Home » საზოგადოება » თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკის მოწყობა იგეგმება
თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკის მოწყობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკის მოწყობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე პარკების მოსაწყობად ორი კონკრეტული ადგილის შესწავლა მიმდინარეობს – ე.წ. დიღმის ჭალებში და თემქის ხევის.

“დღეს მინდა წარმოვადგინო ორი ძალიან საინტერესო პროექტი. ჩვენ გვინდა, რომ ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განვახორციელოთ. ამ მიზნით ვიწყებთ ორი ადგილის კვლევას – ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორიის, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან მნშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეიძლება და მეორე ტერიტორია ეს არის თემქის ხევი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით, 80 ათასი მოსახლეა, ახლოს არის თბილისის ზღვასთან და დიდი პოტენციალი აქვს. აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით თბილისის მერია შესაბამისი კვლევის მომზადებას იწყებს, მათ შორის თემქის ხევში, მდინარის მონაკვეთის გახსნის მიმართულებით. მე მგონია, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია საქალაქო პარკი განვათავსოთ“, – განაცხადა კალაძემ და მის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, რომ წარდგენილი იქნას უკვე არსებული დიდი პარკების სარეაბილიტაციო გეგმები.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პარკების კულტურა დავაბრუნოთ და ადამიანებს შევუქმნათ ისეთი კომფორტი, რომ პარკებში შესვლა იყოს სასიამოვნო. უკვე საზოგადოებაც ითხოვს ამას და ჩვენი მხრიდან სჭირდება მოწესრიგება იმ ინფრასტრუქტურას, რაც გაგვაჩნია და რაც არ არის, ახლის შექმნა. ეს ორი პროექტი, რომელიც წარმოვადგინეთ, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Share