Home » ფინანსები » ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები – კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით
ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები - კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით

ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები – კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით

არის თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სისტემა კორუფციული გარიგებების ეპიცენტრში

სახელმწიფო შესყიდვები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა როგორც ბიზნესის, ისევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ხშირია საუბრები ტენდერებსა და პირდაპირი მიყიდვით გზით შესყიდვებში არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, რადგან საკითხი სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილ ფულად სახსრებსა და მის რაციონალურ ხარჯვას ეხება.

2015 წელს პირდაპირი შესყიდვების მოცულობა მთლიან მაჩვენებელში იყო 32%, 2016 წელს 38%, 2017 წელს კი 25%. რამდენად გამჭვირვალედ ტარდება საქართველოში ტენდერები, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას სახელმწიფო შესყიდვების და რა არის გამოსასწორებელი ამ მიმართულებით, “ბანკები და ფინანსები” შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ, გიორგი ბაჯელიძეს ესაუბრა.

ბაჯელიძის თქმით, სახელმწიფო შესყიდვებში მთავარი გამოწვევა არის გამარტივებული შესყიდვები, ანუ ის შესყიდვები, რომელიც ტენდერის გარეშე ტარდება.

“სახელმწიფო შესყიდვებში მთავარი გამოწვევა არის გამარტივებული შესყიდვები, ანუ ის შესყიდვები, რომელიც ტენდერის გარეშე ტარდება. როგორც წესი, მას ახასიათებს საკმაოდ დიდი კორუფციული რისკი. ამ დროს იზღუდება მონაწილეების რაოდენობა და ტარდება სრულიად გაუმჭვირვალედ. ასეთი ტენდერები არსად არ ცხადდება. შემსყიდველი იწვევს თავისი მოსაზრებებიდან და თავისი შეხედულების მიმართ მხოლოდ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც შემდეგ წარადგენენ ფასს. ამიტომ, ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვებია, სადაც დიდი კორუფციული ნიშნები შეიმჩნევა.

2015 წელს პირდაპირი შესყიდვების მოცულობა მთლიან მაჩვენებელში იყო 32%, 2016 წელს 38%, 2017 წელს კი 25% იყო, მაგრამ 2017 წლის მაჩვენებელი არასწორად, უფრო სხვანაირად იყო დათვლილი. მთლიანი წილის თითქმის მესამედი და მეოთხედი ტარდება ტენდერების გარეშე, რაც სერიოზული პრობლემაა. ევროკავშირის და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა რომ ავიღოთ, იქ გამარტივებული შესყიდვები ტარდება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ, ფორსმაჟორულ შემთხვევებში. მისი წილი არ აღემატება 3-5%-ს. შესაბამისად, ჩვენთან ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა”, – აცხადებს ბაჯელიძე.

ბაჯელიძე იმ სექტორებზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც წლებია შეინიშნება კორუფციული გარიგებების რისკები. მისივე თქმით, კორუფციული ნიშნები შეიმჩნევა ავტომობილების შესყიდვის, სამედიცინო აპარატურების შეძენის, წამლების, პრეპარატების, იგივე ფაროსანას საკითხის მიმართულებით ჩატარებულ ტენდერებსა და პირდაპირი წესით შესყიდვებზე.

“ყველა ტენდერი, რომელიც ტარდება, აღირიცხება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. ყველა ტენდერში მონაწილეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ხედავს, შეუძლია პროცესის კონტროლი, შეუძლია სატენდერო პირობების გასაჩივრება, გაასაჩივროს სატენდერო კომისიის ქმედება და, შესაბამისად, ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ პროცესი გამჭვირვალეა. თუმცა, აქ შეინიშნება სხვა ტიპის პრობლემები. მაგალითად, რიგ ტენდერებში ხდება პირობების მორგება კონკრეტულ ფირმაზე. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ავტომობილების შესყიდვის მიმართულება. აქ რამოდინემე კომპანია აკონტროლებს ბაზარს. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც შეიძლება დავასახელო არიან “იბერია ჯგუფი” და “იბერია მოტორს ჯგუფი”, რომლებიც წლების განმავლობაში მარტო თვითონ არიან მხოლოდ ერთი მონაწილე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შესყიდვებს რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ 10-12 წელია ერთი და იგივე კომპანია ყიდულობს მანქანებს. ეს არის პატრულის მანქანები. ტენდერი ცხადდება, მაგრამ მას ფორმალური ხასიათი აქვს. ერთადერთი შემთხვევა აქ “ფორდების” შემოყვანის შემთხვევა იყო. ამის შემდგომ ისევ “იბერია ჯგუფს” დაუბრუნდა, თუმცა ამ დროს შესაძლებელია, რომ ისეთი პირობები ჩაიდოს ტენდერის პირობებში, რომ სხვა კომპანიებმაც შეძლონ მონაწილეობის მიღება. დღეის მდგომარეობით ამ ტენდერებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ “ფოლკსვაგენებს” და “შკოდებს” შეუძლიათ.

ავტომობილების გარდა კიდევ უამრავი სფერო არის სადაც კორუფციული ნიშნები შეიმჩნევა. მაგალითად, სამედიცინო აპარატურების მიმართულებით, წამლები, პრეპარატები, იგივე ფაროსანას საკითხი, რომლებშიც შეინიშნება პრობლემები.

ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ხდება ამ ტენდერების უტილიზაცია. ერთი სტანდარტული ფორმა, ერთი სტანდარტული მიდგომა არ არსებობს. მაგალითად, ვთქვათ ერთი ორგანიზაცია აცხადებს სამშენებლო ტენდერს და მეორე ორგანიზაციაც აცხადებს სამშენებლო ტენდერს, წინასწარი ღირებულება დაახლოებით არის მილიონი ლარი. ერთმა შეიძლება გამოაცხადოს ტენდერი და თქვას, რომ მე ვითხოვ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჰქონდეს მას ბრუნვა 5 მილიონი სიტყვაზე და ორი მსგავსი ტიპის სამუშაო ჰქონდეს ჩატარებული ბოლო 5 წლის განმავლობაში. მეორემ შეიძლება თქვას იგივე მილიონიან სამუშაოზე, რომ ის ითხოვს ბრუნვა ჰქონდეს იგივე სამუშაოზე ბოლო სამი წლის განმავლობაში წლიურად ნახევარი მილიონი ლარი და ერთი მსგავსი ტიპის სამუშაო ჰქონდეს ჩატარებული. ანუ, სხვადასხვა პირობები გამოაცხადონ ერთი და იგივე ტიპის და ღირებულების სამუშაოს შესასრულებლად. ეს სერიოზულ პრობლემას იწვევს.

გიორგი ბაჯელიძე სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ხარვეზებისა და რისკების პრევენციის მიზნით, შესყიდვების სააგენტოს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების აუცილებლად გაზიარებას ურჩევს.

“ამ დროს არსებობს რეკომენდაციები. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე შეგვიძლია ვნახოთ რეკომენდაციები და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, სადაც გაწერილია ზუსტად რამდენი უნდა მოითხოვოს ბრუნვები, რა კვალიფიკაციები უნდა მოითხოვოს შემსყიდველმა, მაგრამ ამ რეკომენდაციებს ნებაყოფლობითი ხასიათი აქვთ. შემსყიდველი ორგანიზაციები ხომ ბევრია, მათ შეუძლიათ ეს წაიკითხონ, გაითავლისწინონ ან არ გაითვალისწინონ და შემდგომ თავისი შეხედულებისამებრ გამოაცხადონ ტენდერი.
ამიტომ, რეკომენდაციების სახით რომ ეს სფერო მოწესრიგდეს შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო შესყიდვები სააგენტომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს და დაავალდებულოს შემსყიდველი ორგანიზაციები, რომ ეს რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის დირექტივებით და მსოფლიო ბანკის გამოცდილებით არის გაწერილი, უნდა გახდეს სავალდებულო, რათა შემსყიდველს ლავირების საშუალება არ ჰქონდეს.

მეორე, მაქსიმალურად შემცირდეს გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა რასაც სჭირდება პოლიტიკური ნება, იმიტომ რომ შესყიდვების სააგენტო ვერ უზრუნველყოფს სამინისტროების მოთხოვნების უგულებელყოფას. ასევე, სახელმწიფო შესყიდვების კანონიდან უნდა ამოვიდეს მეათე მესამე პრიმა დ-მუხლი, სადაც წერია, რომ საზოგადოებრივ და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარებით შეიძლება გამარტივებული შესყიდვის ჩატარება. უტენდერო შესყიდვები მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებში უნდა ტარდებოდეს”, – აცხადებს ბაჯელიძე.

Share