Home » ეკონომიკა » „სწრაფი ეკონომიკური ზრდა გადის ეროვნული შემოსავლის პროგრესულ ზრდაზე გრძელვადიან პერიოდში“
„სწრაფი ეკონომიკური ზრდა გადის ეროვნული შემოსავლის პროგრესულ ზრდაზე გრძელვადიან პერიოდში“

„სწრაფი ეკონომიკური ზრდა გადის ეროვნული შემოსავლის პროგრესულ ზრდაზე გრძელვადიან პერიოდში“

ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივებზე, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უალტერნატივობაზე, „ბანკები და ფინანსები“ გთავაზობთ ინტერვიუს ეკონომიკის ექსპერტთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან.

– დღეს საკმაოდ აქტუალურია შრომის კოდექსი და მინიმალური ხელფასის შემოღების თემა, მას ექსპერტების არც თუ მცირე ნაწილის მხრიდან ნეგატიური შეფასებები უფრო აქვს, ვიდრე პოზიტიური რამდენად არის ეს საკითხი აქტუალური?

– მიმაჩნია, რომ აქ ბუნებრივია არის რისკები და არც თუ უსაფუძვლო. მართალია, თუნდაც 500 ლარიანი მინიმუმი ყველა ბიზნეს ერთნაირად არ დაარტყამს, პირველ რიგში იმ მსხვილ საწარმოებს და სფეროებს სადაც საშუალო ხელფასი ისედაც მაღალია, სხვა სექტორებთან შედარებით, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესზე მაინც ნეგატიურად აისახება. მთავარი რისკი მაინც ის არის, რომ წარმოების დანახარჯების ზრდისას, საწარმოს მასშტაბიდან გამომდინარე, მომგებიანობის მარჟის შესანარჩუნებლად დიდი ალბათობით მოხდება დასაქმებულების ნაწილის გათავისუფლება, გარდა ამისა გაზრდილმა დანახარჯებმა და ფინანსურმა წნეხმა შეიძლება გამოიწვიოს არაფორმალური დასაქმების ზრდა, რაც გარკვეულწილად დღესაც არის, როდესაც ხელფასის ნაწილს ნაღდზე უხდიან, ბუნებრივია გადასახადების გვერდის ავლით.

ცალკე საკითხია თუ ამ მოდელზე გადავალთ რა უფრო მისაღები იქნებოდა საათობრივი ანაზღაურების დაწესება თუ კანონში ციფრობრივი ჩანაწერი, რაც ბუნებრივია პერიოდულად მოითხოვს შემდეგ ცვლილებების შეტანას ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად. ამასთან, მსურს ავღნიშნო, რომ არ არის ეს ცალსახად სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევა, რასაც ხშირად ესმება ხოლმე ხაზი. დღეს დასავლეთში ბაზრის ფუნდამენტური თეორია ისედაც სერიოზულ გადაფასებას განიცდის და ეს ტენდენცია ევროპაშიც კი რეალურად უკვე შეცვლილია. არაფერს ვამბობ ამერიკაზე და ტრამპზე. ანუ, ბაზრის ფუნდამენტური თეორიის ნარატივი, რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს და სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესისათვის ნეგატიურია, 2008 წლის გლობალურმა კრიზისმა და დეფლაციამ მნიშვნელოვნად გადააფასა, როდესაც ბაზარმა თვითრეგულაცია ვერ შეძლო, და კრიზისის დაძლევა სწორედ სახელმწიფოს ჩარევით და ბიზნესისათვის და ბანკებისათვის მრავალმილიარდიანი დაკრედიტებით ანუ ისევ გადამხდელების ფულით გახდა შესაძლებელი. პირველ რიგში ეს თავისუფალი ბაზრის ფლაგმანზე აშშ -ზე ითქმის.

წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მინიმალური ხელფასის დაწესებას აქვს თავისი დადებითი მხარეც, ოღონდ დროში და სივრცეში არ უნდა იყოს აცდენილი. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისათვის ეს თემა, მით უმეტეს ახლა საარჩევნო წელს, ელექტორალურად მომგებიანია, თუნდაც სამუშაო ძალის ე.წ ექსპლოატაციის ფაქტორის სპეკულირებიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქვეყააში ისედაც არის მემარცხენე განწყობები.

რაც შეეხება ინვესტიციებთან ამ თემის დაკავშირებას, აქაც უნდა ავღნიშნო, რომ მარტო იაფფასიანი სამუშაო ძალა არ არის ინვესტიციების შემოდინების გარანტი, აქ საკანონმდებლო ბაზასთან ერთად, სხვა უკვე გეო-პოლიტიკური და გეო-ეკონომიკური ფაქტორები იძენენ გადამწყვეტ მნიშვნელობას. მარტო იაფი სამუშაო ძალით ჩვენ უშუალო კონკურენტებს ვერ მოვუგებთ, ვგულისხმობ პირველ რიგში აზიის განვითარებად ქვეყნებს. აქვე შევნიშნავ, რომ გაცილებით ეფექტური ბერკეტი როგორც საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის, ისე მოთხოვნის სტიმულირების თვალსაზრისით, არსებული გადასახადების კიდევ უფრო დაწევა უფრო იქნება, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი გადასახადების კუთხით.

აქედან გამომდინარე, არა მგონია ეს თემა დღეს იყოს აქტუალური. ქვეყანაში ბოლო წლებში ისედაც გაზრდილია საშუალო ხელფასი პრაქტიკულად ორჯერაც კი და დღეს ათას ლარზე მეტია, შესაბამისად მინიმალური ხელფასიც გაზრდილია, ამიტომ ახლა რაღაც ციფრების დაწესება არ იქნება ოპტიმალური გამოსავალი. თუ შეიცვლება საარსებო მინიმუმის დათვლის წესი, იქნებოდა მომავალში საორიენტაციოდ სწორი და სოციალური პოლიტიკის და მოთხოვნის სტიმულირების თვალსაზრისითაც, სახელმწიფოს მხრიდან გამართლებული და ეკონომიკურადაც მომგებიანი.

მიმაჩნია, რომ დღეს მთავარი ამოცანა არის არა მინიმალური სახელფასო განაკვეთის დადგენა, არამედ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოდელზე გადასვლა, რაც კეთილდღეობის ზრდასთან ერთად ამ პრობლემასაც ავტომატურად მოაგვარებს.

_ სწრაფ ეკონომიკურ ზრდასტან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკოსების ისე ექსპერტების მხრიდან, საკმაოდ აქტიური კრიტიკა ისმის. გარდა ამისა, მათი თქმით, ორნიშნა ეკონომიკური ზრიდის მიღწევა საკმაოდ რეალისტურია. საინტერესოა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოდელში თქვენ რას გულისხმობთ?

– მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიანი და დინამიური ზრდის მისაღწევად, აუცილებელია მკაფიო წარმოდგენა იმისა, თუ რა არის ეკონომიკური ზრდა, რა არის მისი წყაროები და პირიქით, თუ რა ზღუდავს მას. სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთმანეთში ხდება მოკლევადიან ეკონომიკურ სტაბილიზაციის და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის არევა, თვით ექსპერტულ დონეზეც კი. ეკონომიკური ზრდის ცნება პირდაპირ ეხება გრძელვადიან ზრდას, ხოლო მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა განიხილება ბიზნეს ციკლში, რადგან ყველა ეკონომიკა პერიოდულად განიცდის რეცესიას. შესაბამისად, ციკლიც შეიძლება იყოს არაერთგვაროვანი, რადგან რყევებიც განსხვავებული ხასიათის შეიძლება იყოს.

აქედან გამომდინარე, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, იქნება ეს მთავრობის ზომა, საგადასახადო ტვირთი თუ მონეტარული აგრეგატების ქცევა, თუ გადაწყვეტილებების მიღების ერთიანი სისტემა, მთლიანად მაღალი ზრდის ხელშეწყობაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

თუ ჩვენ განვიხილავთ თუნდაც ბოლო ათწლეულში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. იქნება ეს ევროპის, აზიის, აფრიკის თუ ამერიკის ქვეყნები, მიუხედავად ამ ქვეყნების განსხვავებული ისტორიული და კულტურული ხასიათისა, ეკონომიკური და ადამიანური პოტენციალისა. კერძოდ, 7 %-ზე მაღალი ზრდა გარდა ბუნებრივი რესურსებისა, გამოწვეული იყო განათლების სფეროში თანხების დაბანდებით, ინოვაციების მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და მომსახურების სფეროსთან ერთად, სამრეწველო და აგროსექტორის პოტენციალის ზრდით;

დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ზრდის ყველაზე მაღალი საშუალო ვადიანი პროგნოზი. სსფ-ის პროგნოზის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა 2019-2023 წლებში არა თუ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში, ყველა მზარდი იქნება საშუალოდ 5.2 % -ის ფარგლებში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის არც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის და არც კეთილდღეობის საშუალო ევროპული დონის მისაღწევად. ამ ზრდის ტემპებით მინიმუმ 30 წელი მაინც დაგვჭირდება საშუალო ევროპულ დონეზე რომ გავიდეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მეტი დინამიზმი განვითარებაში და ნამდვილად არა გვაქვს დასაკარგი დრო.

თვალსაჩინოებისთვის წელიწადში 10% – იანი ზრდისას უახლოეს 20 წელიწადში ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის, ხოლო თუნდაც წელიწადში 7.5 % -იანი ზრდის პირობებში ვიქნებით უკვე უახლოეს ათ წელიწადში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონეზეც კი.

გარდა იმისა, რომ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა, გვაქვს პოტენციალი გაცილებით მაღალი ზრდის მისაღწევად. აქ ვგულისხმობ თუნდაც 7-7.5 %-იან ზრდის მაჩვენებელზე გასვლას. ეკონომიკის სექტორალური განვითარების და დივერსიფიკაციის კუთხითაც არა მხოლოდ მომსახურების სერვისების, ტურისტული ინდუსტრიის და სატრანსპორტო და საპორტო არტერიების მზარდ განვითარებასთან ერთად, საწარმოო პოტენციალის და პირველ რიგში ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების და რაც მთავარია, კაპიტალის ბაზრის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობაზე იქნება აგებული.

– ეკონომიკური ზრდის თეორიული საწყისები სრულიად გასაგებია. თუმცა, მკითხველისთვის უფრო საინტერესო იქნება კონკრეტულ პრაქტიკულ პერსპექტივებზე საუბარი. უშუალოდ რა ტიპის ნაბიჯები არის გადასადგემელი მოცემული მიზნის მისაღწევად?

– ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, თუნდაც სამთავრობო პროგრამის `აწარმოე საქართველოში” და “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში ან თუნდაც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, მეწარმეებისათვის ფინანსური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებით, ასევე რაც მთავრია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მაგრამ თავისი ფუნქციონალური დატვირთვით, ეკონომიკისათვის პრაქტიკულად ნულოვანი ეფექტის მქონე, მნიშვნელოვანი აქტივების, როგორც უძრავ-მოძრავი ქონების, ასევე ცალკეული სსიპ-ების და ააიპებ-ის უფრო აქტიური და მიზანმიმართული ჩართვით ეკონომიკურ ბრუნვაში. დღეს სახელმწიფო საწარმოთა დიდი ნაწილი ზარალიანია, მხოლოდ 13% მუშაობს მოგებაზე, რაც ერთის მხრივ არაეფექტურ მართვაზე მიუთითებს, ხოლო მეორე მხრივ, მძიმედ აწვება ბიუჯეტს და აფერხებს ეკონომოკურ ზრდას. აქ გამოსავალი შეიძლება იყოს არა მხოლოდ საწარმოთა ნაწილის პრივატიზება, არამედ სახელმწიფო საწარმოების მართვის გაცილებით ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებაც, რაც განსაზღვრავს და ჩამოაყალიბებს მართვის უნიფიცირებულ პრინციპებს, და რაც წარმატებით გამოიყენება ევროპის ქვეყნებში.

მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას ნამდვილად შეუძლია, ამ ამოცანების წარმატებით გადაწყვეტა. აქ იგულისხმება უფრო რადიკალური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმების შემუშავება, როგორც ზრდის ხელშემწყობი ამოცანების დაგეგმვის, ისე აღსრულების და კონტროლის მიმართულებით, პირველ რიგში მართველობითი სტრუქტურების და სამინისტროების დონეზე.

ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული მსხვილი საინვესტიციო პროექტები, აბასთუმნის რეაბილიტაციასთან ერთად, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ასევე, სამეცნიერო კვლევით ცენტრების მშენებლობა მთლიანად ჯდება სწრაფი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიაში, რადგან ასრულებს რა თავისებური ლოკომოტივის როლს, აზღვევს სხვა კერძო პოტენციურ ინვესტიციებსაც.

ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს დიდ ბაზრებთან ინტეგრაციით მიღებულ ეფექტსაც. ამას ადასტურებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერის შემდგომ თითქმის 30 %-ით გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც. ჩინეთთან და დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, უახლოეს მომავალში კი უმსხვილეს ეკონომიკასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლა, ანუ მსოფლიოს მეგაეკონომიკებთან ინტეგრაცია ქმნის ერთგვარი დიდი ბაზრების სინერგიის ეფექტსაც, როგორც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის, ასევე უსაფრთხოების და პირველ რიგში საექსპორტო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით. თავის მხრივ, ქვეყნის საერთაშორისო, მათ შორის სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება, საერთაშორისო ვაჭრობის სტიმულირებასთან ერთად, ქმნის კარგ წინაპირობებს საინვესტიციო პოტენციალის გასაზრდელად, არა მხოლოდ დაბალი ან საშუალო ტექნოლოგიური ინვესტიციების, არამედ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვითაც.

ჩვენ გვაქვს კარგი შანსი სწრაფი ეკონომიკური ზრდის სტრატეტეგის შედეგად, არათუ მკვეთრად გაიზარდოს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები, არამედ უკვე უახლოეს წლებში გადავიქცეთ რეგიონის არა მხოლოდ სატრანსპორტო ან ტურისტულ ჰაბად, არამედ სამრეწველო და საგანმანათლებლო ჰაბადაც კი.

ესაუბრა ლიკა მაისურაძე

Share