Home » ბიზნესი » ,,სწრაფი კვების ბაზარზე ,,დანკინ დონატსი’‘ ლიდერ სამეულშია’‘
,,სწრაფი კვების ბაზარზე ,,დანკინ დონატსი’‘ ლიდერ სამეულშია’‘

,,სწრაფი კვების ბაზარზე ,,დანკინ დონატსი’‘ ლიდერ სამეულშია’‘

,,დღეს დანკინში 100%-ით საქართველოში დამზადებული პროდუქტები იყიდება’‘

ბოლო წლებში ქართული ბიზნესი ცდილობს აჰყვეს გლობალიზაციის სწრაფ ტემპს, ეს ქართულ ბაზარზე უცხოური ცნობილი ბრენდების გამოჩენითაც აისახება. საქართველოში შემოვიდა და დამკვიდრდა რამოდენიმე საერთაშორისო ბრენდი, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვეს ქართველ მომხმარებლებში, მათგან ერთ-ერთია ,,დანკინ დონატსი’‘. იგი ქართული სწრაფი კვების ბაზარზე, თითქმის ერთი წლის წინ შემოვიდა და ახალი სტანდარტების დამკვიდრებით, თავისი ნიშა დაიკავა ბაზარზე. გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები’‘ ,,ვისოლ ჯგუფის’‘ პრეზიდენტს, ,,დანკინ დონატსი’‘-ს ხელმძღვანელს სოსო ფხაკაძეს ესაუბრა:

– რამდენად მყარად დამკვიდრდა საქართველოში ,,დანკინ დონატსი’‘, როგორია კონკურენცია სწრაფი კვების ბაზარზე?

– ჩვენ რამოდენიმე კვირის წინ გავაკეთეთ კვლევა, ჩართული იყო ყველა სოლიდური მკვლევარი ორგანიზაცია, რომელიც ოპერირებს საქართველოში. მათი ინფორმაციით, სწრაფი კვების ბაზარზე ,,დანკინ დონატსი’‘ არის სამეულში. ამ სამ ბრენდს აქვს გამოკვეთილად მყარი პოზიცია და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ მათ შორის ორი ჩვენი ბრენდია, ერთ-ერთი არის ,,დანკინ დონატსი’‘. გასული ცამეტი თვის მანძილზე  მნიშვნელოვნად გაიზარდა დანკინი, ეს პერიოდი კი ლიდერი ბრენდისთვის და საერთოდ ბიზნესში დამკვიდრებისთვის არის ძალიან პატარა დრო. მინდა გითხრათ, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე უკვე გაიხსნა კიდევ ორი რესტორანი და ,,დანკინ დონატსი’‘ გახდა საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელი. ,,დანკინ დონატსში’‘ დონატების გაყიდვები 40%-ზე ნაკლებს შეადგენს, ანუ ის ჩამოყალიბდა, როგორც სრულფასოვანი რესტორანი. ,,დანკინში’‘ გვაქვს 20 სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, მათ შორისაა პანემის სენდვიჩები, ქართული პროდუქტები, როგორიცაა ლობიანი, ხაჭაპური, ხორცის ღვეზელი, კარტოფილის ღვეზელი, გვაქვს ბურგერები, ბეიგელები და ასე შემდეგ. ასევე, ძალიან დიდი რაოდენობით ხდება ყავის გაყიდვები. ჩვენ ერთ კვირაში დამატებითი სიურპრიზი გვექნება, – შემოვიტანთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის იტალიურ ყავას და მთლიან ქსელში იქნება ყველაზე მაღალი ხარისხის ყავა თუ რამე მსოფლიოში არსებობს. ესაა იტალიური ესპრესოს მარცვლებზე დამზადებული ყავა და ყავის პროდუქტები. ჩვენ ასევე გვაქვს ,,დანკინური ჯინოლი’‘, რომელიც ამერიკული ყავაა. ამიტომ, გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, რომ ,,დანკინმა’‘ 1 წლის მანძილზე ძალიან ბევრს მიაღწია. მას კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, ჩვენ ალბათ 20%-იც არ აგვითვისებია ჯერ, იმ პოტენციალის, რაც ამ ბიზნესს გააჩნია. ვგეგმავთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაახლოებით 35-40 რესტორანი გვექნება. ვფიქრობთ, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში ,,დანკინი’‘ იმ დარჩენილი 80%-დან უმეტეს ნაწილს აითვისებს. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიყვარა ,,დანკინი’‘. ასეთი რამ ბრენდების მიმართ იშვიათად გვხვდება, მაგრამ ჩვენ გვყავს კლიენტები, რომლებიც ყოველ დღე გვსტუმრობენ, ზოგიერთის სახელებიც ვიცით. ისინი ყოველდღე დადიან ამა თუ იმ ,,დანკინის’‘ რესტორანში.

– გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ გარკვეულ პროდუქტების იმპორტს ახორციელებთ, ლარის კურსის ვარდნამ ხომ არ მოახდინა თქვენს პროდუქცაზე ფასების ზრდა?

– ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთეთ დევალვაციის პერიოდში, არის ის, რომ არ დაველოდეთ სიტუაციის გამოსწორებას და ვერც დაველოდებოდით, რადგან ძირითადში ლარის დევალვაცია საგარეო შოკებით იყო გამოწვეული. ამიტომ 18 თვის წინ დავიწყეთ იმპორტის ჩანაცვლებაზე ზრუნვა და დღეს უკვე ,,დანკინში’‘ 100%-ით ჩანაცვლებულია ყველა ის პროდუქტი, რაც ჩვენთან იყიდება. სენდვიჩები, ბურგერები, ბეიგელები და სხვა, ეს არის საქართველოში დამზადებული პროდუქტი. ლოკალიზაციამ და იმპორტის ჩანაცვლებამ საშუალება მოგვცა, რომ მარჟა შეგვენარჩუნებინა და ფასები არ აგვეწია. უფრო მეტიც, რეალიზაცია გაიზარდა. ქართული პროდუქტი გაყინულისგან განსხვავებით არის შეუდარებლად მაღალი ხარისხის და ამან თავისი ძალიან დადებითი ეფექტი იქონია მომხმარებელზე. გაორმაგდა, ზოგ შემთხვევებში კი გასამმაგდა რეალიზაცია, მას შემდეგ რაც ქართულ პროდუქტებზე გადავედით.

– იგეგმება თუ არა რეგიონების ათვისება და ფილიალების გახსნა?

– ,,დანკინ დონატსი’‘ ახლა არის გორში. კონკრეტულად, ქალაქებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ წლის ბოლომდე ,,დანკინ დონატსი’‘ კიდევ რამოდენიმე ქალაქში გამოჩნდება და გაახარებს ადგილობრივ მოსახლეობას.

– კიდევ რა ქართული პროდუქტები შეიძლება დაემატოს მენიუს და რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი?

– ჩვენ დღეს გვაქვს ოთხი ქართული პროდუქტი, – კარტოფილის და ხორცის ღვეზელი, რომლებიც სულ რაღაც სამი კვირის წინ ჩაუშვით და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე ორი-სამი თვის წინ ჩავუშვით ხაჭაპური და ლობიანი და საერთოდ განსაცვიფრებელია იმდენად ბევრი იყიდება. ყოვლივე ეს არის იმდენად კარგი და მაღალი ხარისხის, რომ მომხმარებელთა შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ოთხი პროდუქტია ჯერ-ჯერობით, მინდა გითხრათ, რომ ოთხივე პროდუქტს აკეთებს სმარტი და ყოველდღე ახალს აგზავნის ,,დანკინ დონატსში’‘. ექვსი თვე ვმუშაობდით ამ პროდუქტების დიზაინზე, მათ გემოვნურ თვისებებზე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გაუჭირდება რომელიმე რესტორანს, შეგვეჯიბროს ამ სფეროში. მომავალში სიახლეებს არ გამოვრიცხავთ. თუმცა, ამაზე დიდი ფიქრი გვჭირდება, ვინაიდან მრავალი ფაქტორია გათვალისწინებული. ,,დანკინ დონატსი’‘, რომელიც 65 წლის განმავლობაში იქმნებოდა და ყალიბდებოდა, არის ხარისხის გარანტი და ჩვენც შესაბამისი პროდუქტი უნდა შევთავაზოთ მომხმარებლებს.

– უახლოეს მომავალში ხომ არ იგეგმება რაიმე აქციები და ფასდაკლებები მომხმარებლებისთვის?

– ჩვენ ახლახანს შემოვიღეთ უნიკალური კომბოს მენიუები, მასში თავმოყრილია ოთხი პროდუქტი. ესაა ქართული პროდუქტები, სენდვიჩი, პანის სენდვიჩი, ბეიგერი, ბურგერი, პლუს გამაგრილებელი სასმელი, ამ მენიუს თან ახლავს კარტოფილი, ესაა უზეთოდ შემწვარი კარტოფილი, 200 გრამი ერთ ულუფაზე და კიდევ კეჩუპის სოუსი. რაც მთავარია, მომხმარებელს შევთავაზეთ იმაზე ბევრად იაფად, ვიდრე პროდუქტის ცალკე ღირებულებაა. ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი ჩვენი მომხმარებლებისთვის და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვიდეს ,,დანკინ დონატსში’‘ და ჰქონდეთ მათ ლანჩი, სადილი. ამ მენიუს შემოღების შემდეგ კიდევ უფრო იზრდება ჩვენი ასორტიმენტი, კიდევ უფრო მკვიდრდება ,,დანკინ დონატსი’‘, როგორც აბსოლუტურად სრულფასოვანი რესტორნების ქსელი.

ვაჩე ხრიკული

Share