Home » ახალი ამბები » სტიქიით დაზარალებულ ჭუბერში დამატებითი ტექნიკა გაიგზავნება
სტიქიით დაზარალებულ ჭუბერში დამატებითი ტექნიკა გაიგზავნება

სტიქიით დაზარალებულ ჭუბერში დამატებითი ტექნიკა გაიგზავნება

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ დღეს, 6 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჭუბერში მძიმე ტექნიკის 8 ერთეულს აგზავნის. ტექნიკით უზრუნველყოფას საპროექტო კომპანიის სუბკონტრაქტორი – „ქართული სამშენებლო კონსურციუმი“ ახორციელებს.

5 ივლისს მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო ჭუბერში, სადაც ნენსკრა ჰესის პროექტი ხორციელდება, სოფლის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა, დაზიანდა გზები და ხიდები.

2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას გულისხმობს, დროებით შეჩერებელი იყო, თუმცა მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სოციალური პროექტებსა და მიწის გამოსყიდვაზე.

„სამომავლოდ ხეობაში კაშხლის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, მსგავსი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში მდინარის კალაპოტში წყლის რაოდენობა ეფექტურად გაკონტროლდეს, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს“, – აცხადებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.

 

Share