Home » საზოგადოება » თბილისის ქუჩებში სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენებისთვის ცალ-ცალკე ურნები დაიდგმება
თბილისის ქუჩებში სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენებისთვის ცალ-ცალკე ურნები დაიდგმება

თბილისის ქუჩებში სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენებისთვის ცალ-ცალკე ურნები დაიდგმება

თბილისი ძალიან მალე ეტაპობრივად გადავა ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებში ეტაპობრივად განთავსდება სეპარირებული ურნები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკთან შედგა შეთანხმება და იწყება ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება.

„მინდა შევეხო ერთ საინტერესო თემას – ეს არის ნარჩენების მართვის საკითხი, სეპარირება და შემდეგ გადამუშება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შედგა საბოლოო შეთანხმება. თბილისისთვის პირველად იწყება ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს და საფუძველს ჩაუყრის ნარჩენების სეპარირებასა და აღდგენის სისტემის ჩამოყალიბებას. მოგეხსენებათ, ევროპამ და განვითარებულმა მსოფლიომ კარგად გაიაზრა, რომ ნარჩენი არ არის ისეთი რამ, რასაც თავიდან ვიშორებთ. იგი შეიძლება გადავამუშაოთ და სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. ეს მიდგომა არამარტო ზოგადად გარემოს დაიცავს, არამედ, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას. რაც მგონია, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ ის სტრატეგია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი შეიმუშავებს მუნიცპალიტეტთან ერთად, იქნება იმის საწინდარი, რომ თბილისი ძალიან მალე ეტაპობრივად გადავა ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებში ეტაპობრივად განთავსდება სეპარირებული ურნები, როგორც ეს ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ძალაში არ შესულა, რადგან პროექტით შეთავაზებული სისტემა მოძველებული იყო. კალაძის თქმით, მერიას დაევალა, რომ ხელშეკრულების პირობები შეეცვალათ, თუმცა, ამაზე კომპანიასთან შეთანხმება ვერ შედგა.

„მოგეხსენებათ, რომ იგეგმებოდა ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენება. ამაზე 2017 წელს, გარკვეული ხელშეკრულება იყო გაფორმებული, თუმცა, ძალაში არ შესულა, რადგან სისტემა, რომელსაც ხელშეკრულების პროექტი გვთავაზობდა, მოძველებული იყო, არ შეესაბამებოდა ნარჩენების მართვის კოდექსს, ნარჩენების მართვის სამთავრობო სტრატეგიას და ასოცირების ხელშეკრულებას. ასევე, ეწინააღმდეგებოდა ნარჩენების ადგილზე სეპარირების იდეას, რომელზეც საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს აღებული. სწორედ სეპარირებისა და მწარმოებლის ვალდებლების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პროექტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დაწუნებული და მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიასთან ერთად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, თუმცა, კომპანიასთან ამაზე მოლაპარაკება ვერ შედგა. მეტიც მათ უარი განაცხადეს 25 წლით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, რის შედეგადაც ჩვენ სასამართლოს მივმართეთ, რათა აღდგეს მუნიციპალიტეტის უფლება საკუთრებაზე. მგონია, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“, – განაცხადა კალაძემ.

Share