Home » საზოგადოება » ტენდერი შედგა – რამდენ ხანში შემოვა თბილისში ახალი ავტობუსები
ტენდერი შედგა - რამდენ ხანში შემოვა თბილისში ახალი ავტობუსები

ტენდერი შედგა – რამდენ ხანში შემოვა თბილისში ახალი ავტობუსები

ახალი ავტობუსების შეძენაზე დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი შედგა. ამ ეტაპზე გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მესამედ გამოცხადდა და მეორე ტენდერში დისკვალიფიცირებულმა კომპანიამ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა, რომელიც ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო.

სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 მლნ ლარი იყო, გამარჯვებულმა კომპანიამ წარდგენილ წინადადებაში სწორედ ეს თანხა დაასახელა.

საუბარია, 90 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე. ამასთან, როგორც კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ავტობუსების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეა. 

ცნობისათვის, თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, მესამედ 5 ივლისს გამოაცხადა, საბუთების მიღება 13 ივლისს დაიწყო და 16 ივლისს დასრულდა. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ ავტობუსების შეძენაზე გამოცხადებულ წინა (მეორე) ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო ტენდერიდან დისკვალიფიცირდა. ცნობისთვის, ის მაშინაც ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც შესყიდვაში მიიღო მონაწილეობა.

წყარო – bpn.ge

Share