Home » მსოფლიო » ტრამპი – „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ყოფნა მიზანშეწონილად მიმაჩნია
ტრამპი - „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ყოფნა მიზანშეწონილად მიმაჩნია

ტრამპი – „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ყოფნა მიზანშეწონილად მიმაჩნია

ვფიქრობ, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ყოფნა მიზანშეწონილია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუმინეთის პრეზიდენტთან კლაუს იოჰანისთან შეხვედრისას განაცხადა.

ტრამპის განმარტებით, ბევრი საკითხი, რასაც „დიდი რვიანის“ ქვეყნები განიხილავენ, რუსეთთან ერთად უნდა განხორციელდეს.

„თუკი ვინმე ამის გაკეთებას(რუსეთის დაბრუნებას) გადაწყვეტს, მე ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება მექნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტ ობამას „ჭკუაში მოატყუა“, რის გამოც ობამამ რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გაძევება მოინდომა.

შეგახსენებთ, რომ ეს დონალდ ტრამპის მიერ მსგავსი პოზიციის დაფიქსირების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. გასული წლის ივნისში, “დიდი შვიდიანის” (G7) სამიტის წინ მან განაცხადა, რომ რუსეთი ამ შეხვედრას უნდა დასწრებოდა. „მოგწონთ ეს თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს პოლიტიკურად არასწორი იყოს, რუსეთი ამ შეხვედრას უნდა ესწრებოდეს,“- განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, პუტინმა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „დიდი რვიანი“ მეტი აღარ არსებობს. „არის „შვიდეული“ და რუსეთი მზად არის მასთან იმუშაოს. როგორ შემიძლია მე დავბრუნდე ორგანიზაციაში, რომელიც არ არსებობს. დღეს ეს „შვიდეულია“. რაც შეეხება რვა სახელმწიფოს მუშაობის ფორმატს, ჩვენ არასდროს არაფერზე უარს არ ვამბობთ. „დიდი რვიანის“ შეხვედრის ჩატარების რუსეთის რიგი როცა იყო, ჩვენი პარტნიორები არ ჩამოვიდნენ. კი ბატონო, ჩვენ ნებისმიერ დროს ველოდებით სტუმრებს უკვე „შვიდეულის“ შემადგენლობით“, -განაცხადა პუტინმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი „დიდი რვიანის“ ფორმატის დაბრუნება უკრაინაში კრიზისის მოგვარებას დაუკავშირა. „ცხადია, რომ „დიდი რვიანის“ დაბრუნება, ასევე რუსეთის აბსოლუტურად ნორმალიზებული ურთიერთობების აღდგენა ევროკავშირთან უკრაინის საკითხის მოგვარებას გულისხმობს. ეს აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა მაკრონმა პუტინთან მოლაპარაკებების წინ.

„დიდი რვიანის“ წევრები ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი იყვნენ, თუმცა ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლის ივნისში G8-ის ქვეყნის ლიდერები სოჭში მორიგ სამიტზე აღარ გაემგზავრნენ და ფორუმიდან რუსეთი გააძევეს.

ipn.ge

Share