Home » საზოგადოება » თიბისიმ მრავალშვილიან თანამშრომლებს 50000 ლარი აჩუქა
თიბისიმ მრავალშვილიან თანამშრომლებს 50000 ლარი აჩუქა

თიბისიმ მრავალშვილიან თანამშრომლებს 50000 ლარი აჩუქა

თიბისიმ თავის თანამშრომლებს, რომლებსაც ხუთ შვილზე მეტი ჰყავთ, 50 000 ლარი აჩუქა. საჩუქარი თიბისის ორმა თანამშრომელმა მოულოდნელად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან მიიღო.

თიკას და ანას მეექვსე და მეშვიდე შვილები შეეძინათ და ამის ფონზე თიბისიში მუშაობის გამოცდილებაზე საუბრობდნენ, რა დროსაც ოთახში მუსიკა ჩაირთო. სხვა თანამშრომლები მათ გარშემო შეიკრიბნენ, ამ დროს კი ვახტანგ ბუცხრიკიძე და მამუკა ხაზარაძე შემოვიდნენ ოთახში, რომლებმაც თიკას და ანას 50 000 ლარიანი ჩეკი გადასცეს.

თიკო დემეტრაძე

“ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ამ საჩუქრის მიღება”, – ამბობს თიკა დემეტრაშვილი. “ყოველთვის ვამბობდი, რომ თიბისი ნამდვილი ოჯახი იყო, რომელშიც ყოველი წუხილი თუ სიხარული საერთოა”, – დაამატა მან.

თიკამ მეშვიდე შვილი რამდენიმე დღის წინ გააჩინა და მას რუსუდანი დაარქვა. ამბობს, რომ ოჯახში მატება მისთვის ყოველთვის დიდი სიხარულია, მითუმეტეს, რომ კომპანია მრავალშვილიან ოჯახებს დიდ შეღავათებს სთავაზობს. მას არასდროს ჰქონია დეკრეტული შვებულების აღების პრობლემა, თუმცა სრულ ვადას თითქმის არ იყენებს.

“თიბისის საუკეთესო დამოკიდებულება აქვს თავის თანამშრომლებთან, რომლებსაც მრავალი შვილი ჰყავთ. სამსახურში განსხვავებული გრაფიკი გვაქვს, დაგვიანება გვეპატიება და ადრე წასვლის საშუალებასაც გვაძლევენ. დეკრეტში რომ გავდივარ, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის დავბრუნდები, რადგან აქ მეორე ოჯახი მელოდება”, – გვითხრა თიკამ.

ზუსტად არ იცის რაში დახარჯავს საჩუქრად მიღებულ 50 000 ლარს, მაგრამ ამბობს, რომ შვიდი შვილის პირობებში თანხის განაწილება არ გაუჭირდება.

“იცით, როცა შვიდი შვილი გყავს, გაცილებით მარტივია ასეთი თანხის განაწილება”, – ამბობს შვიდი შვილის დედა On.ge-სთან საუბარში.

მრავალშვილიანი ოჯახების წახალისება თიბისის ტრადიციის ნაწილია, რომელსაც კომპანია რამდენიმე წელია ერთგულად მისდევს. თანამშრომლები, რომლებსაც ოთხი შვილი ჰყავთ, 10 000 ლარით ჯილდოვდებიან, ხოლო ხუთ და მეტ შვილიან ოჯახებს კი საჩუქრად 50 000 ლარი გადაეცემათ.

წყარო:on.ge

Share