Home » საზოგადოება » „თუ ბანკებს აეკრძალებათ არაპროფილური აქტივების ფლობა, იმ დღესვე გავასხვისებ PSP დაზღვევას“
„თუ ბანკებს აეკრძალებათ არაპროფილური აქტივების ფლობა, იმ დღესვე გავასხვისებ PSP დაზღვევას“

„თუ ბანკებს აეკრძალებათ არაპროფილური აქტივების ფლობა, იმ დღესვე გავასხვისებ PSP დაზღვევას“

„დღეს კომერციული ბანკები მთლიანად საქართველოს, როგორც ბიზნესს, ისე ადამიანებს ფინანსურ მონობაში ამყოფებენ,“— ასე ეხმაურება PSP ჯგუფის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი „კომერსანტთან“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის  პაატა ღაძაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „თიბისი დაზღვევასა“ და „თიბისი ბანკს“ შორის ბიზნეს ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს“.

როგორც ოქრიაშვილი განმარტავს, დღეს ბაზარზე არსებულმა ორმა ლიდერმა ბანკმა აუცილებლად უნდა გაყიდონ  მათივე საკუთრებაში არსებული  არაპროფილური ბიზნესები, კომპანიები და ნორმალურ საბანკო სისტემას დაუბრუნდნენ.

„მაგალითად, საქართველოს ბანკი ფლობს 2  სადაზღვევო კომპანიას, თბილისის წყალს და ასე შემდეგ. მთელ საქართველოს აქვს თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის გაუსტუმრებელი სესხები. ამ ორ ბანკს აქვს დამონებული მთელი ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, არ მიდის  ქვეყანა წინ. ის, რომ ამ ორმა ბანკმა  დაიმონა ქართველი ხალხი, პასუხისმგებლობა  ეკისრებათ პოლიტიკოსებს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან, ასევე „ქართულ ოცნების,“ მხრიდანაც— აცხადებს ოქრიაშვილი.

მისი  განცხადებით, სადაზღვევო კომპანიას  სხვა ბიზნესების ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს  და პირიქით, რადგან სადაზღვევოც ფინანსური ინსტიტუტია, როგორც ბანკი.  ასე იყო 2006 წლამდე.

„კომერსანტის“ კითხვაზე, ხომ არ მოდის აღნიშნული განცხადება წინააღმდეგობაში მისივე ბიზნეს ინტერესთან, გამომდინარე იქიდან, რომ PSP ჯგუფში შედის როგორც სადაზღვევო კომპანია, ისე საავადმყოფო და აფთიაქი, ოქრიაშვილი განმარტავს, რომ PSP ჯგუფი იძულებული გახდა არასამართლიან  წესებში ყოფილიყო ჩაბმული.

„არანაირი სურვილი არ გვაქვს სადაზღვევო კომპანიის ფლობის. როგორც კი ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა აეკრძალებათ, იმ დღესვე  გავასხვისებ PSP დაზღვევას,“— აცხადებს ოქრიაშვილი.

შეკითხვაზე, ახლა რატომ არ ასხვისებს PSP დაზღვევას, ოქრიაშვილი განმარტავს: „ვადაზე ადრე რატომ ჩავბარდე? ამ არასამართლიან წესებს აღარ შევებრძოლოთ? „— აცხადებს ოქრიაშვილი.

ბიზნესმენის  მიერ ბანკების მხრიდან არაპროფილური ბიზნესის ფლობის თემაზე “კომერსანტმა“ კომენტარი სთხოვა, როგორც საქართველოს ბანკის, ასევე თიბისი ბანკი შესაბამის უწყებებს.

 „კახა ოქრიაშვილის საპასუხოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბანკი არაპროფილურ აქტივებს არ ფლობს. ბანკების მხრიდან არასაბანკო აქტივების ფლობა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონით რეგულირდება. ამასთან, საქართველოს ბანკმა არაერთხელ განაცხადა, რომ „სს საქართველო ბანკი არ ფლობს არაპროფილურ აქტივებს. 2018 წლის 29 მაისს დასრულდა ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო ჯგუფის“ (BGEO Group PLC) გამიჯვნის პროცესი. 10 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, „ბიჯეო ჯგუფი“ გაიყო ორ დამოუკიდებელ ჯგუფად და საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC) საბანკო სფეროში განაგრძობს მოღვაწეობას, ხოლო საქართველოს კაპიტალი (Georgia Capital PLC) – საინვესტიციო მიმართულებით.

თითოეული ჯგუფის აქციები ცალ-ცალკე განთავსდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ივაჭრებს. თითოეულ ჯგუფს დამოუკიდებელი დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოები მართავს. შესაბამისად, საინვესტიციო კომპანია სს საქართველოს კაპიტალის (ან მისი ჰოლდინგური კომპანიის Georgia Capital PLC-ის) მიერ განხორციელებული ბიზნეს აქტივობები, მათ შორის ამა თუ იმ კომპანიაში ინვესტირება, არავითარ იურიდიულ და სტრუქტურულ კავშირში არ არის სს საქართველოს ბანკთან. ამავე დროს, საქართველოს ბანკი არ ფლობს ისეთი სახის აქტივებს, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არაპროფილურ აქტივებად შეიძლება იყოს მიჩნეული“. – განგვიცხადეს საქართველოს ბანკში.

რაც შეეხება თიბისი ბანკის, პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

commersant.ge

Share