Home » ახალი ამბები » „თიბისი ბანკის“ ინიციატივით, იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდება
„თიბისი ბანკის“ ინიციატივით, იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდება

„თიბისი ბანკის“ ინიციატივით, იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდება

„თიბისი ბანკის“ ინიციატივით იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თიბისი ბანკი“, ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, თავის ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს, იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. ასევე, ტრენინგები სექტემბერში დაიწყება და მასზე დასწრება რეგისტრაციის გავლის შემდეგ თავისუფალია.

„2019 წლიდან იჯარის აღრიცხვიანობისა და მართვის ახალი სტანდარტი (ფასს 16) დაინერგება, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის მოიჯარის მიერ აღრიცხვიანობის სტილს, იჯარის განმარტებასა და მსგავსი ტრანზაქციების მართვის პროცესს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „თიბისი ბანკის“ განცხადებაშია აღნიშნული, ტრენინგის თემის აქტუალობა სფეროში მიმდინარე ცვლილებებმა განაპირობა და თიბისის გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირებს დარგის სიახლეებს Savvy Consulting-ის მმართველი პარტნიორი, მარიამ ქოიავა გაუზიარებს.

“თიბისი პირველი კომპანიაა, რომლის ინიციატივითაც იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ღია ტრენინგი ჩატარდება. ველოდებით იმ მიზნობრივ აუდიტორიას, რომლისთვისაც აღნიშნული თემა მათი საქმიანობიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დამსწრეები სამი საათის განმავლობაში, მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს მიიღებენ“, – აცხადებს მარიამ ქოიავა.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ტრენინგზე IFRS 16-ისა და IFRS for SME იჯარის კომპონენტების განხილვასთან ერთად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ახალ სტანდარტებსაც შეისწავლიან.

გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში აუდიტორია გაეცნობა ფასს 16-ის სტანდარტის ძირითად სიახლეებს; მიმოიხილავს იმ ძირითად სექტორებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხება; გაეცნობა სტანდარტის ძირითად გამონაკლისებს; დასახავს ახალ სტანდარტზე გადასვლის სამოქმედო გეგმას; გაეცნობა იმ ფინანსურ კოეფიციენტებს, რომლებიც შეიცვლება ახალი სტანდარტის ამოქმედების შედეგად.

„IFRS-ის ტრენინგი ბიზნესგანათლების პროგრამის ნაწილია, რომელსაც თიბისი ბანკი 2014 წლიდან ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს. ბანკის ეგიდით ტარდება ტრენინგები, კონფერენციები, მასტერკლასები, B2B და აგროფორუმები და მათში მონაწილეობა ყველა მსურველისთვის სრულად დაფინანსებულია. ბიზნესგანათლების კომპონენტით უკვე 15 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა.

თიბისი ბანკის მომავალი ტრენინგების თემატიკა კონკრეტულ სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესაბამისად შეირჩევა“, – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ტრენინგზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. რეგისტრაციის, ასევე ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbusiness.ge/ka/Trainings/IFRS-siaxleebi-ijara.

Share