Home » ბიზნესი » ტექნიკის ბაზარზე განვადების ახალი სისტემა ამოქმედდება
ტექნიკის ბაზარზე განვადების ახალი სისტემა ამოქმედდება

ტექნიკის ბაზარზე განვადების ახალი სისტემა ამოქმედდება

ახალმა საბანკო რეგულაციამ სავაჭრო ობიექტებს რეალიზაცია 1/3-ით შეუმცირა. განვადება თითქმის შეჩერდა, ამიტომ ტექნიკის მაღაზიები ჩიხიდან გამოსავალს ეძებენ. არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა ობიექტმა მომხმარებელს საყოფაცხოვრებო ტექნიკა ახალი სტანდარტით – შიდა განვადებით შესთავაზოს. მაღაზიებისთვის მომხმარებლების შენარჩუნება ახლა მთავარი ამოცანაა.

ტექნიკის მაღაზია “ტექნო ბუმის” მფლობელი ანზორ ქოქოლაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ ისევ ბანკის მეშვეობით დამტკიცებული განვადებით ყიდიან ნივთებს და ამ მხრივ არანაირი სიახლე არ დაუნერგავთ. მას უჭირს იმაზე საუბარი, თუ რა სისტემით ჩაანაცვლებენ ან საერთოდ ექნებათ თუ არა შიდა განვადების სერვისი.

“ჯერ ვერაფერ ახალს ვერ ვთავაზობთ კლიენტებს, ვგულისხმობ ახალ სისტემას, რომელიც განვადებას ჩაანაცვლებს. მაგალითად, შიდა განვადების მსგავსს. ჯერჯერობით ისევ ბანკიდან გაცემული სესხის მეშვეობით იძენს მომხმარებელი სასურველ ნივთებს, თუმცა აქტივობა შემცირებულია.

რაღაც სხვა სისტემა ნამდვილად უნდა დაინერგოს. საამისოდ კონსულტაციებიც გავიარეთ პარტნიორ ბანკებთან, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ჯერ არ არის. უშუალოდ კომპანიებმა რომ შემოიღონ შიდა განვადება, ეს საკმაოდ რთული პროცესია და ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება”, – განაცხადა ქოქოლაძემ.

ამ საკითხზე “რეზონანსი” ტექნიკის სხვა მსხვილ მაღაზიებსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს. რაც შეეხება შედარებით მცირე მაღაზიებს, რომლებიც სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებებში მდებარეობენ, ახალმა რეგულაციამ მათაც დიდი პრობლემა შეუქმნა. ისინი, დიდი ქსელებისგან განსხვავებით, შიდა განვადების საკუთარ ვერსიაზე უკვე მუშაობენ, რათა კლიენტები ამ გზით შეინარჩუნონ.

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, წლებია, მერაბ ბერაძეს ტექნიკის მაღაზია აქვს გახსნილი. მას უკვე საკუთარი კლიენტებიც ჰყავს და მათვის განვადების ახალი სისტემის შემუშავებას აპირებს. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, თავიდან მხოლოდ ნაცნობ მომხმარებელზე გავრცელდება ახალი შეთავაზება, შემდგომში კი ფართო სეგმენტზე გასვლას ბაზარი დაარეგულირებს.

“ახალი რეგულაციის შემდეგ მომხმარებელს თუ სესხი არ დაუმტკიცდა თუნდაც მცირე ტექნიკის შესაძენად, რასაკვირველია, რეალიზაციის მაჩვენებელი შეგვიმცირდება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ვეძებთ გამოსავალს. რამდენიმე მაღაზიის მფლობელი, მათ შორის პირადად მეც, ვაპირებთ, რაღაც შევიმუშაოთ, თუნდაც შიდა განვადების მსგავსი სისტემა. რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, გავრცელდება ნაცნობ კლიენტებზე, უცხოებზე ნივთების ამ პირობით გაყიდვა სარისკოდ მიმაჩნია.

საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ არის უძრავი ქონება, რომ კონტრაქტი გააფორმო და თანხის სანაცვლოდ ბინა ან მანქანა ჩადო. ველოდებით შედეგს და მოვლენების განვითარებას, ყველაფერს მაინც მოთხოვნა და ბაზარი არეგულირებს. ასე რომ, ამ მიმართულებით რაღაც უნდა შეიცვალოს”, – უთხრა “რეზონანსს” ბერაძემ.

მომხმარებლები ახალ საბანკო რეგულაციას უკმაყოფილოდ ხვდებიან. ისინი განვადებით ვეღარ სარგებლობენ და საჭირო ნივთებს ვეღარ იძენენ. ლია ელიკაშვილი იმედოვნებს, რომ სავაჭრო ქსელები ახალ სისტემას შესთავაზებენ კლიენტს, რომლის მეშვეობითაც კვლავ შეეძლებათ სასურველი ნივთების ყიდვა.

“შეიძლება ყოველდღიურად არ ვიძენდეთ ტექნიკას, მაგრამ როდესაც ამის აუცილებლობა გაჩნდება, ვერაფერს გავხდებით. დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე ელემენტარულ ნივთს ვერ შევიძენთ, სარეცხის მანქანასა და მაცივარს ვერ გამოვცვლით. ასე სანამდე გაგრძელდება? იმედია, რაღაც ალტერნატიულ ვარიანტს შემოგვთავაზებენ სავაჭრო ობიექტები და მიუხედავად რეგულაციისა, ისევ ჩვეულებრივად მოვახერხებთ საჭირო ნივთების შეძენას”, – უთხრა “რეზონანსს” ელიკაშვიმა.

წყარო: resonancedaily.com

Share