Home » საზოგადოება » TANAP-ი არის თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი ნდობისა და მეგობრობის მაგალითი – ერდოღანი

TANAP-ი არის თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი ნდობისა და მეგობრობის მაგალითი – ერდოღანი

ტრანსანატოლიური მილსადენი არის თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი ნდობისა და მეგობრობის მაგალითი, – ასე აფასებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოცემა „დიპლომატ მეგეზინში“ გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საერთო პროექტს.

სტატია სახელწოდებით – „ტრანსანატოლიური მილსადენი: რეგიონული განვითარება და სამშვიდობო პროექტი“, „ნიუ იორკ თაიმსთან“ თანამშრომლობით გამოქვეყნდა.

სტატიაში თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნულ მილსადენს რეგიონულ სამშვიდობო პროექტად ახასიათებს.

„ტრანსანატოლიური მილსადენი არის კონკრეტული მაგალითი ხანგრძლივი ნდობისა და მეგობრობის თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ის მოიცავს სამხრეთის გაზის დერეფნის მთავარ მონაკვეთს. მისი მიზანია, ჰაზარის რეგიონის ბუნებრივი აირი ევროპამდე თურქეთისა და საქართველოს გავლით მიიტანოს. ეს 3 500 კილომეტრის სიგრძის დერეფნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აცხადებს ერდოღანი.

მისივე თქმით, გასული 18 წლის განმავლობაში თურქეთში ცვლილებათა პროცესმა შექმნა შესაფერისი გარემო ენერგორესურსების თურქეთსა და ევროპაში გასატარებლად.

„აზერბაიჯანსა და საქართველოსთან თანამშრომლობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნედლი ნავთობის მილსადენი 2006 წელს გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა. მოგვიანებით, 2007 წელს ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენმა ფუნქციონირება დაიწყო, რათა აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის ველიდან საქართველოსა და თურქეთში ბუნებრივი აირი მიეწოდებინა“, – წერს ერდოღანი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ტრანსანატოლიური მილსადენისთვის პირველი ნაბიჯები მთავრობათაშორის შეთანხმებით გადაიდგა, რომელსაც 2011 წლის 25 ოქტომბერს მოაწერეს ხელი თურქეთმა და აზერბაიჯანმა. მოლაპარაკების შედეგად, საქართველოსა და აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის ველის პარტნიორების მხარდაჭერით, მთავრობათაშორისი შეთანხმებისა და ტრანსანატოლიური მილსადენის მასპინძელი მთავრობის შეთანხმებით, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს 2012 წლის 26 ივნისს.

„2013 წლის დეკემბრიდან, პროექტის მეორე ფაზისთვის, შაჰ-დენიზის ველის პარტნიორების მიერ ფინალური საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიმდინარეობს სამუშაოები ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის გაფართოებისთვის, რომელიც აზერბაიჯანიდან და საქართველოდან თურქეთში გადის. ამან დააჩქარა ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობა. ტრანსანატოლიური მილსადენი 2015 წლის 17 მარტს, ფუნდამენტის ჩაყრიდან მოკლე დროში, სამ წელიწადში აიგო, ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთისთვის 2018 წლის 12 ივნისს დაიწყო. დამატებით, 2019 წლის 30 ნოემბერს გაიხსნა მილსადენის ევროპული ხაზი“, – ამბობს ერდოღანმა სტატიაში.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის მხარს უჭერს ბუნებრივი აირის მიწოდების ჯაჭვის თითოეულ ეტაპს საქართველოდან თურქეთამდე და ევროპამდე.

ერდოღანის თქმით, უახლოეს წლებში ტრანსანატოლიური მილსადენის სიმძლავრე 24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდება, შემდეგ კი მაქსიმალურ სიმძლავრეს – 32 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქვეყანა მსოფლიოში ბუნებრივი აირის ბაზარზე მე-18 ადგილს იკავებს და ესაზღვრება ევროპას, სიდიდით მეორე უმსხვილეს ბაზარს მსოფლიოში. შედეგად ტრანსანატოლიურ მილსადენს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს თურქეთსა და ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების თვალსაზრისი, რომელიც მოიპოვება აზერბაიჯანის დანარჩენ საბადოებზე, კასპიის სხვა რესურსებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში .

როგორც ერდოღანი წერს, გასული ორი საუკუნის განმავლობაში ენერგორესურსებზე კონტროლის მოსაპოვებლად დიდი ომები იყო, ტრანსანატოლიური მილსადენი კი, მშვიდობისა და თანამშრომლობის საუკეთესო პასუხია კონფლიქტურ გარემოში, რომელიც პროვოცირებულია ზოგიერთი მხარის მიერ ენერგორესურსების გამო.

„თურქეთმა და საქართველომ გამოიყენეს მათი გეოგრაფიული მდებარეობა, (რომელიც შემაკავშირებელი წერტილია ენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნებისთვის), მშვიდობისა და თანამშრომლობის პირობების შესაქმნელად და არა კონფლიქტების წასახალისებლად. „ორივე ქვეყანამ სანიმუშო მაგალითი უჩვენა მსოფლიოს, მიეწოდებინა ენერგეტიკული რესურსები კაცობრიობისთვის იმ დროს, როდესაც რეგიონული დაძაბულობა და არასტაბილურობა ყოველდღიურად იზრდება“, – აღნიშნავს ერდოღანი.

მისი თქმით, ტრანსანატოლიური მილსადენი არის ენერგიის აბრეშუმის გზა.

„მისი მტკიცე და მდგრადი ეკონომიკის, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკისა და სტაბილური ადმინისტრაციული მიდგომის გარდა, თურქეთი ასევე ემეზობლება ბუნებრივი აირითა და ნავთობის მდიდარ ქვეყნებს, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ამ დრომდე, თურქეთი მოქმედებდა, როგორც უსაფრთხო ხიდი მომპოვებელ ქვეყნებსა და სამომხმარებლო ბაზარს შორის და მომავალშიც ასე გააგრძელებს“, – წერს თურქეთის პრეზიდენტი.

1tv.ge

Share