Home » საზოგადოება » „თუ ხელისუფლება რეალურად არ შეაფასებს ვითარებას, ამას მოჰყვება მეოთხე ტალღა, რომელიც წინა ტალღებზე ათჯერ და ასჯერ მეტიც შეიძლება იყოს“
„თუ ხელისუფლება რეალურად არ შეაფასებს ვითარებას, ამას მოჰყვება მეოთხე ტალღა, რომელიც წინა ტალღებზე ათჯერ და ასჯერ მეტიც შეიძლება იყოს“

„თუ ხელისუფლება რეალურად არ შეაფასებს ვითარებას, ამას მოჰყვება მეოთხე ტალღა, რომელიც წინა ტალღებზე ათჯერ და ასჯერ მეტიც შეიძლება იყოს“

2005 წელს ორი მოზარდის დაღუპვის გამო მთელი საფრანგეთი ფეხზე დადგა. 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მისი დედა ირინა ენუქიძე ითხოვდა, საზოგადოება გვერდში დადგომოდა, მაგრამ საზოგადოება მხოლოდ ფარულად თანაუგრძნობდა, რაც იმდროინდელი რეჟიმით აიხსნებოდა – ხალხს საკუთარი პოზიციის აშკარად დაფიქსირების ეშინოდა. ამჯერად თანატოლებს შორის დაპირისპირებას შეწირული ორი მოზარდის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. თუმცა მიმდინარე მოვლენებმა გააჩინა კითხვა, ეს იყო აქციები პოლიტიკური ელფერით, თუ საზოგადოების გულწრფელი აღელვება, რომელსაც ვაიპოლიტიკოსთა გამოჩენა ჩრდილს ვერ მიაყენებს? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებს პოლიტიკურმა ელფერმა მძიმე დაღი დაასვა. თუმცა პოლიტიკური ნარატივის გარეშე იქ იდგნენ ადამიანები, რომლებიც ღირსებისა და სამართლის აღდგენას მოითხოვდნენ. რა კონდიციამდე მივედით – ხალხს აღარ ეშინია საკუთარი პოზიციის გამოხატვის, თუ რეალურად შედგა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არ უშინდება არაფერს და შვილმკვდარი მამის ტრაგედიას აშკარად იზიარებს? სამოქალაქო საზოგადოების ასეთ აქტივობას უმართავი პროცესები ხომ არ მოჰყვება და მთლიანი საქართველო ხომ არ გადაჰყვება? 

– თუკი სამოქალაქო საზოგადოებად ჩვენ მივიჩნევთ ყველაფრის დასაშვებობას, მივიჩნევთ პროტესტის ქუჩაში გამოხატვის ნორმად გადაქცევას, ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოება, პრინციპში და არსებითად, მიუღებელი აღმოჩნდება ჩვენი რეალობისთვის. ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების რაღაც ეტაპზე შეიძლება ქუჩაში აქციების გზითაც წყდებოდეს საკითხები, მაგრამ ეს არის უკიდურესი საქციელი. ამის წესად ქცევა, მით უმეტეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი სამი ათეული წლის განმავლობაში, ეს არის არა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ნიშანი, არამედ სახელმწიფოს შეუმდგარობის მაჩვენებელი. ამიტომ აღმატებულ ხარისხში ამ აქციებს ვერ განვიხილავ.

ნორმალურ ქვეყანაში, რომელსაც მიაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებას წარმოადგენს, შესაბამისი ინსტიტუტების, პოლიტიკური პროცესის, მედიის, არასამთავრობო სექტორის მეშვეობით უნდა ხდებოდეს თვალსაზრისების შეჯერება და საყოველთაოდ მიღებული პოზიციების დადგენა. ასე ხდება ყველგან, სადაც დემოკრატიაა. ამბოხი და პროტესტი გადაზრდილი ამბოხში დამახასიათებელია განუვითარებელი დემოკრატიებისთვის, ან კიდევ, ავტორიტარული რეჟიმებისთვის, როცა სხვა გზა არ არსებობს.

ეს აქციები, რომლებსაც „შვილმკვდარი მამების აქციას“ დავარქმევდი პირობითად, უკვე გადაიზარდა „ერთიანი ნაცმოძრაობის“ აქციაში. ამაშიც დაუშვებელს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ საგნებს დაერქვას თავისი სახელი. თორემ ჩვენ ვიქნებით ბინდში მობორიალე არსებები. ეს უფრო პოლიტიკური პროცესის შეჩერების, შეყოვნების, დასაჭურისების შედეგია, რომელიც მიზანმიმართული პოლიტიკის რეზულტატს წარმოადგენს. მოდით, გავუწიოთ კეთილი სამსახური ამ ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს და აღვნიშნოთ, რომ მის ხელთ არსებული ჭარბი ავტორიტეტი, ჭარბი ნდობა, ჭარბი ფინანსური რესურსი ამ გამჭრიახმა ადამიანმა მიმართა იქითკენ, რომ საზოგადოებას დრო უსაგნო პოლიტიკური ყბედობისთვის არ დაეთმო, არ მომხდარიყო პოლიტიკური თემების ზედმეტად აჟიტირება და საქმის კეთებით დაკავებულიყო მთავრობა, ხელისუფლება, პარლამენტი. ამისთვის ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა. თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი, იხურებოდა პოლიტიკური თოქ-შოუები, მიმდინარეობდა ფარული და ღია მცდელობები მედიასაშუალებების, პოლიტიკური პარტიების პირდაპირი ან ირიბი დაქვემდებარებისთვის. ცხადია, ამას შედეგად მოჰყვებოდა პოლიტიკური პროცესის შეჩერება და მოჰყვა კიდეც, რამდენადაც, რასაც მმართველი ძალა დღეს ვერ აკონტროლებს, ეს არის „ერთიანი ნაცმოძრაობა“ და „რუსთავი-2“. თუმცა არც ის არის გამორიცხული, მალე ივანიშვილმა ისინიც გააკონტროლოს. ეს კიდევ უფრო მძიმე მოცემულობა იქნება ჩვენს სინამდვილეში. აქედან  გამომდინარე, პოლიტიკური პროცესი რომ გაჩერდა, ამ ყველაფერმა გადაინაცვლა სიღრმეში, საზოგადოებაში ჩაიმალა პრობლემები. ახლა მედიის ცალკეული გამოცემები და სტრუქტურები ცდილობენ, სიმართლე მიიტანონ ხალხამდე, მაგრამ, ვისაც სათქმელი აქვს, იმას ფული და ბაზა არ აქვს, ხოლო, ვისაც სათქმელი არ აქვს, იმან რამდენიც გინდა ისაუბროს, არანაირი შედეგი არ ექნება მის საუბარს. შედეგად, პოლიტიკური პროცესი კი არ გახდა საზოგადოებაში აკუმულირებული ეროვნული ენერგიის გამტარი, არამედ დაიწყო სპონტანური ამბოხებები.

ამის პირველი ნიშანი იყო ბათუმის არეულობა, როდესაც იქაური პოლიციის შერიფის განცხადებებით უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოვიდა. იქაც დატრიალდნენ „ნაციონალები“ და შეეცადნენ მიმართულება მიეცათ ამბოხებისთვის, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ და შს ორგანოებმა ვირტუოზულად იმუშავეს, შეცდომა არ დაუშვეს. თორემ იქ თავისუფლად შეიძლებოდა, ადამიანები დაღუპულიყვნენ, რაც აბსოლუტურად უმართავ პროცესებში გადაიზრდებოდა ქვეყნის მასშტაბით. იმ პერიოდში თბილისშიც იდგნენ გარკვეული პოლიტიკოსები და ელოდნენ ხალხის ტალღას იქაური პროტესტის კვალობაზე, ასევე ხდებოდა ქუთაისში, ფოთში, თელავში. მაშინ მე, როგორც ერთმა მოქალაქემ და ანალიტიკოსმა, მივუთითე ივანიშვილს და მის ირგვლივ შემოკრებილ პოლიტიკოსებს, რომ ეს სახიფათო ნიშანი იყო, მაგრამ ყურად არ იღეს. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ახლახანს ჩვენ ვნახეთ ნარკომომხმარებელთა აქცია, რომელსაც უპირისპირდებოდნენ ფაშისტები. ჩემი აზრით, ეს ორივე უკიდურესობა მიუღებელია, რადგან თავისუფლება არ ნიშნავს ყოვლის დასაშვებობას და აღვირახსნილობას, მაგრამ, ამავე დროს, კატეგორიულად მიუღებელია ფაშიზმი, ნებისმიერ საბურველში გახვეული. აქაც დიდი ტალღა წამოიკიდა ამ პროტესტმა, რადგან ნარკოტიკებს ჩვენში ბევრი მოიხმარს. ამ ამბავს მე და ჩემი კოლეგები ისევ გამოვეხმაურეთ და ისევ მივუთითეთ ხელისუფლებას, რომ ეს სახიფათო ტენდენცია იყო და პოლიტიკური პროცესი უნდა განახლებულიყო ქვეყანაში, რადგან არ შეიძლებოდა, ერთი მხრივ, ყოფილიყო თავის ლიდერთან ერთად ყველაფრის გამაკონტროლებელი საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება“, ხოლო, მეორე მხრივ, მის საპირწონედ ყოფილიყო ცხრაწლიანი მმართველობის უმძიმესი პრაქტიკით სახელგატეხილი „ნაცმოძრაობა“, როგორც ერთადერთი რეალური ალტერნატივა.

მიშა სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს მაშველ რგოლად თუ გამოადგება უკიდურესი გაჭირვების პირობებში, სხვად არაფრად. თუკი მიშა სააკაშვილი რეალურად ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში, ის 27%-იც, რომელიც ამ გამოკითხვაში „აირაი“-მ დაუწერა „ქართულ ოცნებას“, წამსვე გახდება 54 და 60%, იმდენად დიდია ქართული საზოგადოების მხრიდან სააკაშვილის მიუღებლობა. თუმცა სააკაშვილს სტაბილურად ჰყავს ამავე ქართული საზოგადოების 20% მხარდამჭერები. ასე რომ, როდესაც ყველაფერი კონტროლდება მმართველი ძალის მიერ (პოლიტიკური სპექტრი, მედია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი), სხვა რამეს არც უნდა ველოდოთ.

საინტერესო პასაჟი გაჟღერდა თქვენს კითხვაში, თუ რა არის სამოქალაქო საზოგადოება და მესამე სექტორი საქართველოში?! ეს კითხვა პოლიტიკურიცაა და ფილოსოფიურიც, იმდენად ძნელად განსასაზღვრია ამ სექტორის რაობა. ერთი მხრივ, ეს არის პატრიოტულად განწყობილი სხვადასხვა ყაიდის უფულო, უგრანტო არასამთავრობოები, მეორე მხრივ, ესენი არიან ძირითადად აშშ-სა და ევროკავშირის მიერ კარგად დაფინანსებული, დაგრანტული არასამთავრობოები, რომლებიც დაკავებულნი არიან არა ქართული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემების, მათ შორის, დემოკრატიის პრობლემების მოგვარებით, არამედ ინფორმაციის შეგროვებით თავიანთი დამკვეთებისთვის და მათი გავლენის გატარებით. თუ დასავლეთი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტინიორია და მე ამას ეჭვქვეშ არც ვაყენებ, მაშინ, თითქოსდა, არა უშავს ასეთ სიტუაციას, მაგრამ, როდესაც სამოქალაქო სექტორის ნაწილი მართულია უცხოეთიდან, ის უკვე ან არ იცნობს შენს პრობლემებს ჯეროვნად, ან ეფექტურად არ მუშაობს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, როცა პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია, ხალხს რაღა დარჩენია? ასეთ საზოგადოებაში დაჩაგრული რამდენიმე ადამიანი ძალიან დიდ საპროტესტო ტალღას იწვევს და ეს პროტესტი ჩვენ მივიღეთ კიდეც. ხელისუფლებამ არც ბათუმის გაკვეთილიდან გამოიტანა დასკვნა, არც „თეთრი ხმაურისა“ და ფაშისტების დაპირისპირებიდან. ახლა უკვე მივიღეთ მესამე ტალღა. ვარწმუნებ ხელისუფლებას, თუ ახლაც რეალურად არ შეაფასებს ვითარებას, ამას მოჰყვება მეოთხე ტალღა, რომელიც წინა ტალღებზე ათჯერ და ასჯერ მეტიც შეიძლება იყოს და პოლიტიკურად ფატალურად დასრულდეს დღევანდელი ხელისუფლებისა და მისი ლიდერებისთვის.

მეოთხე ტალღა „ნაციონალების“ მედროშეობით წამოვა?

– რეალურად არ ვიცი, ვინ ჩაუდგება სათავეში მეოთხე ტალღას. სულაც არ არის აუცილებელი, ესენი იყვნენ „ნაციონალები“, შეიძლება, ეს იყოს ხელისუფლებასთან გარკვეულ ფარულ ალიანსში მყოფი „ევროპული საქართველო“, ან პრორუსულად მოაზრებული რამდენიმე პარტია, მაგრამ რეალურად ასეთი ძალა გამოჩნდება. თუნდაც ახლა ბრიუსელში რომ არ ვიაროთ, გავიხსენოთ, რა მოხდა სომხეთში? ფაშინიანი გამოვიდა ქუჩაში, მისი პარტიული კუთვნილება პარლამენტში მცირერიცხოვან დეპუტაციას წარმოადგენდა და არანაირად არ იყო გადამწყვეტი, მაგრამ ფაშინიანი პიროვნულად გახდა მედროშე ამ პროტესტის, მან გადააყენა პრემიერი, შეცვალა მთავრობა, მერე გართულების ასაცილებლად თავისი პრორუსულობა და სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან დააფიქსირა. რეალურად თითქოს არც ჩანდა არანაირი საფრთხე სერჟ სარგსიანისთვის, მაგრამ ფაშინიანმა ეს ყველაფერი შეცვალა. აქაც დაახლოებით ამდაგვარი მოხდება, რაღაც ტალღა დაიძვრება, რომელიც ბევრ რამეს წალეკავს.

ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს და რაც არ უნდა მცირდებოდეს მისი რეიტინგი, მაინც ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიაა და 27-30%, ანუ საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე ამ ძალას უჭერს მხარს. თუმცა ამავე საზოგადოების მესამედი „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს ქმედით ნაბიჯებსა და პოლიტიკური პროცესის განახლებას, საზოგადოებასთან, პოლიტიკურ სპექტრთან შეწყვეტილი დიალოგის აღდგენას.

ბიძინა ივანიშვილმა იცის, რა პრობლემებიც დგას ქვეყნის წინაშე, პატრიოტი და ეროვნული კაცია და სურს, სიკეთე გაუკეთოს ქვეყანას, მაგრამ რა გზითაც ის მიდის, ეს საფრთხის შემცველია როგორც ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. ამის გაზიარება და გააზრება მმართველ გუნდს არ შეუძლია. თუმცა რომელ მმართველ გუნდზე ვსაუბრობ, როცა მმართველი გუნდი არის თვითონ ივანიშვილი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას პრინციპულად იღებს. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, პერსპექტივა უფრო რეალურად დაენახა ბიძინა ივანიშვილს და მის მრჩევლებს. ალბათ, მას ჰყავს მრჩევლები, რომელთაც მე, მართალი გითხრათ, არ ვიცნობ. სიტუაციის გადარჩენის შანსი მათ კიდევ აქვთ და შეუძლიათ, ვადამდელი არჩევნები დანიშნონ.

შესაძლოა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაერთიანდეს და დაინიშნოს 2019 წლის გაზაფხულზე. ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილს აქვს შანსი, ისევ შესთავაზოს ქვეყანას პერსპექტივის ხედვა და ამცნოს, რატომ ვერ გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთა და რის გაკეთებას აპირებს მომავალში. ასეთ შემთხვევაში, ის 27% შეიძლება ავიდეს 54%-მდე, რაც საკმარისია ხელისუფლებაში დარჩენისთვის, მაგრამ, თუ ახლა ისევ დროის გაყვანას შეეცდება ხელისუფლება, მისი რეიტინგი კიდევ უფრო დაქვეითდება და რომელიმე მომდევნო ტალღა სერიოზული უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის.

ნიკა გვარამიასგან და „მოდელირებული ქრონიკის“ ავტორებისგან დამოძღვრა ძნელი ასატანია, მაგრამ ზაზა სარალიძისა და სხვა შვილმკვდარი მამების გარდა აქციაზე უამრავი მოკლულის ახლობელი გამოდიოდა. გვესმოდა ტრაგედიები, მომიკლეს და, ძმა, ოჯახის წევრები, საქმეები კი შემოდებულია პროკურატურაში…  გახმაურებული საქმეების გარდა, არის დაფარული საქმეებიც, რომელსაც არ იძიებენ. თუკი გამომძიებლები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაშინ რა გზა რჩება საზოგადოებას, თუ არა ქუჩაში გადანაცვლება?  უცხოეთშიც ხომ ანალოგიურად მოიქცეოდნენ, თუკი სასამართლო, პროკურატურა უფუნქციო იქნებოდა?

– სამართლიანი მართლმსაჯულების თემა მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რის გამოც ხალხმა „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი გაუშვა ხელისუფლებიდან, იყო  სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგი, მაგრამ არის სერიოზული პრობლემა. ეს სისტემა, როგორც ძალმომრეობის იარაღი, სააკაშვილმა შექმნა ნულოვანი ტოლერანტობის მართლმსაჯულების პირობებში. სისტემა განუკითხაობაზე იყო დაფუძნებული და მისი ტრანსფორმაცია, ახალ რელსებზე გადაყვანა იმავე პერსონალური შემადგენლობით პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს თავიდანვე ჩანდა და ჩვენ ვიცით, სამართლიანობის აღდგენა რაოდენ დაბრკოლდა. ბევრი ადამიანი დღესაც ელის სამართლიანობის აღდგენას. ამას ობიექტური ფაქტორებიც აქვს, შესაძლოა, პოლიტიკური ნებაც არსებობდეს, მაგრამ საამისოდ ბერკეტები არ ჰქონდეს ივანიშვილს და ხელისუფლებას. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ თავის დროზე სააკაშვილმა მოკრიბა ნიჭიერი და პერსპექტიული იურისტები და „დაალაგა“ პროკურატურასა და სასამართლოში შერჩევებით, ტესტირებით. ის იძულებული იყო, ეს გაეკეთებინა, რადგან უფროსი თაობის იურისტების უმრავლესობა, რომელთა შორისაც ბევრი თავისი საქმის ბრწყინვალე მცოდნე იყო, საბჭოთა პერიოდში, ან კიდევ მის მომდევნო ეტაპზე, შევარდნაძის მმართველობის დროს დისკრედიტირებული იყო. მათი გამოყენება გაძნელდა, ახლები კი გამოუცდელნი იყვნენ და ძირითადად  განუკითხაობისა და ძალმომრეობის აპარატს ემსახურებოდნენ. ასე რომ, სად უნდა ეპოვა „ქართულ ოცნებას“ წესიერი, პატიოსანი, მშრომელი, განათლებული და, ამავე დროს, გამოცდილი კადრები?

მართალია, ეს არ ამართლებს ამ  ხელისუფლებას, მაგრამ ხსნის, თუ რატომ ვერ აღდგა სამართლიანობა. რა უნდა გაკეთებულიყო? არსებითად უნდა შეცვლილიყო სისტემა, რეფორმები ყველა სფეროში გატარებულიყო, მაგრამ ეს „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა. ამას დაემატა პოლიტიკური პროცესის შეჩერებაც და ჩვენ მივიღეთ ბუნტის რეალობა. ეს პროცესი მყისიერად თუ არ შეჩერდა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს. არადა, პოსტსაბჭოთა ყველა ქვეყანას დასამტკიცებელი აქვს, რომ მათ აქვთ არსებობისა და განვითარების, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების რეალური პერსპექტივა. კარგად ვიცით, როგორც შეიქმნა ცენტრალური აზიის ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. იქ ხივის სახანო იყო, ბუხარის ემირატი, როცა მეფის რუსეთი შევიდა შუა აზიაში. მერე უკვე საბჭოთა პერიოდში სტალინმა და სხვებმა მოხაზეს საბჭოთა რესპუბლიკები, გაანაწილეს ფერგანის ნაყოფიერი ველი. ახლა პირობითია მათი სახელმწიფოებრიობა, თუმცა უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრეები არიან ეს ხალხები. აქეთ წამოვიდეთ და გავიხსენოთ, კავკასიაში რამდენი გაყინული კონფლიქტია. თუკი ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ნავთობი და გაზი აქვს და ამით სოციალური პრობლემები შემსუბუქებულია, უფრო მძაფრად სულ სხვა პრობლემებია ამ ქვეყნებში – ფუნდამენტალიზმის გაძლიერება, ტოტალიტარული, ავტორიტარული რეჟიმების ჩამოყალიბება.

თუ ჩვენ წავედით ასეთი გზით და შევნატრეთ, ნეტაი ბელარუსს, რომ ლუკაშენკო ჰყავს, სწორედ მან შეინარჩუნა საბჭოთა მეურნეობები, ნეტაი ალიევს, რომ მორჭმით მართავს აზერბაიჯანს და ნეტავ ნაზარბაევს, რომელიც ჭკვიანი ლიდერია, ეს არასწორი მიმართულება იქნება. სინამდვილეში, ავტორიტარულ-ტოტალიტარულ რეჟიმებად ტრანსფორმაციას დიდი ნიჭიერება არ სჭირდება. მათგან განსხვავებით, მთავარია დემოკრატიული საზოგადოების პირობებში ცხოვრება, დემოკრატიულ პრინციპთა თანახმად სახელმწიფო ცხოვრების აგება.

თუნდაც ევროპის  ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ კეთილდღეობა და მშვიდობა ასეთ საზოგადოებას უფრო მოაქვს, ვიდრე ტოტალიტარულს, რომელიც შინაგანად დიდი აფეთქების მუხტის მქონეა. ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან მართლმსაჯულების მიღწევას ვერ ვახერხებთ. ნებისმიერ რეზონანსულ საქმეს სჭირდება საფუძვლიანი გამოძიება. პოსტფაქტუმ კი არ უნდა მოიწვიო უცხოელი გამოცდილი იურისტები, არამედ უნდა შესთავაზო მოპირდაპირე მხარეს, თუნდაც ის „ნაციონალებთან“ ალიანსში მყოფი იყოს, თავად დაასახელოს იურისტები, რომელთა ჩამოყვანაც სასურველია, ვიდრე ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდეს ეს პროცესი.

-თუკი, მოკლულის მამის თქმისა არ იყოს, მტკიცებულებები გაყალბებული და გამქრალია, მაშინ უცხოელების ჩამოყვანა აზრს კარგავს.

– ამასაც შეფასება სჭირდება. მტკიცებულებები ისეა გაყალბებული, რომ შეუძლებელია სიმართლის დადგენა, თუ იმის გამოა არასრულყოფილი, რომ გარკვეული დრო გავიდა მომხდარი ფაქტიდან? გარდა ამისა, გასაჭირში ჩავარდნილი ჩვენი მართლმსაჯულება ერთია, მაგრამ მეორეა ქართული მენტალიტეტი. ორი ახალგაზრდა მრავლობითი ჭრილობით დაიღუპა, ამ ჩხუბში ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობდა, მაგრამ ამ მასობრივი ინციდენტის მონაწილე პირთაგან არავინ იძლევა ფაქტობრივ ჩვენებას. ბრალდებულებიც იყენებენ დუმილის უფლებას, რაც მათ კონსტიტუციურად აქვთ მინიჭებული. ასეთ პირობებში ძალიან ძნელია, გამოძიებამ რეალური სურათი დაადგინოს.

ქართველებს დიდი ისტორია და კულტურა გვაქვს, მაგრამ, გარკვეულწილად, გვაქვს მენტალიტეტი, რომელიც მეზობლობს კრიმინალურთან. თუ ქართველმა დაინახა, რომ მეორე მოქალაქეს დაარტყეს დანა, ფიქრობს, რა ჩემი საქმეა, ჩავუშვა? ჩაშვების ინსტიტუტის მიუღებლობა აქვს ქართულ მენტალობას. თუმცა, თუკი სიმართლეს იტყვის, რამდენად დაცული იქნება სიმართლის მთქმელი? ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ახლა თუ ეს პროტესტი პოლიტიკურ აქციებში გადაიზარდა, აქ კიდევ მესამე და უმძიმესი თემა შემოდის. ჩვენ დამოუკიდებლობა იმისთვის გვინდა, რომ ნოვგოროდის ვეჩეს პრინციპით, ბღავილისა და ხმაურის დონის მიხედვით დავადგინოთ სიმართლე? მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

სუვერენიტეტი იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, სამართლიანად განვსაჯოთ ყველაფერი და ავტორიტეტული იყოს ყველა ადამიანი, ვინც სამართლადამცავ  სფეროში მოღვაწეობს, განსაკუთრებით, რეზონანსულ საქმეებთან მიმართებით. ამაზე დღევანდელი ხელისუფლება ვერ ზრუნავს, ან ნაკლებად ზრუნავს უუნარობის გამო.

For.ge

მანანა ნოზაძე

Share