Home » ბიზნესი » „თანაინვესტირების ფონდის“ ბნელი მხარე – ივანიშვილის პირადი ორგანიზაცია თუ ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი
„თანაინვესტირების ფონდის“ ბნელი მხარე – ივანიშვილის პირადი ორგანიზაცია თუ ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი

„თანაინვესტირების ფონდის“ ბნელი მხარე – ივანიშვილის პირადი ორგანიზაცია თუ ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ დაფუძნების შესახებ განაცხადა. დაფუძნებისას ფონდის გაცხადებული კაპიტალი 6 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საიდანაც მილიარდს თავად ბიძინა ივანიშვილი დებდა. გეგმის მიხედვით, ფონდს ინვესტორების მეშვეობით, საერთო ჯამში 10 მილიარდი დოლარის გენერირება უნდა მოეხდინა, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებში დახარჯავდა.

მართალია, დღეს ეს საკითხი აღარავის ახსოვს, მაგრამ ფონდის დაფუძნების დროს ერთ–ერთ პრიორიტეტულ პროექტად დასახელდა ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობაშიც „თანაინვესტირების ფონდს“ სოლიდური თანხები უნდა დაეხარჯა. შემდეგ მოვლენები როგორც განვითარდა ყველას კარგად მოეხსენება და დღესდღეობით ანაკლია ხელისუფლებისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირების მთავარ საგნად იქცა.

დაფუძნებიდან მალევე, ფონდმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო და დღეისათვის – ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაში, ტურიზმსა და უძრავ ქონებაში, წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და ლოჯისტიკაში სხვადასხვა საინვესტიციო მოცულობის პროექტების აქვს განხორციელებული.

პირველ ეტაპზე „თანაინვესტირების ფონდმა“, საკმაოდ აქტიურად დაიწყო მუშაობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა კიდეც. მათ შორის, აღსანიშნავია სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“, სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში და ასე შემდეგ.

თუმცა, ბოლო პერიოდში, ფონდმა სრულად ჩრდილში გადაინაცვლა და ბოლო წლებში, მხოლოდ იმ პროექტების განხორციელება მიმდინარეობს რომლითაც პირადად ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული – „პანორამა თბილისი“ და სასტუმრო „პარაგრაფი“ აბასთუმანსა და განმუხურში. არც ახალი ინვესტორების შესახებ თქმულა რამე და არც ის არის ცნობილი, დაფუძნების დროც გაცხადებულმა ინვესტორებმა, რეალურად მოახდინეს თუ არა საკუთარი თანხების მობილიზება ფონდში.

ინვესტორთა ლანდები – მაშკევიჩი და სხვები

„თანაინვესტირების ფონდის“ დაფუძნების დროს აღინიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა, ფონდში ინვესტორები უნდა ყოფილიყვნენ – „დაბი ჯგუფი“, „რაკია“ (RAK INVESTMENT AUTHORITY), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund Of The Republic Of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია – „ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი“ (Batumi Industrial Holding), „ჩალიკ ჰოლდინგი“ (ჩალიკ ჰოლდინგ ა.შ), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი“ (Milestone Internacional Holding Group Limited), ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

ერთი შეხედვით, ინვესტორთა სია ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა ფონდის დაფუძნების დღიდან – დღევანდელობამდე საზოგადოებისთვის უცნობია, რეალურად გახდნენ თუ არა ეს ინვესტორები „თანაინვესტირების ფონდის“ მეპაიეები, რა მოცულობის თანხები განათავსეს ფონდში და რომელი პროექტები ხორციელდება მათი მონაწილეობით.

სიაში განსაკუთრებით საინტერესო ფიგურაა ისრაელის მოქალაქე ალექსანდრე მაშკევიჩი, რომელიც „ფორბსის” მიხედვით 3,7 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. მაშკევიჩი მძიმე მრეწველობის, სამთო–მომპოვებელი მრეწველობის და ენერგოსექტორში საქმიანობს. იგი ბიძინა ივანიშვილის მეგობარია და თავად ივანიშვილი ფონდის დაფუძნების პირველ წლებში მუდმივად აცხადებდა, რომ მაშკევიჩი ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში საკუთარი სახსრების ჩადებას აპირებდა, რაც მედიკამენტებზე არსებულ მაღალ ფასს შეამცირებდა ქვეყანაში.

თუმცა, დღემდე არც მაშკევიჩის, არც პატარკაციშვილების ოჯახის და არც ფონდის სხვა ინვესტორების დახარჯული თანხების შესახებ არააა ცნობილი. ისინი ლანდებივით არიან „თანაინვესტირების ფონდის“ ინვესტორთა საბჭოში და რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ხარჯავს თანხებს „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტების განსახორციელებლად.

პრივილეგირებული ენერგეტიკული პროექტები

„თანანინვესტირების ფონდის“ ერთ–ერთი წამყვანი საინვესტიციო მიმართულებაა ენერგეტიკა. ფონდი ახორციელებს სამ მნიშვნელოვან პროექტს. „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ – საინვესტიციო მოცულობა 534 მილიონი აშშ დოლარი, კასკადი გააერთიანებს ორ ჰიდროელექტროსადგურს. საერთო დადგმული სიმძლავრე 312.1 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავება კი 1,192 მლნ კვტ.სთ, რომელიც საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის 9.4% -ს შეადგენს. ტექნიკური მიზანშეწონილობის შესწავლის ეტაპი დასრულებულია და პროექტი ექსპლუატაციაში 2026 წლიდან შევა.

„მტკვარი ჰესი“ – საინვესტიციო მოცულობა 148 მილიონი აშშ დოლარი, პროექტი დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, იგი ფონდმა სრულად შეისყიდა და მშენებლობა განაახლა. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ. პროექტის სავარაუდო წლიური გამომუშავება შეადგენს საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9%-ს (2018 წელს 13.5თჭჰ). პროექტი დასრულდება 2021 წელს.

„ონი 1“ – საინვესტიციო მოცულობა 182 მლნ აშშ დოლარი, ჯამური დადგმული სიმძლავრე 122.5 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 441.2 მლნ კვტ.სთ. პროექტის სავარაუდო წლიური გამომუშავება შეადგენს საქართველოს ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 3.3% -ს. პროექტი ექსპლუატაციაში 2024 წლიდან შევა. საქართველოს თანაინვსტირების ფონდი პროექტის 10% -იანი წილის მფლობელია, ხოლო 90%-იანი წილი კომპანიას, შპს ფერის ეკუთვნის.

სამივე პროექტი ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მისასალმებელია, როდესაც მსგავსი პროექტები ხორციელდება, თუმცა ამ შემთხვევაში, ხაზგასასმელია ის პრიორიტეტები, რომლითაც ფონდი სარგებლობს.

კერძოდ, საყურადღებოა, „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ სახელმწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმების საკითხი. ენერგეტიკის მიმართულებით გაფორმებულ მემორანდუმებში მხოლოდ „თანაინვესტირების ფონდის“ მემორანდუმები გამოირჩევა განსხვავებული სატარიფო სტრუქტურით, რომელიც გულისხმობს ყოველწლიურად მზარდ ტარიფებს. და ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მიერ სხვა არცერთ მემორანდუმში ასეთი მიდგომა არ ფიქსირდება. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ფონდი სარგებლობს გაუგებარი უპირატესობებით.

ივანიშვილი, როგორც ქვეყნის უმსხვილესი პანამელი ინვესტორი

როგორც აღვნიშნეთ, „თანაინვესტირების ფონდი“ ძირითადად იმ პროექტებს ახორციელებს, რომლითაც პირადად ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. ასევე ისიც ითქვა, რომ ბოლო წლებში ფონდი ძირითადად სხვადასხვა ქალაქში სასტუმროების მშენებლობითაა დაკავებული. სწორედ ამ მიზნით, „თანაინვესტირების ფონდმა“ დააფუძნა „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომლის საინვესტიციო პორტფელშიც 10 პროექტი ერთიანდება და მათი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის იურიდიული მისამართი “ქართუს” სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

თუკი, „საქასტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში „ტურიზმის განვითარების ფონდიც” შედის და ფონდმა 2019 წლის პირველ ნახევარში პანამიდან საქართველოში 36,598,000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ეს კონკრეტულად პანამური ინვესტიციების 61% და მთლიანი FDI-ის 7.7%-ია. ანუ, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთ–ერთი უმსხვილესი პანამელი ინვესტორია და ის პროექტები, რომლებსაც ბოლო წლებში „თანაინვესტირების ფონდი“ ახორციელებს, ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ოფშორული კომპანიის საკუთრებაა და მისივე დაფინანსებით ხორციელდება.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა იყო „თანაინვესტირების ფონდის“ დაფუძნების მთავარი მიზანი, ივანიშვილის პირადი სახსრების ხარჯვა ირიბი მეთოდით, მისთვის მიმზიდველ პროექტებში ფულის დაბანდება, თუ ახალი მსხვილი ინვესტორების მოძიება და ქვეყნის მთავარი საინვესტიციო ფონდის შექმნა.

გიორგი რანი

Share