Home » საზოგადოება » თბილისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება
თბილისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

თბილისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

ზაფხულის სეზონზე, თბილისის მერია დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ფარგლებში, სხვადახვა ადგილებში, სადაც საჭიროა, მოწესრიგდება გზები, სანიაღვრე სისტემები და განათება.

კახა კალაძის განცხადებით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში დაიწყება კახეთის გზატკეცილზე მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები, ასევე განხორციელდება კოსტავა-შარტავას ქუჩების კაპიტალური სამუშაოები და სრული რეაბილიტაცია.

თბილისის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გამოწვეული დისკომფორტის შექმნისათვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა ლოკაციებზე. დღეს იწყება ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია. შეიძლება ითქვას, რომ ათეულობით წლების მანძილზე არ განხორციელებულა არანაირი სამუშაოები ამ ლოკაციაზე. ამ სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის მოწყობა. ასევე ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. მთლიანად შეიცვლება განათების ქსელი, ბოძები, თვითონ განათების სისტემა და ჯამში 15 ათასი კვადრატული მეტრის ასფალტის საფარი შეიცვლება. დაახლოებით, 3 233 000 ლარი დაიხარჯება ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე. ასევე, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მძღოლებს იმიტომ, რომ გარკვეული შეზღუდვები იქნება ქალაქში. მიზანმიმართულად იქნა არჩეული ეს პერიოდი იმიტომ, რომ ხალხი ქალაქიდან გადის, შედარებით ნაკლები მოძრაობაა.

ძალიან ბევრ მონაკვეთზე ვიწყებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას. კონკრეტულად ეს მონაკვეთები არის თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები. მარცხენა სათადარიგო ზოლზე მიმდინარეობს უკვე სამუშაოები და რამდენიმე თვეში მთლიანად დასრულდება. წელსვე ვიწყებთ მარჯვენა სათადარიგო ზოლის სრულ რეაბილიტაციას, ხოლო მომავალ წელს გვინდა ცენტრალური მაგისტრალი მთლიანად გავაკეთოთ და რეაბილიტირება ჩავუტაროთ.

ასევე, რობაქიძის გამზირის კაპიტალური სამუშაოები დაიწყება. დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლი სადაც დგას, მთლიანად ეს მონაკვეთი იქნება რეაბილიტირებული. ასევე თბილისი – ნაფეტვრების გზის კაპიტალურ სამუშაოებს ვიწყებთ. ამასთან, ჩიქოვანის ქუჩის კაპიტალურ სამუშაოებს ვიწყებთ. აქაც გზების სერიოზული პრობლემაა. კერძოდ, სანიაღვრეების, კანალიზაციის, შესაბამისად მოწესრიგებული იქნება მთლიანად ყველაფერი.

შავი ზღვის ქუჩის კაპიტალური სამუშაოები იწყება. ასევე იწყება კოსტავა-შარტავას ქუჩების კაპიტალური სამუშაოები და სრული რეაბილიტაცია. იწყება ფალიაშვილის ქუჩის კაპიტალური სამუშაოები და მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება .

ეს არის ის მსხვილი პროექტები, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვიწყებთ რამდენიმე დღეების განმავლობაში. ამ მასშტაბის სამუშაოები დედაქალაქში ერთდროულად არასდროს ჩატარებულა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Share