Home » საზოგადოება » „თუ ყველას მივცემთ 30 დღიან შეღავათს, მაშინ გამოვა, რომ საგადასახადო სისტემა უნდა მოვშალოთ ქვეყანაში“
„თუ ყველას მივცემთ 30 დღიან შეღავათს, მაშინ გამოვა, რომ საგადასახადო სისტემა უნდა მოვშალოთ ქვეყანაში“

„თუ ყველას მივცემთ 30 დღიან შეღავათს, მაშინ გამოვა, რომ საგადასახადო სისტემა უნდა მოვშალოთ ქვეყანაში“

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ე.წ. ოქრის სიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას საგადასახადო რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას.

კაკაურიძის თქმით, მოგების გადასახადის რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ასევე მნიშვნელოვანი იყო დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება.

„იყო მოგების გადასახადის რეფორმა, რომელმაც საკმაოდ დიდი მოცულობის ფულის დეფიციტი, თუ რომელიმე კომპანიას ჰქონდა, გამოუსწორა. მეორე თემა არის დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება. ჩვენ გვქონდა სიტუაცია, როდესაც განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესი ვერ ახერხებდა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი, რაც გადახდილი ჰქონდა, უკან დაებრუნებინა. სწორედ ეს იწვევდა ფინანსურ დეფიციტს ნაღდ ფულთან. ეს პრობლემა მოგვარდა და საერთოდ პირველი ივლისიდან ავტომატურ რეჟიმში გადადის დღგ-ის დაბრუნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას კომპანიებს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გიორგი კაკაურიძის თქმით, ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებით მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის შეღავათის არსებობა არ იყო მისაღები, ვინაიდან არათანაბარ პირობებში აყენებდა დაახლოებით 50 000 კომპანიას, ანუ 200 კომპანია სარგებლობდა უპირატესობით, რაც არ ჰქონდა 50 000 კომპანიას.

მისი თქმით, დღეს პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზეც იყო საუბარი, თითქოს ყველა კომპანიაზე გავრცელებულიყო შეღავათი, მაგრამ კაკაურიძის განცხადებით, ეს გამორიცხულია.

„თუ ყველას მივცემთ 30 დღიან შეღავათს, მაშინ გამოვა, რომ საგადასახადო სისტემა უნდა მოვშალოთ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა. ამასთან, „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიისთვის ხორბალზე იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა შენარჩუნდება.

Share