Home » ბიზნესი » თემურ ჭყონია მტკნარ წყალს გამოუშვებს – ბიზნესმენმა 25-წლიანი ლიცენზია იყიდა
თემურ ჭყონია მტკნარ წყალს გამოუშვებს - ბიზნესმენმა 25-წლიანი ლიცენზია იყიდა

თემურ ჭყონია მტკნარ წყალს გამოუშვებს – ბიზნესმენმა 25-წლიანი ლიცენზია იყიდა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მტკნარ წყალს 2019 წლის ბოლომდე გამოუშვებს და მის რეალიზაციას ძირითადად, ჰორეკას სექტორში  (სასტუმროები, რესტორნები და კაფეები)   მოახდენს. დაგეგმილია მისი ექსპორტზე გატანაც. როგორც ცნობილია, თემურ ჭყონიამ ნატახტარში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია დღეს  იყიდა. ლიცენზიის ღირებულებამ 302 500 ლარი შეადგინა.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ წარმოებული მტკნარი წყალი ჩაჯდება Coca-cola-ს სადისტრიბუციო ქსელში და ის კავკასიასა და შუა აზიაში გაიყიდება.

პროექტის დაწყებას ბიზნესმენი ნატახტარში, მუხრანის ველზე, Coca-cola-ს ახალი ქარხნის ამოქმედების შემდეგ გეგმავს. მისივე განმარტებით, ეს იქნება ადგილობრივი ბრენდი, თუმცა, რა სახელით მოხდება წარმოება–რეალიზება, ამაზე ახლა მიდის მსჯელობა. ჭყონია აცხადებს, რომ მტკნარი წყალი შუშის ბოთლებში გაიყიდება. მისი განმარტებით, მოპოვებულ მტკნარი წყალს  Coca-cola-ს წარმოებაშიც გამოიყენებენ.

„Coca-cola-მ მოგვცა დავალება, რომ იყოს ქართული სახელი, რადგან მათი  მარკეტინგული  სამსახურის მიერ  ჩაატარებული კვლევით,„ ბორჯომის“ დამსახურებაა ის, რომ ქართული წყალი  ყოფილ საბჭოთა კავშირში საკმაოდ ცნობადია. ამიტომ, ვფიქრობთ, ქართულ სახელზე,“-აღნიშნავს ჭყონია.

აღნიშნული პროექტის შესახებ თემურ ჭყონიამ 2018 წლის ოქტომბერში ექსკლუზიურად „კომერსანტთან“ ისაუბრა. მაშინ ბიზნესმენი აცხადებდა, რომ შესაძლოა წარმოებული მტკნარი წყალი „მუხრანის ველის“ სახელით ჩამოსხმულიყო.

 შეგახსენებთ, „კოკა-კოლას“ ახალი ქარხნის მშენებლობა მუხრანის ველზე, 2018 წლის მარტში დაიწყო და დასრულება 2019 წლის აპრილში იგეგმება. როგორც ჭყონია განმარტავს, ეს იქნება მასშტაბური პროექტი, რომლის განსახორციელებლად 22 მილიონი ევრო დაიხარჯება.

 ახალი ქარხანა მუხრანის ველზე 55 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, აქედან 28 ათას კვადრატულ მეტრზე უშუალოდ ქარხნის დახურული ნაწილი იქნება. ახალ ქარხანაში „კოკა-კოლას“ მუზეუმიც განთავსდება, რომელშიც საქართველოში ბრენდის ისტორიის შესახებ ინფორმაციები იქნება თავმოყრილი.

წყარო:commersant.ge

Share