Home » ეკონომიკა » თურქეთის ეკონომიკა სანქციებით იტვირთება – როგორ აისახება საქართველოზე მეზობელი ქვეყნის კრიზისი
თურქეთის ეკონომიკა სანქციებით იტვირთება - როგორ აისახება საქართველოზე მეზობელი ქვეყნის კრიზისი

თურქეთის ეკონომიკა სანქციებით იტვირთება – როგორ აისახება საქართველოზე მეზობელი ქვეყნის კრიზისი

თურქეთი ეკონომიკური სანქციების მოლოდინშია. ქვეყნის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, აშშ-ის პასუხმაც არ დააყოვნა და პრეზიდენტი ტრამპი თურქეთს ეკონომიკის ჩამოშლით დაემუქრა. მუქარა რეალურ ნაბიჯებში გადაიზარდა და აშშ-მა თურქეთს პირველი სანქციები უკვე დაუწესა, რომელიც თურქეთის ენერგეტიკის და თავდაცვის სამინისტროებს ეხება. სანქცირებულია თურქეთის რამდენიმე მაღალჩინოსანი პირიც.

გარდა ამისა, აშშ-ის მხრიდან მიმდინარეობს დამატებით სხვა რეგულაციების შემუშავებაც. უცხოური გამოცემების თანახმად, აშშ აპირებს დამატებით 50%-ით ტარიფების გაზრდას თურქულ ფოლადზე, სანქციების დაწესებას ფინანსურ სექტორზე, თურქებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემაზე, თურქეთის მაღალჩინოსანი პირების არეალის გაზრდაზე და სხვა.

შედეგად, თურქეთის ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგება. ისედაც არასტაბილურ ეროვნულ ვალუტას (ლირა), დამატებითი წნეხი ემატება. სანქციების პროგნოზირებისას ლირამ გარკვეული რყევები განიცადა და 0.6%-ით გაუფასურდა, თანაც იმის ფონზე, რომ მიმდინარე წელს ის უკვე დაახლოებით 12%-ითაა გაუფასურებული.

თურქეთში პროცესების სამომავლო განვითარება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მეზობელი ქვეყანა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, იქ განვითარებული ეკონომიკური პროცესები მნიშვნელოვნად თუ არა, გარკვეულწილად კორელაციაშია ჩვენს ქვეყანასთან.

მეზობელი ქვეყნის ეროვნული ვალუტის მსგავსად, ქართული ლარისგანაც არ ვართ განებივრებული სტაბილურობით და ვოლატილური პროცესები, სამწუხაროდ, ჩვენთანაც ხშირია, რომლის დიაგნოზირებისას, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, მეზობელი ქვეყნის ვალუტების გაუფასურებაც სახელდება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის, თურქული ლირას მდგომარეობა.

საგარეო ვაჭრობა

მაკროეკონომიკური პარამეტრების მაჩვენებლებში თურქეთი საქართველოსთვის მოწინავე პოზიციებზეა. 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, 1.1 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება.

თუ გადავხედავთ საქართველოს ტოპ საიმპორტო ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით თურქეთი მოწინავე პოზიციაზეა 993.8 მილიონი დოლარით. ასევე, 2018 წლის მონაცემებით თურქეთი ლიდერობს 16.1 პროცენტული წილით, რაც რიცხვებში გამოხატული მილიარდ 473 მილიონი დოლარია. თურქეთი ამ მიმართულებით 2017 წელსაც ლიდერი იყო 17.3 პროცენტით.

რაც შეეხება საექსპორტო ტოპ ქვეყნების ჩამონათვალს, ამ მიმართულებით თურქეთი 2018 წლის მონაცემებით მეხუთე პოზიციაზე, სოლიდური 233.5 მილიონი დოლარით, რაც ექსპორტის მთლიანი წლის დინამიკის 7%-ია. 2017 წელს ამ მაჩვენებლით თურქეთი ასევე მეხუთე პოზიციაზე იყო 216.7 მილიონი დოლარით, ექსპორტის საერთო დინამიკაში 7.9 პროცენტული წილით.

სანქციების შესაძლო სცენარი იმპორტისა და ექსპორტის დინამიკაზე

საქართველო იმპორდამოკიდებული ქვეყანაა. ძირითადი პროდუქცია რაც ქვეყანაში იყიდება ადგილზე არ იწარმოება და ის მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის. თუ თურქეთის ეკონომიკა სანქციების მარწუხებში მოექცევა, თუნდაც სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის კუთხით, ეს საქართველოზეც ჰპოვებს ასახვას, რადგან იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება და პროცესების ცუდი სცენარით გაგრძელების შემთხვევაში, შეიქმნება გარკვეული დეფიციტი პროდუქტებზე, რაც ან ალტერნატიული ბაზრით უნდა ჩანაცვლდეს, ან ადგილობრივი წარმოების განვითარების დასაბამი უნდა გახდეს.

ძირითადად, ჩვენი ქვეყნის ექსპორტირებულ პროდუქციას მადნები, ფეროშენადნობები და კონცენტრატები შეადგენს. მაგალითად, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 430.6 მილიონი აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. თანაც, თურქეთი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში მეხუთე პოზიციაზეა და სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, ამ მიმართულებით რაიმე სერიოზული დარტყმა საქართველოს ეკონომიკას არ ემუქრება.

ფულადი გზავნილები თურქეთიდან

კიდევ ერთი ინდიკატორი, რომლითაც შეიძლება თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების კორელაციის დადგენა საქართველოსთან მიმართებით, ფულადი გადმორიცხვებია.

ჯამში, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 1.25 მილიარდი დოლარი შემოვიდა, ხოლო უშუალოდ თურქეთიდან, რომელიც გადმორიცხვების რეიტინგში მეექვსე პოზიციაზეა, 70.7 მილიონი დოლარი. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.

სანქცირებულ თურქეთის ეკონომიკას გაუჭირდება იმაზე მეტი დოვლათის შექმნა, ვიდრე, რა თქმა უნდა, სანქციების გარეშე. შესაბამისად, იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრაციასაც იქ დასაქმება და საქართველოში თანხების გადმორიცხვა, რაც ასეთი ტიპის შემოსავალზე დამოკიდებულ ოჯახებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ასეთი ოჯახები კი საქართველოში ცოტა არ არის.

თურქული ინვესტიციები

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თურქეთიდან საქართველოში, ამ მხრივ თურქეთი ტოპ ქვეყნებში 2018 წლის მონაცემებით მეათე ადგილზეა. 2018 წელს თურქეთიდან საქართველოში ჯამში 49.6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. შესაბამისად, თურქეთი საქართველოსთვის სერიოზულ საინვესტიციო კერას არ წარმოადგენს.

ტურიზმი თურქეთიდან

განსხვავებით ინვესტიციებისგან, საქართველოსთვის თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია. მიმდინარე წლის სექტემბერში, თურქეთიდან საქართველოში 96 748 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3 პროცენტით მეტია. ამ მაჩვენებლით თურქეთი ტოპ ვიზიტორების ქვეყნების მაჩვენებელში მეოთხე ადგილზეა.

ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ძირითად ფლაგმანად ჩამოყალიბდა და თურქეთიდან შემცირებული ტურისტების რაოდენობა ცალსახად ცუდ ასახვას ჰპოვებს სექტორზე.

თურქეთის ეკონომიკის თავზე შავი ღრუბლებია

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის ეკონომიკის თავზე შავი ღრუბლებია, რადგან ურთიერთობები აშშ-სა და თურქეთს შორის უკიდურესად იძაბება, მხარეები კომპრომისებზე წასვლას, მათივე განცხადებით, არ აპირებენ, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ, მაინც მოუწევთ. დღევანდელი სურათით კი, გეოპოლიტიკური კონიუნქტურის არასტაბილურობა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაზეც პირდაპირ აისახება, იქნება ეს აშშ-სთან არასტაბილური ურთიერთობა, რომელიც სანქციების დაწესებამდე მიდის ხშირშემთხვევაში ქვეყნისადმი, თურქული ლირის დევალვაცია თუ სხვა არასახარბიელო პროცესები, რომლის წინაშე ნებსით თუ უნებლიეთ დგას თურქეთში მმართველი ხელისუფლება.

ბუნებრივია, ეს პროცესები ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც, თუმცა როგორც მონაცემების გაანალიზების შედეგად გამოჩნდა, ძირითადი წნეხი იმპორტსა და ტურისტული ვიზიტებს დააწვება. ასევე,თურქეთში ბევრი ქართველი გადის დროებით, მუდმივ თუ სეზონურ სამუშაოებზე დასასაქმებლად. ეკონომიკური კრიზის პირობებში მათი იქ დასაქმების პერსპექტივა კი ბუნდოვანი ხდება და ასევე, თურქეთთან საგარეო ვაჭრობის კუთხით იქ არსებული ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც აისახება არასახარბიელოდ.

ბაჩანა ჯინჭარაძე
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – “აფბა”-ს, ანალიტიკოსი

Share