Home » საზოგადოება » თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი დაბალი ხარისხის გაყინული ქათამი თურქეთში არ იყიდება
თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი დაბალი ხარისხის გაყინული ქათამი თურქეთში არ იყიდება

თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი დაბალი ხარისხის გაყინული ქათამი თურქეთში არ იყიდება

საკვების შემცველობასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოსთვის არახალია. ამასთან დაკავშირებით, მუდმივად მიმდინარეობს პოლემიკა და სოციალურ სივრცეში ხშირად ვაწყდებით ფოტოებს, რომლითაც დგინდება, რომ კონკრეტული ობიექტების კონკრეტულ პროდუქციაში აღმოჩენილია, მაგალითად, მწერი ან/და საჭმელად საზიანო სხვა ნივთიერება.

საკვებში ბაქტერიების აღმოჩენის ფაქტები ბოლო პერიოდში საგრძნობლად მომრავლდა. თვალშისაცემია ის გარემოებაც, რომ რესტორნებში მოწამლული ადამიანების რიცხვიც გაიზარდა. როგორც ჩანს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონტროლის მექანიზმები გაამკაცრა, რისი შედეგიცაა კრიტიკული ფაქტების გამოვლენის შემთხვევების ზრდა.

ბოლოს ასეთი შემთხვევა დიდ მწარმოებლებსა და ცნობილ რესტორნებშიც დაფიქსირდა. მაგალითად, სააგენტოს წარმომადგენლები რესტორანში “ლუდის ქარხანა – ჩემო კარგო” შევიდნენ, რადგან ინფორმაცია გავრცელდა, რომ 11 იქ ადამიანი მოიწამლა. სეს-ის კონტროლის შემდეგ, რესტორანი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დროებით დახურეს 1 000 ლარით დააჯარიმეს.

ასევე, სააგენტომ კონტროლი განახორციელა შპს “ჩირინასა” (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია “ჯეო დისტრიბუშენ გრუპში”, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღებული ხუთი ნიმუშიდან ოთხ მათგანში სალმონელა გამოვლინდა.

აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა. კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს ქათმის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სურსათის სააგენტოს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.

მათივე თქმით, რესტორანში 11 მოწამლული ადამიანიდან მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა სალმონელა.

“ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ 1200 ტონა ხორცს და შესაბამისად, ჩვენს პროდუქციას ყოველდღიურად მოიხმარს ასი ათასობით ადამიანი. თითოეულ წარმოებულ პარტიაზე ჩვენ ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევას და აღნიშნულით კიდევ ერთხელ ვუზრუნველყოფთ წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხის კონტროლს.

რაც შეეხება მოწამვლას, რომელიც მოხდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ჩვენი ინფორმაციით 11 მოწამლული ადამიანიდან მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა სალმონელა. აღსანიშნავია, რომ სალმონელა არის 2000-ზე მეტი შტამის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვაც ხდება მხოლოდ ორი ტიპის სალმონელაზე – TYPHIMURIUM და ENTERITIDINIS (B და D ჯგუფი), რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ქათამს ვცრით. ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ თერმული დამუშავების დროს ამ ორი ტიპის სალმონელას გაუვნებლობაც ხდება. ჩვენ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათთან შეთანხმებით ამ საკითხის მიკვლევადობის მიზნით უნდა მომხდარიყო სალმონელას ტიპიზაცია ლუგარის ლაბორატორიაში. თუმცა სამწუხაროდ, ტიპიზაციის შედეგების გარეშე გუშინ საღამოს მოხდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განცხადების გაკეთება, რომელიც უსაფუძვლოდ ახდენს კომპანიის რეპუტაციის შელახვას”, – ნათქვამია კომაპნიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში არ არსებობს ის მაღალი სტანდარტი, რომლითაც საქართველოს ბაზარი დაცული იქნება ყველაზე დაბალი სტანდარტის მქონე ხორცის შემოტანისგან.

კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელის, რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი ქათამი თურქეთში არ იყიდება და ის მხოლოდ ისეთი საექსპორტო ბაზრებისთვისაა გათვალისწინებული, რომლებშიც მესამე კატეგორიის ქათმების შეტანას დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს.

“თურქეთში არის სამი კატეგორიის ქათამი, მესამე კატეგორიის ქათამი წარმოადგენს ყველაზე დაბალ სტანდარტს და ის თურქულ მაღაზიებში არ იყიდება. ის გადის მხოლოდ ექსპორტზე, ისეთ ქვეყნებში, რომელთაც არ აქვთ შეზღუდვა ამ მიმართულებით, შესაბამისად შემოდის საქართველოშიც.

ცხადია, ის ჩვენს პროდუქტთან შედარებით, გაცილებით დაბალი ხარისხისაა, თუმცა მომხმარებელმა ამის შესახებ არაფერი იცის და ფასის სიმცირიდან გამომდინარე ყიდულობს იმპორტირებულ, დაბალხარისხიან ქათმის.

შესაბამისად, ჩვენ ავამუშავებთ თუ არა ანტიდემპინგურ კანონს, იმპორტირებული პროდუქცია, მაინც პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივ წარმოებას მანამ, სანამ ეს სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში არ დაინერგება. სანამ, არ მოხდება საქართველოშიც დაბალხარისხიანი და მაღალხარისხიანი ქათმისა, თუ კვერცხის გამიჯვნა ერთმანეთისგან”, – აცხადებს ვაშაკიძე.

კონტროლის გამკაცრებაზე მიუთითებს კვების ექსპერტი ლია კვარაცხელიაც. მისივე თქმით, აუცილებელია რეგულაციების გამკაცრება და პრობლემების საფუძვლიანად მოგვარება.

“ბაქტერიები საკვებ პროდუქტებში ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. საფუძვლიანად რომ აღმოიფხვრას ასეთი შემთხვევები საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და კონტროლი. კონტროლი არა უკვე ბოლო რგოლის (რესტორნის, მაღაზიის), არამედ იმ ფერმებისაც, საიდანაც ეს ხორც-პროდუქტები შემოდის. თუ საფუძვლიანად და კომპლექსურად მივუდგებით საკითხს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიწყება მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა. რესტორნებსა და მომსახურების ობიექტებს პირდაპირ ვერ დავადებთ ხელს, განსაკუთრებით მაშინ თუ იქ ჰიგინური ნორმები დაცულია”, – აღნიშნა ლია კვარაცხელიამ “რეზონანსთან” საუბრისას.

როგორც ჩანს სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაწყებული აქვს აქტიური მუშაობა პრობლემების აღმოსაფხვრელად, რადგან კონტროლის გამკაცრება ბოლო პერიოდში იგრძნობა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლითაც ქართული ბაზარი დაბალი ხარისხის ხორცისგან დაცული იქნება. ამის კარგი მაგალითია საბაჟო გამშვებ პუნქტში “ბათუმის პორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილი გაყინული ქათმის ხორცის განადგურება (23380კგ), რადგან მასში სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.

სანდრო პირველი

Share