Home » ბიზნესი » “თიბისი” 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს
"თიბისი" 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს

“თიბისი” 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს

“თიბისი ბანკი” 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, დამატებით პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს გამოუშვებს.

„თიბისის” ინფორმაციით, აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,75%-ით განისაზღვრა. მათივე ცნობით, ეს იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ემისია კავკასიის რეგიონში, ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით.

„ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 3 ივლისს განთავსდება. დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული ბირჟისა და საბანკო სექტორის ისტორიაში და ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

ობლიგაციებს გამოუშვებენ ბაზელი 3 სტანდარტების მიხედვით და ჩაითვლება “თიბისი ბანკის” პირველად კაპიტალში, რაც მათი ცნობით, კიდევ უფრო გააძლიერებს ბანკის კაპიტალიზაციის დონეს.

აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს, “თიბისი ბანკის” მიერ 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განთავსდა როგორც ირლანდიის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟებზე. ორი კვირის განმავლობაში, “თიბისის” მიერ მოზიდული ჯამური თანხა 425 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“ , -აღნიშნულია ინფორმაციაში.

„300 მილიონი დოლარის ვადიანობაა 5 წელი. ძირითადად თანხები მოხმარდება მცირე და საშუალო ბიზნესისა და კორპორატიული ბიზნესის დაფინანსებას, ხოლო გუშინდელი ტრანზაქცია, რომელიც განხორციელდა 125 მილიონი დოლარის ფარგლებში, ეს დაეხმარება “თიბისი ბანკს”, გაზარდოს კაპიტალი, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა“, – განაცხადა “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა „თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ.

„აღნიშნული შედგება 2 ემისიისგან. ერთი ემისია გუშინ დასრულდა, ეს იყო 115 მილიონი და ეს არის კაპიტალის ინსტრუმენტი. აქ გვაქვს ფასთან საქმე 10, 75-თან, რომელიც ამ რეგიონში ყველაზე დაბალი ფასია. ევროობლიგაციები, რომლებიც დაიხურა 2 კვირის წინ, ეს არის 300 მილიონი. აქაც უპრეცედენტოდ საუკეთესო ფასი გვაქვს, რაც მანამდე ყოფილა კუპონის კუთხით,” – განაცხადა “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ.

ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, “თიბისი ბანკის” შვილობილ კომპანია – თიბისი კაპიტალთან ერთად. Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც “თიბისი ბანკის” იურიდიული მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესს წარმოადგენს.

Share