Home » ახალი ამბები » თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან კომუნიკაციას თსუ-ის პროფესორები მხოლოდ ღია წერილის ფორმით ახერხებენ
თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან კომუნიკაციას თსუ-ის პროფესორები მხოლოდ ღია წერილის ფორმით ახერხებენ

თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან კომუნიკაციას თსუ-ის პროფესორები მხოლოდ ღია წერილის ფორმით ახერხებენ

თსუ-ის ეკონონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორმა ეკა ჩოხელმა დღეს თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის სახელზე ღია წერილი გაავრცელა, სადაც ფაკულტეტზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, საკონკურსო კომისიების დაკომპლექტების უმართებულო პრაქტიკასა და ინტერესთა კონფლიქტების წახალისების ფაქტებზე საუბრობს.

თსუ-ის რექტორისადმი პროფესორ ჩოხელის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ბატონო გიორგი,

იძულებული ვარ თქვენთან კომუნიკაციისთვის და ჩემს მიერ დასმულ, სრულიად ლეგიტიმურ კითხვებსა და საკითხებზე პასუხების მისაღებად ღია წერილის ფორმატი ავირჩიო. უკაცრავად, მაგრამ სხვა აკადემიური გზებით თქვენი უზენაესი ყურადღების მოპყრობა დღემდე ვერ შევძელი.

აქვე გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ღია წერილის ფორმატსაც არ მოჰყვება თქვენი მხრიდან ადეკვატური გამოხმაურება, იძულებული ვიქნები, ცხადია, კანონის ფარგლებში, ვიმოქმედო გაცილებით რადიკალური ფორმებით. დავსძენ იმასაც, რომ ჩემთვის, როგორც თსუ-ის პროფესორისთვის და ზოგადად, კარგად აღზრდილი ადამიანისთვის, უბრალოდ გაუგებარია იგნორირების ის პრაქტიკა, რასაც თქვენ, როგორც თსუ-ის რექტორი და ასევე, რამდენადაც ცნობილია, კარგად აღზრდილი ადამიანი, დღემდე პირადად ჩემი და ასევე ჩემი თანამოაზრეების მიმართ აწარმოებთ. უბრალოდ, მიკვირს, თორემ ნება თქვენია…

საქმე კი ის არის, რომ ოფიციალურად, წერილობით, ორჯერ (მათ შორის, პირველად მ.წ. 5 დეკემბერს, ანუ ორი კვირის წინ) გაცნობეთ, რომ ვადის ამოწურვის გამო თსუ-ის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის (რომელ პოზიციასაც ამჟამად მე ვიკავებ)  დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შემთხვევაში (რექტორისბრძანება №:270/01-01)  ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს. კერძოდ, აკადემიური საბჭოს 2018 წლის 3 დეკემბრის N 227/2018  დადგენილების მიხედვით საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნულია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, რომელიც წარმოადგენს მხარეს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე სასამართლო დავაში (საქმე N 3/5437-18)  აკადემიურ თანამდებობების დასაკავებლად 2018 წლის 11 მაისს (რექტორის ბრძანება №:109/01-01) გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით (მიზეზი-ინტერესთა კონფლიქტი, რადგან  გიორგი ღაღანიძემ თავისი საარჩევნო კომისია თვითონ დააკომპლექტა) და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

ბატონო გიორგი, ნუთუ გაუგებარია, რომ  სწორედ აღიშნული გარემოების გამო გიორგი ღაღანიძე ამ კონკურსში ჩემთან მიმართებით ობიექტური ვერ იქნება ?! ნუთუ ძნელი იყო, ან ახლა, ამ ეტაპზეა ძნელი, რომ მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და შეცვალოთ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავად ბ-ნი ღაღანიძე გაგდებთ უხერხულ და პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში)?!

სწორედ ამ გარემოების გამო მოგწერეთ ორჯერ ოფიციალურად, კანცელარიის გზით და ახლა მესამედ საჯაროდ გატყობინებთ ამ ერთი კონკრეტული, ეთიკასთან, სამართალთან თუ სამართლიანობასთან კატეგორიულად შეუსაბამო ფაქტის შესახებ და ვითხოვ თქვენს დაუყოვნებლივ რეაგირებას.

ბატონო გიორგი, სხვათა შორის, კომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა და თქვენი წაყრუება უსამართლობის და უზნეობის წახალისების ტოლფასია.

ბატონო გიორგი, აქვე, ამ ღია წერილით შეგახსენებთ იმასაც, რომ თქვენი მხრიდან იგნორირების პრაქტიკა პირველი არ არის და ჩემთან და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კიდევ რამდენიმე პროფესორთან მიმართებით, ეს ჩვევად გექცათ. გეტყვით, რომ ეს ცუდი და მავნე ჩვევაა…

ჩვენთვის გაუგებარია, როგორ უშვებთ იმ ფაქტს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პრაქტიკულად არ ინტერესდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განვითარებული, შეიძლება დაერქვას – „დედოვშინით“. როგორ უშვებთ, რომ პირადად არ ცდილობთ გაერკვეთ სიტუაციაში, თუ რატომ ჩივის სასამართლოში 8 პროფესორი და რატომ ითხოვს დეკანის არჩევნების და საკონკურსო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას. ნუთუ ეს ჩვეულებრივი ფაქტია, ბატონო გიორგი, და ნუთუ ეს ფაქტი არ გიქმნით უხერხულობას, რომ თქვენი რექტორობისას ერთ-ერთ წამყვან ფაკულტეტზე „მონასტერი აირია“ და რომ იქ არაფორმალური გავლენებით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი, რომელთა ხელდასხმულიც არის სწორედ თქვენი ნაქები და ნარჩევი ბ-ნი ღაღანიძე, რომელიც უკანონობას უკანონობაზე სჩადის? ბ-ნი ღაღინიძის ყველა უსამართლო სურვილის შესრულებით უნებლიედ ხომ არ ადასტურებთ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ თქვენც ამ პროცესების ერთ-ერთი არქიტექტორი ხართ ?! თუ რასათნ გვაქვს საქმე ?!

კიდევ ვამბობ – გაუგებარი და უხერხულია, თორემ ნება თქვენია…

დასასრულს კი, ისევ კონკრეტულ საკითხს დავუბრუნდები და კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვ, ჩემი სამართლიანი მოთხოვნის საფუძველზე აცილებულ იქნეს ბ-ნი ღაღანიძე საკონკურსო კომისიის არათუ თავმჯდომარეობიდან, არამედ საერთოდ შემადგენლობიდან“, – ნათქვამია თსუ-ის პროფესორ ეკა ჩოხელის ღია წერილში.

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

 

Share