Home » ახალი ამბები » ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული სანქციების დაწესება, შესაძლოა, ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით განხორციელდეს
ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული სანქციების დაწესება, შესაძლოა, ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით განხორციელდეს

ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული სანქციების დაწესება, შესაძლოა, ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით განხორციელდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე კონფერენციას – „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ნინო ჯავახაძის თქმით, სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ორგანო, ახორციელებს არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების აღსრულებას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო განიხილავს შესაძლებლობას, რათა სანქციების დაკისრება განხორციელდეს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით.

კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები შეაფასეს.

ორგანიზაციამ – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ამ მიმართულებით თავისი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სუზან კუტორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, არასამთავრობო, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ძალაში შევიდა კომერციული თუ საჯარო იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება დიდი მოცულობის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან კი – ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
Share