Home » საზოგადოება » თბილისში ახალ რეტერატებს აზიანებენ და კონსტრუქცია მწყობრიდან გამოდის
თბილისში ახალ რეტერატებს აზიანებენ და კონსტრუქცია მწყობრიდან გამოდის

თბილისში ახალ რეტერატებს აზიანებენ და კონსტრუქცია მწყობრიდან გამოდის

თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოცდაათი ახალი რეტერატი დაიდგა. საზოგადოებრივი რეტერატების, ანუ საპირფარეშოების, მოწყობის ვალდებულება მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულმა კომპანიამ იკისრა. ახლო მომავალში დედაქალაქში დამატებით 6 რეტერატი განთავსდება.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხშირია ვანდალიზმის ფაქტები მოქალაქეების მხრიდან, რის გამოც კონსტრუქცია ზიანდება და მწყობრიდან გამოდის.

წლების განმავლობაში საზოგადოება წუხდა იმის გამო, რომ ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების დეფიციტი იყო და ეს მდგომარეობა როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც სერიოზულ უხერხულობას უქმნიდა. ქალაქის ამ გამოწვევას თბილისის მერიამ წარმატებით გაართვა თავი და ათეულო წლის განმავლობაში არსებული პრობლემა მოაგვარა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დიდი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, მაგრამ ვანდალური ფაქტების გამო რეტერატების უმეტესობა დღეს არასახარბიელო მდგომარეობაშია. ცხადია, რომ მსგავსი ქმედებით ქალაქის იმიჯიც ილახება.

კომპანია “სითი ბოქსი”, რომელმაც პირობა შეასრულა და პროექტი განახორციელა, დღეს უკვე მოქალაქეებს ახსენებს, რომ ინფრასტრუქტურა გაფრთხილებას საჭიროებს. არის ეჭვი, რომ ის მიზანმიმართულად ნადგურდება.

“მიუხედავად იმისა, რომ ახალი, თანამედროვე რეტერატები ავტომატიზებულია და მოპირკეთებულია ანტივანდალური მასალებით, კონსტრუქციას მაინც აზიანებენ ხელსაწყოებით, ანუ ამას სჩადიან გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად”, – აცხადებენ “სითი ბოქსის” წარმომადგენლები.

ასეთივე თხოვნით მიმართავს მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო მოსახლეობას და საზოგადოებრივი წესრიგისკენ მოუწოდებს. სააგენტოს ხელმძღვანელ ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის დაზიანებით პროექტი მიმზიდველობას დაკარგავს.

როგორც ქონების მართვის სააგენტოში განმარტავენ, თბილისის მერიის მიზანია, უპასუხოს გამოწვევებს და შექმნას კომფორტული გარემო მოქალაქეებისთვის. “თუ გვინდა, ჩვენი ქალაქი განვითარდეს, აუცილებლია, ვისწავლოთ ინფრასტრუქტურის მოფრთხილება. გვინდა, ეტაპობრივად დავამატოთ საზოგადოებრივი საპირფარეშოები. ამ მიზნით ახლო მომავალში იგეგმება კიდევ ექვსი საზოგადოებრივი საპირფარეშოს დამატება, მაგრამ თუ კონსტრუქციის დაზიანებას ასეთი მასობრივი ხასიათი ექნება, პროექტი აღარ იქნება მიმზიდველი ინვესტორებისთვის, რითაც დაზარალდება თითოეული ჩვენგანი”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ირაკლი თავართქილაძემ.

მისი შეფასებით, ქალაქის მასშტაბით ძალიან დიდი პრობლემა გადაიჭრა, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქის კეთილმოწყობის მხრივაც მნიშვნელოვანია.

მაღალი სტანდარტების რეტერატები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული. აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებულია ბრაილის შრიფტი და, ამასთან, აღჭურვილია ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.

“სითი ბოქსმა” ტუალეტებისთვის გამოყოფილი ტერიტორია ოცწლიანი იჯარით აიღო.

თანამედროვე, ავტომატიზებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი მოიჯარე, ასევე, ვალდებულია, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით, ცხელი ხაზის მუშაობა უზრუნველყოს.

იმედია, რომ მოქალაქეები კომპანიისა და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლების თხოვნას გაითვალისწინებენ და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას მეტად გაუფრთხილდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ასეთი ფაქტი, გარდა იმისა, რომ დანაშაულებრივი ქმედებაა, საქართველოს იმიჯსაც შეურაცხყოფს.

ვფიქრობთ, რომ პრობლემა მოგვარდება და საზოგადოებრივი რეტერატების დასაცავად კონტროლიც გაძლიერდება.

ბიზნესპრესი

Share