Home » ახალი ამბები » თბილისის მერიამ 2018 წელს ოპერაციისა და მედიკამენტების ხარჯი 30 000 ადამიანს დაუფინანსა
თბილისის მერია 2018 წელს ოპერაციის და მედიკამენტების ხარჯი 30 000 ადამიანს დაუფინანსა

თბილისის მერიამ 2018 წელს ოპერაციისა და მედიკამენტების ხარჯი 30 000 ადამიანს დაუფინანსა

საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2018 წელს ოპერაცია და მედიკამენტები 30 000 ადამიანს დაუფინანსა; თბილისის ათივე რაიონში სოციალური პროგრამებით 169 257 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც 34 655 319 ლარი დაიხარჯა.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ბევრი ადამიანი, ვისაც ჩვენი თანადგომა და ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ ამ ყველაფერს მომავალშიც გავაგრძელებთ. მომავალი წლის ბიუჯეტში, აღნიშნული მიმართულება 27 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რადგან მოქალაქეებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების მიღებისთვის გამარტივდა პროცედურა; გაფართოვდა „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა და დაემატა სამი ახალი მაღალტექნოლოგიური მამოგრაფი; გლდანის რაიონში გაიხსნა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მესამე ლოკაცია; ტრანსპლანტაციის პროგრამას დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი, რომელსაც მერია 60 000 ლარით აფინანსებს; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები აღიჭურვა პლანშეტური კომპიუტერებით, რომელიც ერთ გამოძახებაზე საშუალოდ 10 წუთს ზოგავს.

Share