Home » საზოგადოება » „ტავ ჯორჯია“ Georgian Airways-ის განცხადებას პასუხობს
„ტავ ჯორჯია“ Georgian Airways-ის განცხადებას პასუხობს

„ტავ ჯორჯია“ Georgian Airways-ის განცხადებას პასუხობს

Georgian Airways კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, – ამის შესახებ „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტავ ჯორჯია“ აფერხებს „ჯორჯიან ეარვესის“ მიერ ბილეთის ფასების გაიაფების პროცესს, რაც არ შეესაბამება არსებულ რეალობას.

2017 წლის ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ეკონომიკური განვითარების ანგარიშის მიხედვით, ბილეთის ღირებულებაში აეროპორტის სერვისების (უსაფრთხოება, სახმელეთო მომსახურება, აეროდრომისა და აფრენა-დაფრენის სერვისები) ხარჯის მხოლოდ 25%-ია წარმოდგენილი (აქედან სერვისების დიდ ნაწილს ავიაკომპანია თავად უზრუნველყოფს), დანარჩენი 75 % კი ავიაკომპანიის ძირითადი ხარჯებია.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რამოდენიმე მიმართულება, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად სხვა უცხოური ავიაკომპანიებიც ასრულებენ. მოსკოვისა და კიევის მიმართულებით „ჯორჯიან ეარვეისის“ ბილეთის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე Aeroflot, Pobeda და Ukraine International Airlines. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი უცხოური ავიაკომპანიები არ სარგებლობენ ანალოგიური სპეციალური ფასდაკლებებით, მეტიც, ჯორჯიან ეარვეისისგან განსხვავებით მათ ყველა სახმელეთო მომსახურებას TAV Georgia უწევს.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ შემთხვევაში ორმხრივი (გაფრენა-მოფრენა) ბილეთის ღირებულებიდან ტავის წილი საშუალოდ 33დოლარს შეადგენს. ეს ყოველივე ნათლად ასახავს იმას, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და „ტავ ჯორჯიას“ დისკრედიტაციას.

შეგახსენებთ, რომ ტავ ჯორჯია საავიაციო სფეროში მსოფლიო ბრენდის TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა. TAV Airports-ის მთავარი აქციონერი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია. TAV Airports-ის სააქციო კაპიტალის 47% წილის შესყიდვით კოპმანია საერთო სერვისებით მსოფლიოს 19 ქვეყნის 77 აეროპორტში წლიურად 245 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება“, – ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.

“ჯორჯიან ეარვეისი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან უშედეგო მოლაპარაკებების გამო, ავიაკომპანია საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, “ტავ ურბან ჯორჯიასთან” მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც, შედეგი არ გამოიღო.

სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა რომ ვაიძულოთ “ტავ ურბან ჯორჯია” გავიდეს საქართველოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვას ვგეგმავთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

Share