Home » საზოგადოება » თბილისელი ისტორიკოსი, რომელიც სოხუმში ლექციებს კითხულობს: აფხაზებს სურთ, რომ ურთიერთობები რაღაცნაირად მოვაწესრიგოთ
თბილისელი ისტორიკოსი, რომელიც სოხუმში ლექციებს კითხულობს: აფხაზებს სურთ, რომ ურთიერთობები რაღაცნაირად მოვაწესრიგოთ

თბილისელი ისტორიკოსი, რომელიც სოხუმში ლექციებს კითხულობს: აფხაზებს სურთ, რომ ურთიერთობები რაღაცნაირად მოვაწესრიგოთ

„სოხუმში ქართველების მიმართ ინტერესი თითქმის არ არის, 2008 წლის შემდეგ საერთოდ შემცირდა ინტერესი… აფხაზი ახალგაზრდები არიან ყველაზე უფრო დიდი დამცველები აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის,“ – აცხადებს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

„რეზონანსი“: თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სერგეი შამბას ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და დროა დიალოგი დაიწყოს. თქვენ სოხუმში ჩადიხართ ხოლმე და ალბათ უფრო იცით განწყობები. აფხაზებისთვის ქართველი ისევ მტერია, თუ ნელ-ნელა განწყობა იცვლება?

გია ანჩაბაძე: დრო რაღაცებს ცვლის, მაგრამ რა განწყობებია, ამაზე ასე ერთნაირად ვერ იტყვი. ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი – ისე. აქაც, ჩვენთანაც ხომ ყველა ერთნაირად არ არის აფხაზების მიმართ განწყობილი…

თუმცა, ის განწყობა, რომ საქართველოში ვბრუნდებით, ასეთი რამ აფხაზეთში არ არის, მაგრამ სურვილი არის, რომ ურთიერთობები რაღაცნაირად მოვაწესრიგოთ.

შამბას განცხადებაზე მოვისმინე კომენტარები ტელევიზორში და მე სერიოზულად არ ვიღებ იმას, რომ ყველაფერს რუსეთი აკონტროლებს და ამიტომ აზრი არ აქვს არაფერს. ამგვარ ვითარებაში არანაირი პერსპექტივა არ იქნება. ჩემი აზრით, ეს სერიოზული შეთავაზებაა და რაღაც უნდა დაიწყოს. სხვა რომ არაფერი, დიალოგით, ურთიერთობებით არაფერი დაშავდება. დიალოგის გარეშე უფრო ცუდად წავა საქმე.

– ქართულ მხარეს დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს.

– კი, ჟენევის პროცესი მიმდინარეობს და ის გარკვეულწილად თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ კიდევ რაღაც რომ იყოს, ეს ხელის შემშლელი არ იქნება. უნდა გავიგოთ რა უნდათ, რა დგას შამბას ამ განცხადების უკან.

რა შეფასებებიც მოვისმინე, იყოს ის, რომ ეს არაფერი არ არის. ამ თემაზე ისეთი ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებიც მაინცდამაინც ვერ ერკვევიან.

-შამბა ადრე იყო ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი და მაშინ წონა ჰქონდა მის განცხადებას. დღეს აფხაზეთში მას არანაირი გავლენა არ აქვს და მისი განცხადება რამდენად ნიშნავს იმას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებაშიც ასეთი განწყობებია?

– ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერი არ ვიცი, თუმცა მისი წინადადება არ არის ისეთი, რომ არ გავითვალისწინოთ.

– შამბა აცხადებს, რომ ქართველებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა იყოს, თუმცა თავად აფხაზები კეტავენ ენგურის ხიდს და რიგით ქართველს იქ ჩასვლა ტურისტადაც კი არ შეუძლია, თბილისიდან კი მათ ყველაფერი ხსნილი აქვთ. კეთილმეზობლობა როგორ ესმის აფხაზს?

– ამაზე გიპასუხებენ, რომ ჯერ მოვილაპარაკოთ, მივიდეთ რაღაც საერთო შეხების წერტილამდე და ამაზე შემდეგ იყოს ლაპარაკი.

– თქვენ რამდენად ხშირად ჩადიხართ სოხუმში და პირადად თქვენთან საქართველოზე, ქართველებზე რას ლაპარაკობენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ომი არ უნახავთ?

– წელიწადში ორჯერ, დაახლოებით თითო-თითო კვირით ჩავდივარ სოხუმში და ლექციებს ვკითხულობ. რაღაც ინტერესი აქვთ, მაგრამ სწორედ ახალგაზრდები არიან აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის ყველაზე მეტად დამცველები, იმიტომ რომ, ისინი ამ იდეის ქვეშ გაიზარდნენ.

პოლიტიკოსებთანაც მაქვს შეხვედრები, სოხუმში მიცნობენ, ხშირად ინტერვიუს წერენ ჩემგან, მაგრამ ის, რომ პოლიტიკურ თემებზე ვილაპარაკო, ასე არა. უფრო ინტელიგენციის წრეებში მაქვს შეხვედრები.

– საქართველოზე თუ საუბრობენ და რა აინტერესებთ?

– საერთოდ, ინტერესი მცირდება, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ საქართველოდან საინტერესო წინადადებებს. მხოლოდ ერთი და იგივე რეპლიკები ისმის. ინტერესი აქვთ მხოლოდ როგორც მეზობელი ქვეყნის. თუმცა, წინათ უფრო მეტად იყო ეს ინტერესი, რაც თანდათანობით მცირდება…

2001 წლის შემდეგ მოხდა გარდატეხვა. მანამდე ხომ იყო შემოთავაზებები – ფედერაცია, კონფედერაცია, ჩვენგან კი არაფერი არ იყო. 2008 წლის შემდეგ საერთოდ შემცირდა ინტერესი.

– შამბას ინტერვიუს სოხუმშიც გამოეხმაურნენ და ნაწილმა აღიქვა, რომ შამბა ამით უფრო რუსეთის მიმართ აგზავნიდა მესიჯს – თუ ქვენ არ დაგვეხმარებით, საქართველოსთან დავიწყებთ დიალოგს.

– კი, ბატონო, თუ ასეთი მესიჯიცაა, ჩვენ შევთავაზოთ ჩვენი მესიჯი. მთავარია, ჩვენ გვქონდეს რაღაც შესათავაზებელი. როდესაც პოლიტიკოსები ამბობენ, რომ აზრი არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ სათქმელი და შესათავაზებელი არაფერი აქვთ, იმიტომ, რომ არ იცის რა თქვას. ისეთი შესათავაზებელი უნდა ჰქონდეს, რაც დააინტერესებთ.

-მაგალითად, რა?

– ეს ძალიან შორს წაგვიყვანს.

resonancedaily.com

Share