთ საერთაშორისო ფორუმებს, რომლებიც საქართველოს მეწარმე-სუბიექტებისთვის საერთაშორისო ბიზნეს-პარტნიორების მოძიების ეფექტიანი პლატფორმაა. 2019 წლის განმავლობაში პალატა გეგმავს საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ფორუმების გამართვას, რაც რეგიონულ ბიზნესს დამატებით პერსპექტივას გაუჩენს საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად. იმედი გვაქვს ჩვენი ძალისხმევა და აქტივობები მომდევნო წლის ანალოგიურ სტატისტიკაში კიდევ უფრო დადებითად აისახება”,- განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა თემის კომენტირებისას.

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში 77.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 25%-ით მეტია 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე. ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბულგარეთის (20.3 მლნ დოლარით), ესპანეთის (11 მლნ დოლარით) და საფრანგეთის (3.5 მლნ დოლარით) მიმართულებით. სექტემბერში 15.8 მლნ დოლარით გაიზარდა ექსპორტი აშშ-ში, აზერბაიჯანში 9.3 მლნ-ით, ყაზახეთში 6.7 მლნ და.შ. 9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ყველაზე მაღალი ზრდა აზერბაიჯანის მიმართულებითაა – 175 მლნ დოლარით (104%).

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 161.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 47.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.5 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 942.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (20.3 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 104.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 29.2 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.5 პროცენტი იყო.

ლაშა ბასლანძე

Share