Home » ეკონომიკა » თბილისში მუშაობას საშუალოდ 20 წლის ასაკში იწყებენ – პირველი ხელფასი საშუალოდ 301 ლარია

თბილისში მუშაობას საშუალოდ 20 წლის ასაკში იწყებენ – პირველი ხელფასი საშუალოდ 301 ლარია

თბილისელები მუშაობას საშუალოდ 20 წლის ასაკში იწყებენ და მათი პირველი საშუალო ხელფასი 301 ლარია

 იმ ფონზე, რომ საქართველოში გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს საინტერესოა, საშუალოდ რა ასაკში იწყებს დედაქალაქის მოსახლეობა მუშაობას და რა თანხას შეადგენს მათი პირველი ანაზღაურება. ასევე, გენდერულ ჭრილში როგორ განსხვავდება ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურება.

სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით ჩაატა კვლევა ,,ეისითიმ’’ რომელიც 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში განხორციელდა.

კვლევის მონაცემები გვიჩვენებს, რომ თბილისის მაცხოვრებლები მუშაობას საშუალოდ 20 წლიდან იწყებენ. საინტერესოა, რომ 45-54 ასაკობრივი ჯგუფის თბილისელებმა საშუალოდ 22 წლიდან დაიწყეს მუშაობა, მაშინ, როდესაც დღესდღეობით სამსახურის დაწყების ასაკი შემცირებულია – 18-24 ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების ასაკი საშუალოდ 18 წლიდან იწყება.

კვლევის შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ თბილისელების პირველი საშუალო ხელფასი 301ლარია. დღესდღეობით, მსოფლიოში არსებული ანაზღაურების გენდერული დისბალანსის პრობლემა საქართველოში პირველი სამსახურის ანაზღაურებაშიც იჩენს თავს – ეისითის კვლევის მიხედვით, მამაკაცების საშუალო პირველი ხელფასი, ქალების საშუალო ხელფასს 83 ლარით აღემატება (კაცები-343 ; ქალები-260 ).

კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის.მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

 მოამზადა მარიამ აბრამიშვილმა

Share