Home » ბიზნესი » “ტკბილი ქვეყანა” სექტემბრიდან შოკოლადის ხაზს გაუშვებს წარმოებაში
"ტკბილი ქვეყანა" სექტემბრიდან შოკოლადის ხაზს გაუშვებს წარმოებაში

“ტკბილი ქვეყანა” სექტემბრიდან შოკოლადის ხაზს გაუშვებს წარმოებაში

“მაღალი ხარისხი “ტკბილი ქვეყნის” წარმატების  განმაპირობებელი ფაქტორია, რომლის მეშვეობითაც ბაზრის 60%–ს ვიკავებთ”

კომპანია “ტკბილი ქვეყანა” 2005 წელს დაარსდა და ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო. მან მალევე შეძლო ქართულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება და მომხმარებლების მოწონების დამსახურება, რაც არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურმა პერსონალმა, არამედ უახლესმა ტექნოლოგიებმაც განაპირობა, რომლის შემოტანა ქარხანამ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებიდან განახორციელა. კომპანია დღესდღეისობით მრავალი სახეობის ტკბილეულს აწარმოებს, რომელიც გარდა მრავალფეროვნებისა, ხარისხითა და მაღალი კვებითი ღირებულებითაც გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ხშირად ანებივრებს მოხმარებელს ახალი პროდუქციით და ხშირად ითვალისწინებს მათ დამოკიდებულებასა და მოთხოვნას პროდუქციისადმი.

რამდენი სახეობის პროდუქციას აწარმოებს კომპანია ამ ეტაპზე, აკმაყოფილებს თუ არა წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებს, ბაზრის რამდენ პროცენტს იკავებს და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსებს” კომპანიის “ტკბილი ქვეყანა”  გაყიდვების მენეჯერი კახა ყურაშვილი ესაუბრა.

– დაახლოებით რამდენი სახეობის პროდუქციას აწარმოებს კომპანია “ტკბილი ქვეყანა” და რომელი მათგანი სარგებლობს მომხმარებელში ყველაზე დიდი პოპულარობით?

ვაწარმოებთ 120 მდე დასახელების პროდუქციას, რომელთაგან თითქმის ყველა საკმაოდ გაყიდვადია. ზოგადად ვცდილობთ, რომ მომხმარებლის სურვილის მიხედვით ვაწარმოოთ პროდუქცია. თუ რომელიმე სახეობა არაა მოთხოვნადი  ასეთ პროდუქტებზე დროსა და ენერგიას აღარ ვხარჯავთ.

ჩვენ პროდუქციას მიეკუთვნება ტორტები, პეჩენიები, პასკები. გვაქვს როგორც საცალო, ისე წონითი პროდუქტები. დაახლოებით 40 პოზიცია ჩვენი პროდუქციისა არის ვიაიპ გაყიდვადი, რაც ყოველდღიურად მზადდება და მაღალი გაყიდვებით გამოირჩევა. ალბათ 40-50 სახეობა არის საშუალოდ გაყიდვადი და დანარჩენი არის მცირე გაყიდვის მქონე პროდუქცია, თუმცა არა იმდენად მცირე, რომ არ გვიღირდეს მათი წარმოება. ასეთი პროდუქცია დღეში 100 ან 200 კილომდე მაინც იყიდება. ზოგი პროდუქტი არის სეზონური, შესაბამისად სეზონების მიხედვით იმატებს ან იკლებს მათზე მოთხოვნა. გვაქვს რამდენიმე ახალი პროდუქციაც, რომლის შესახებაც ჯერ მომხმარებლემა კარგად არ იცის, შესაბამისად ასეთი პროდუქტებიც არ გამოირჩევა დიდი გაყიდვებით, ამიტომ ვცდილობთ მომხმარებლები დავაინტერესოთ და მეტი მოთხოვნის შემთხვევაში გავზარდოთ მათი წარმოება.

-რამდენად აკმაყოფილებს თქვენი პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებს, როგორ და რა ტექნოლოგიით ხდება მისი წარმოება?

ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებს ნამდვილად აკმაყოფილებს, რაც იქედანაც ჩანს, რომ საფრანგეთი,საბერძნეთი,რუსეთი მრავალი სხვა ქვეყანა ჩვენი პროდუქციით დაინტერესებულია და ჩვენთან თანამშრომლობს. ჩვენ გავიარეთ არაერთი საერთაშორისო შემოწმება, რამაც არაერთხელ დაადასტურა ჩვენი ხარისხი. “ტკბილი ქვეყნის” პროდუქცია ნებისმიერ ევროპულ სტანდარტში ჯდება და ძალიან მალე ველით აისო სერტიფიკატის პასუხსაც, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ევროპაში საქონლის გასატანად. იყო ისეთი იდეაც რომ ვადების დაბალი დონის გამო გადაგვეტანა ჩვენი პროდუქცია საჰაერო გზით, თუმცა ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. არის 6 თვიანი ვადის მქონე მშრალი პეჩენიებიც, თუმცა მომხმარებელს უფრო იზიდავს ერთ ან ორ თვიანი ვადის მქონე პროდუქტები. შესაბამისად, საჰაერო გადაზიდვის იდეა ჯერ კიდევ ძალაშია, რადგან საზღვარგარეთ მაღალი ფასებია საკმაოდ და მიუხედავად ჩვენი პროდუქციის გაძვირებისა იგი მაინც კონკურენტუნარიანი იქნება. იყო შემოთავაზება ხელოვნურად ქიმიური დანამატების წყალობით ვადების გაზრდაზე, თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგები ვართ, რადგან ჩვენთვის უპირველესი პროდუქტის ხარისხია.

-ბაზრის რამდენ პროცენტს იკავებს თქვენი კომპანია და გეგმავთ თუ არა სამომავლოდ გაფართოებას?

დღესდღეობით დაახლოებით ბაზრის 50-60% გვიჭირავს, თუმცა სამომავლოდ კიდევ ვგეგმავთ გაფართოებას. თუ შარშან ამ დროს წლიური რეალიზაცია 2 მილიონს შეადგენდა, წელს  ეს მაჩვენებელი გაზრდილია და უკვე 3 მილიონზე ვართ ასული. ასე რომ, შედეგი ნამდვილად გვაქვს. მომხმარებელს ნამდვილად მოსწონს ჩვენი პროდუქცია, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს სიახლეების შემოტანასა თუ ახალი ბაზრების ათვისებისთვის.

-გაგაქვთ თუ არა პროდუქცია ექსპორტზე, რომელ ქვეყნებში და აპირებთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას?

ჩვენი პროდუქცია ამჟამად გადის ესტონეთში შედარებით დაბალი პორციებით, თუმცა ეს მათივე მოთხოვნა იყო პროდუქტის ვადების გამო. გარდა ესტონეთის სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გაგვაქვს პროდუქცია, თუმცა ევროპის ქვეყნებში გატანას ვერ ვახერხებთ იგივე ვადების გამო. მიუხედავად ამისა, დაინტერესება უცხოეთიდან საკმაოდ მაღალია. შემოგვთავაზეს კიდეც რამდენიმე ფილიალის გახსნა საზღვარგარეთ, რომ ვადებთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა.

დოჰაში გვქონდა მსგავსი შემოთავაზება და სლოვაკეთშიც უნდოდათ, რომ გაგვეხსნა ფილიალი, რომელსაც ერქმეოდა “ტკბილი ქვეყანა” და ჩვენი ტექნოლოგიებით დავამზადებდით იგივე პროდუქციას, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ქართულ ბაზარზე მოგვეხდინა კონცეტრირება. ვმუშაობთ იმაზე, რომ საჰაერო გზით მოხდეს ჩვენი პროდუქციის გატანა და ამ გზით შევძლოთ შორეულ ქვეყნებში გასვლაც.

-ტკბილი ქვეყანა ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს,იგი  მომხმარებლებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. რა არის თქვენი საიდუმლო და უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით?

ვიტყოდი, რომ ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი ხარისხია. ადრე საქართველოს ბაზარზე ვყიდულობდით ნედლეულს რადგან სხვა გასაქანი არ გვქონდა, თუმცა თანახმა ვიყავით შეგვესყიდა მაღალი ხარისხის ნედლეული თუნდაც უფრო მაღალ ფასად. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბაზარზე მაღალი ხარისხის ნედლეული არ შემოდის ვერ ვღებულობდით იმ ხარისხს რაც გვინდოდა, ამიტომ დავიწყეთ საზღვარგარეთ მათი შეძენა. დღესდღეობით, ნედლეულის 90% ჩვენ თვითონ შემოგვაქვს იმ ქვეყნებიდან სადაც ხარისხი საკმაოდ მაღალია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ კომპანიას სხვა კომპანიებთან შედარებით დაბალი ფასები აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ხარისხით გამოირჩევა. ჩვენგან განსხვავებით სხვებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც კარაქი, ფქვილი და შაქარი ჩამოიტანონ უცხოეთიდან. მაგალითად, ჩვენ შემოგვაქვს პოლონური შაქარი, მაშინ როცა საქართველოში მასიურად იყიდება უკრაინული. ფასებს რაც შეეხება, ქართულ ბაზარზე ფასებით კონკურენციის გაწევას არ ვაპირებთ, რადგან თვითღირებულება აშკარად ჩვენ პროდუქციას უფრო მაღალი აქვს. მეორე მომენტია ის, რომ ჩვენი ფასის ცვლილება ავტომატურად დანარჩენი კომპანიების ფასების ცვლილებასაც იწვევს. ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორია ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიები  და პერსონალი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი და მცოდნეა. ხშირად ვთანამშრომლობთ უცხოელ ტექნოლოგებთან, ვიზიარებთ მათ გამოცდილებას და ყველა სიახლეს ვცდილობთ რომ ფეხი ავაყოლოთ.

-ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობით იმპორტირებული ტკბილეული შემოდის, რამდენად უშლის ეს ფაქტი ხელს თქვენს და ბაზარზე არსებული სხვა ადგილობრივი კომპანიების საქმიანობასა და განვითარებას?

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში არ არსებობდა ქართული წარმოების საკონდიტრო პროდუქტი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, კონკრეტულად კი საბჭოთა კავშირის შემდეგ, ძირითადად შემოდიოდა რუსული და უკრაინული პროდუქცია. თუმცა, თუ შევხედავთ დღევანდელ სიტუაციას ვნახავთ, რომ თითქმის 80% უკვე ქართულ პროდუქციას უჭირავს ჩვენს ბაზარზე. ამ კუთხით თუ განვიხილავთ, ვნახავთ რომ ქართულმა პროდუქციამ შეავიწროვა უცხოური პროდუქცია და საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ უცხოური ნაწარმი საერთოდ არ იყოს წარმოდგენილი იმიტომ, რომ ეს მაინც ქმნის კონკურენციას, მრავალფეროვნებას და სიახლეებს რაც საჭიროა ბაზრისთვის, თუმცა ქართული წარმოების განვითარება მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.

-რა სამომავლო გეგმები გაქვთ, აპირებთ თუ არა გაფართოებას და ახალი პროდუქციის გამოშვებას?

ჩვენ 2005 წლიდან ვართ ქართულ ბაზარზე და მე ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად ვხედავ ამ კომპანიის ზრდას. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომპანია დასაწყისში რა დონეზეც იყო დღეს მასზე 4-ჯერ უფრო მაღალ დონეზე დგას. ეს ეხება როგორც თვითონ კომპანიის ფართობს, ისე წარმოების მოცულობასაც. მაგალითად, თუ ადრე შედარებით ცოტა პროდუქციას ვაწარმოებდით, დღეს 500-600 ტონაზე ავდივართ. მასშტაბების მხრივაც გავფართოვდით, დავამატეთ მეორე სართული, სადაც კრეკერების მიმართულება იწარმოება. ეს ფართი დაყოფილია უბნებად სხვადასხვა პროდუქციის დამზადების მიხედვით, მაგალითად ვაფლების, ჩიტის რძისა და მარმელადების განყოფილებად. ხელით შრომისთვისაც ცალკე საწარმოა გამოყოფილი, ანუ ისეთი პროდუქციისთვის რისი დამზადებაც მოწყობილობებოთ ვერ ხდება. ასევე ვაპირებთ მესამე სართულის ათვისებასაც, სადაც დაიწყება კანფეტების წარმოება. ეს ჩვენი კომპანიისთვის სიახლე იქნება და მოიცავს, როგორც შოკოლადის ისე სხვა ტიპის კანფეტებს, შოკოლადის ფილებსა და ბანბანერკებს. დაახლობით, სექტემბერში ან ოქტომბერში უკვე  გვექნება ჩვენი პირველი პროდუქტები ამ მიმართულებით, რადგან შენობა მზადაა დანადგარებიც შეკვეთილია და უახლოეს მომავალში ველოდებით მათ ჩამოტანას. დიდი იმედი გაქვს, რომ ჩვენი ახალი პროდუქცია მომხმარებელშიც დიდი მოწონებას დაიმსახურებს.

ესაუბრა მარიამ აბრამიშვილი

Share