Home » ეკონომიკა » თვითდასაქმებულები ჩრდილოვანი ეკონომიკიდან  უნდა გამოვიდნენ
თვითდასაქმებულები ჩრდილოვანი ეკონომიკიდან  უნდა გამოვიდნენ

თვითდასაქმებულები ჩრდილოვანი ეკონომიკიდან  უნდა გამოვიდნენ

ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობისთვის თვითდასაქმებულებმა საკუთარი შემოსავლების ლეგალიზაცია მოახდინონ

სახელმწიფოს ბრძოლა ჭარბლავიანობის წინააღმდეგ გრძელდება. ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, თამაშის ახალი წესები, რომლებიც ბანკებს უწესდებათ, ბაზარზე სამართლიან გარემოს შექმნის და დაასრულებს იმ პრაქტიკას, რომელმაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი “შავ სიაში გადაისროლა”.

“დღეს ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი. ეს პრაქტიკულად, დაკარგული რესურსია ეკონომიკური განვითარებისათვის. ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამის შედეგებს უკვე ვხედავთ – დაახლოებით 630 ათას ადამიანს მოკლებული აქვს შესაძლებლობა, გახდეს აქტიური სამუშაო ძალა. შემცირებული განკარგვადი შემოსავალი, ბუნებრივია, ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას, ხდება დანაზოგების შემცირება. ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაკრედიტების ისეთ მოდელებთან, რომელიც არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით, საუბარია მაღალპროცენტიან სამომხმარებლო სესხებზე, რომლის უკან არ დგას მსესხებლის შემოსავალი”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ეროვნული ბანკის ახალმა რეგულაციებმა და ფინანსთა მინისტრის ინიციატივებმა, შეეზღუდოთ ბანკებს სესხების გაცემა შემოსავლების დაუდასტურებლად, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 7 მაისიდან  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა “კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში”. ცვლილებებით იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

სპეციალისტთა ნაწილი აღნიშნულ ინიციატივას უარყოფითად შეხვდა. ამ დამოკიდებულების მთავარი მიზეზი გახლავთ ვარაუდი იმისა, რომ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ახალი რეგულაციებით საბანკო პროდუქტებზე წვდომა შეეზღუდებათ, გადაინაცვლებენ მევახშეებთან, რაც სამომავლო ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის განვითარებისთვის უარყოფითი მოვლენაა. ადამიანთა ამ კატეგორიაში, ძირითადად, თვითდასაქმებულები (ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები…) მოიხსენიებიან, რომლებსაც შემოსავალი ოფიციალურად არ უდასტურდებათ.

“რა თქმა უნდა, სესხი ყველას არ უნდა მივცეთ. მით უმეტეს, სოციალურად დაუცველს ან ძალიან დაბალი შემოსავლის მქონე პირს, რომელიც პოტენციურად ცუდი გადამხდელია, მაგრამ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება, რადგან თვითდასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, მაგრამ ამას ვერ ადასტურებენ, ნებსით თუ უნებლიედ, არაფორმალური სექტორისკენ, კერძო მევახშეებისკენ ვუბიძგებთ, რაც 90-იან წლებში უკვე გამოვიარეთ და შედეგებიც კარგად გვახსოვს.

ჩვენ მათ ვთხოვთ, თავიანთი სამუშაოს ფორმალიზება მოახდინონ, ვთქვათ, მცირე მეწარმეებად დარეგისტრირდნენ და რაღაც გადასახადი გადაიხადონ, მაგრამ ჯერჯერობით, ეს არ მომხდარა”, – განაცხადა “საზოგადოება და ბანკების” თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა, პრაქტიკულად პასუხობს ამ უკანასკნელ მოსაზრებას. ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა ახალი საგადასახადო სისტემა, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. ამ სისტემის მიხედვით, მიკრო მეწარმედ დარეგისტრირებული ადამიანი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 ათას ლარს, სრულიად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო მცირე მეწარმე, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 500 ათას ლარს, გადაიხდის სიმბოლურ 1%-იან გადასახადს.

“რეგულაცია ისე უნდა გაკეთდეს, თვითდასაქმებული ადამიანებისთვის კომფორტული იყოს, ამიტომ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უფლება ექნებათ, შემოსავლების მიხედვით, მცირე ან მიკრო მეწარმედ თვითონვე დაარეგისტრირონ თავიანთი მომხმარებლები, რომლებიც ხშირშემთხვევაში, თვითდასაქმებული მოქალაქეები არიან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ბანკსა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თვითდასაქმებულის შემოსავლების იდენტიფიკაცია ავტომატურად მოხდება, ის სტატუსს მიიღებს და ბანკთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან საკრედიტო ურთიერთობას ჩვეულებრივად გააგრძელებს. შესაბამისად, თვითსდასქმებულ მოქალაქეთა შიში, რომ შემოსავლების ლეგალიზების პირობებში, ისინი გადასახადების მორევში ჩაეფლობიან, ნელ-ნელა ქრება.

ეკონომიკის დოქტორი, ლევან ქისტაური მიიჩნევს, რომ ხალი ინიციატივები სამომავლო პერსპექტივაში დადებით გავლენას იქონიებს.

“ბუნებრივია, წვდომა საკრედიტო რესურსზე გართულდება. ბანკებსაც, გარკვეულწილად, შეუმცირებს სამომხმარებლო სესხების და ფიზიკური პირების დაკრედიტების კუთხით სესხების მოცულობას. თუმცა, ახალი ინიციატივებში პოზიტივის დანახვაც შესაძლებელია. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, შემოსავლების ლეგალიზება და მეწარმედ დარეგისტრირება, მარტივი პროცესია, გადასახადიც სიმბოლურია და, შესაბამისად, ეს პროცესი ხელს შეუწყობს თვითდასაქმებულების ჩრდილოვანი სექტორიდან გამოდინებას, სადაც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იყვნენ ჩაკეტილები”, – განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, ლევან ქისტაურმა.

,,ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძეც მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულაციის შედეგად მართალია გართულდება ფინანსებზე წვდომა, თუმცა პარალელურად თვიდასაქმებულები ჩრდილოვანი ეკონომიკიდან რეალურ ეკონომიკაში გადაინაცვლებენ და მათთვის ფინანსურ სექტორთან ურთიერთობა ახალ რეალობაშიც შესაძლებელი იქნება.

,,ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით ფინანსებზე წვდომა ნამდვილად გართულდა და ამ გადაწყვეტილებამ მოკლევადიან პერიოდში მოქალაქეების ნაწილი, შესაძლოა, რთულ ვითარებაში ჩააყენოს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში იგი შედეგებს ნამდვილად მოიტანს. ერთი მხრივ,  შემცირდება საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული კრედიტების რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, მსესხებლები გახდებიან უფრო გადახდისუნარიანები.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მისასალმებელია ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა, როდესაც ახალი რეგულაციების კვალდაკვალ მიიღო გადაწყვეტილება და მცირე მეწარმეებს დაუწესა 1%-იანი გადასახადი, ხოლო მიკრო მეწარმეები სრულად გაათავისუფლა გადასახადიდან, ამავდროულად გაამარტივა ბიუროკრატიული პროცედურებიც და მოქალაქეებს დარეგისტრირების საშუალება პირდაპირ საკრედიტო ორგანიზაციებში მისცა. ამ გადაწყვეტილებით თვითდასაქმებულები ჩრდილოვანი ეკონომიკიდან რეალურ ეკონომიკაში გადაინაცვლებენ. სახელმწიფოს მიეცემა საშუალება რეალურად დაინახოს თუ რა მდგომარეობაა ამ სექტორში, ხოლო მოქალქეებისთვის იმდენად დაბალი გადასახადი წესდება, რომ მათ ეს მძიმე ტვირთად არ დააწვებათ და საფინანსო სექტორთან ურთიერთობასაც თავისუფლად  შეძლებენ”, – აცხადებს კაპანაძე.

როგორც ჩანს, ძიძები, ტაქსისტები, რეპეტიტორები და ა.შ. კრედიტების გარეშე ნამდვილად არ რჩებიან და ისინი საკმაოდ დაბალი გადასახადის პირობებში თავისუფლად შეძლებენ საკუთარი შემოსავლების დადასტურებას, ხოლო რა შედეგებს მოიტანს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაციები ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

 

გიორგი არაბული

Share