Home » საზოგადოება » თბილისის მერია და ტაქსის მძღოლები დაზავდნენ – საპროტესტო აქციები აღარ გაიმართება
თბილისის მერია და ტაქსის მძღოლები დაზავდნენ - საპროტესტო აქციები აღარ გაიმართება

თბილისის მერია და ტაქსის მძღოლები დაზავდნენ – საპროტესტო აქციები აღარ გაიმართება

თბილისში ტაქსის მძღოლები დღეიდან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აღარ გამართავენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრის, არჩილ არჯევანიძის განმარტებით, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია და კონსულტაციების პარალელურად, აქციების საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

„ჩვენ ქალაქის მერიასთან, პირადად მერ ახა კალაძესთან მოლაპარაკებები დავიწყეთ. სისტემატურად ვმუშაობთ და რამდენიმე ძალიან კარგი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბევრი პრობლემა გადასაწყვეტი დარჩა, რომელზეც კახა კალაძეც და მერიაც თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამენ. ყინული გალღვა და მოლაპარაკების პროცესი დაიწყო“, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, არჩილ არჯევანიძემ.

მისი თქმით, 18 აპრილიდან დაგეგმილი იყო პერმანენტული აქციები, თუმცა გადაწყდა, რომ დღევანდელ აქცია საინფორმაციო ხასიათის ყოფილიყო.

„ერთ დღეში  მოვახდინეთ მობილიზება იმდენი ხალხის მაშინ, როცა აქციები იყო და ერთ დღეში გავაკეთეთ იმის ორგანიზებაც, რომ ეს ხალხი დღეს აქ არ გამოვიდა. მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ გასაპროტესტებლად აღარ შევიკრიბებით“, – განმარტა არჩილ არჯევანიძემ.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პარლამენტთან განაცხადეს, მოლაპარაკების შედეგად, ავტომობილების გადაღებვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება ფირის გადაკვრა.

ასევე, მერიის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები „ბე“ (B) კატეგორიაში მუშაობას 2021 წლამდე შეძლებენ.

Share