Home » საზოგადოება » სუფთა ჭურჭელი ქალის სიცოცხლის 564 დღე ღირს – ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელი
სუფთა ჭურჭელი ქალის სიცოცხლის 564 დღე ღირს - ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელი

სუფთა ჭურჭელი ქალის სიცოცხლის 564 დღე ღირს – ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელი

ყველაზე დიდ დროს ამ საქმიანობაში 45 წლიდან 54 წლამდე ასაკის ქალები ხარჯავენ.

ვისაც გამოუცდია, მოეხსენება, რომ ჭურჭლის რეცხვა დაუსრულებელი და არც ისე სახალისო საოჯახო საქმიანობაა. როგორც აღმოჩნდა, ამ აქტივობის ქონის გამოცდილება ბევრის რეზიუმეში ვერც კი ხვდება. „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ ჭურჭლის რეცხვის შესახებ საქართველოს მასშტაბით 1100 რესპონდენტი გამოკითხა და გამოიკვლია, რომ მსგავსი გამოცდილების დეფიციტი „საშინაო შრომის ბაზარზე“ უმეტესად, კაცებს აქვთ.

კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხული ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელს. ქალები დღის მანძილზეც ხშირად რეცხავენ ჭურჭელს – საშუალოდ, 3-ჯერ.

ეს საქმიანობა უსასრულო მხოლოდ მოსაწყენობის გამო არ ჩანს – როგორც კვლევამ აჩვენა, ერთ ჯერზე ადამიანი, საშუალოდ, 21 წუთს ანდომებს ჭურჭლის რეცხვას. ჭურჭლის რეცხვაზე დახარჯული დრო ყველაზე მაღალი 45-დან 54 წლამდე ქალებშია. ამ ასაკის ქალი წელიწადში, საშუალოდ, 19 დღეს ატარებს ჭურჭლის რეცხვაში. კაცების ის მცირე ნაწილი, ვინც ჭურჭელს რეცხავს, ყველაზე ხშირად, ამ საქმიანობით 18-24 წლის ასაკშია დაკავებული (მარტო მცხოვრები სტუდენტი ბიჭები).

საბოლოო ჯამში, 65 წლის ქალს ცხოვრების მანძილზე, საშუალოდ, 564 დღე აქვს გატარებული ჭურჭლის რეცხვაში, ამავე ასაკის კაცს კი – 95. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ამ საქმიანობაზე დახარჯული დრო ყველა ასაკობრივ ჯგუფში შემცირებულია, რაც სავარაუდოდ, ამ სფეროში საოჯახო ტექნიკის განვითარებითაა გამოწვეული.

ipm.ge

Share