Home » ფინანსები » სოსო არჩვაძე – საარსებო მინიმუმს წლების განმავლობაში ხელოვნურად ამცირებდნენ
სოსო არჩვაძე - საარსებო მინიმუმს წლების განმავლობაში ხელოვნურად ამცირებდნენ

სოსო არჩვაძე – საარსებო მინიმუმს წლების განმავლობაში ხელოვნურად ამცირებდნენ

„საარსებო მინიმუმი და სიღარიბის ზღვრის მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირი შინაარსის მდგენელია, ჩვენთან კი ისინი ერთმანეთისაგან დაცილებულები არიან“

საქსტატის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარით, 181.2 ლარამდე გაიზარდა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი იყო. ასევე, თებერვალთან შედარებით, მარტში 1.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160.5 ლარი შეადგინა, 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი გახდა.

საქსტატის გათვლებით, გაზრდილია ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმიც 160.5 ლარი (თებერვალში 158.7 ლარი). ამჟამად სასურსათო კალათში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია გამოუვიდეს.

რამდენად ადეკვატურად ასახავს საარსებო მინიმუმი საქართველოში სოციალუ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რა ხარვეზებია მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიაში და რა უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით, თემაზე „ბანკები და ფინანსები“ ეკონომისტ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

– საარსებო მინიმუმის გაანგარიშების საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს, ჩვენთან მას 2003 წელს მიღებული ბრძანებით ითვლიან. როგორ ფიქრობთ, რატომ არის საჭირო მისი გაანგარიშება და რამდენად გამართულია მისი გაანგარიშების მეთოდოლოგია?

– საარსებო მინიმუმის თემა ისტორიული რაკურსით უნდა დავიწყოთ. საბჭოთა პერიოდში ხდებოდა არა მარატო საარსებო მინიმუმის გამოთვლა, არამედ რაციონალური სამომხმარებლო ბიუჯეტის გაანგარიშება. ესეიგი, თუ საარსებო მინიმუმი გულისხმობს ადამიანის ფიზიონომიური მოთხოვნების მინიმალური დონის დაკმაყოფილებას, პლიუს სოციალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური ხარჯების რაოდენობა, რაციონალური სამომხმარებლო ბიუჯეტი კი გულისხმობდა ადამიანის განვითარებისთვის, სოციალურად აქტიური ფუნქციონირებისათვის საჭირო რესურსებს. მარტივად რომ ვთქვათ, დღევანდელი ნორმების მიხედვით, წელიწადში ადამიანს დაახლოებიტ საარსებო მინიმუმით უწევს 29 კილიგრამამდე ხორცი და ხორცპროდუქტები – ძეხვი, ფრინველი, საქონელი და ა.შ. ხოლო რაციონალური სამომხმარებლო ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო დაახლოებით 63 კგ ხორცი, თუმცა ეს ნორმა გარკვეულწილად 80-იანებში შემცირებული იყო, თანაც მაშინ მთლად ბოლომდე არ იცავდნენ ობიექტურობას და თუ ქვეყანაში იყო სასურსათო პრობლემა, ნორმებს ისევ ამცირებდნენ, რადგან ფაქტობრივი მოხმარება რაციონალურ მოხმარებასთან ყოფილიყო ახლოს.

– რაც დაიშალა საბჭოთა სისტემა, რაციონალური სამომხმარებლო ბიუჯეტით დათვლა აღარ ხდება და ის მორგებულია თანამედროვე საბაზრო მოთხოვნებს. 1995 წლიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაც დაემთხვა ინფლაციის დაანგარიშების კალათის ჩამონათვალის და მათი წონების დაზუსტების დადგენის პერიოდს, როდესაც დაახლოებით 300 დასახელების საქონელი იქნა შეტანილი კალათაში, მართალია შემდგომ წლების განმავლობაში ხან მეტი იყო, ხან ნაკლები, მაგრამ ამავე პერიოდში სურსათის წილი საარსებო მინიმუმში იკავებდა 70%-ს, ისევე როგორც ინფლაციის გასაანგარიშებელ საქონელწარმომქმნელთა კალათაში. ეს რიცხვები იმ რეალობიდან გამომდინარეობდა. შემდგომში ცხოვრება წინ წავიდა, რამდენადმე გაუმჯობესდა. დღევანდელი მდგომარეობით, 20 ჯგუფადაც რომ დავყოთ, სურსათის წილი დაახლოებით 50%-მდეა. დანარჩენია კომუნალური ხარჯები, ტრანსპორტი და ა.შ. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მაინც და მაინც 70% უნდა იყოს სურსათის წილის მაჩვენებელი, არ არის წოლი და ისტრიული ანაქრონიზმია. დღეს სხვა რეალობაა. მოთხოვნილებები იზრდება არამხოლოდ შემოსავლების, არამედ ზოგადად განვითარების, კულტურის, ინფორმაციაზე წვდომის და სხვა მიმართულებებით.

– საარსებო მინიმუმის დათვლისას, საქსტატი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელშიც 40 პროდუქტია შეტანილი. რამდენად ადეკვატურად ასახავს ეს 40 პროდუქტი ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვებ პროდუქტს და საჭიროა თუ არა მისი გაზრდა?

– ეს 40 პროდუქტი აბსოლუტურად საკმარისია, თუმცა პროპორციები მცენარეული წარმომავლობის პროდუქტებსა და ცხოველური წარმომავლობის პროდუქტებს შორის გარკვეულწილად უნდა შეიცვალოს. უნდა გაიზარდოს ცხველური წარმომავლობის პროდუქტების წილი, მათ შორის კალორიულობის მიხედვით. ეს გამოიწვევს იმას, რომ გაგვიძვირდება ჩვენ ამ მინიმალური კალათის ღირებულება, იმიტომ რომ ცხოველური წარმომავლობის პროდუქტი უფრო ძვირია, ვიდრე მცენარეული წარმომავლობის. საქონლის ხორცისაგან მიღბული კალორიების ღირებულება დაახლოებით 15-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე იმავე მოცულობის კალორიების მიღება შაქრისაგან. ჩვენ თუ შაქარიან ჩაის დავლევთ და პურს მივაყოლებთ, შეიძლება გავიდეთ დღიურ 2300 კილო კალორიზე, რაც დადგენილია შრომისუნარიანი მამაკაცისათვის, მაგრამ ეს არ იქნება რაციონალური და ეს აუცილებლად გამოიწვევს ჯანმრთელობისათვის სერიოზული პრობლემების წარმოქმნას.

– მიიჩნევა, რომ დღეისთვის საარსებო მინიმუმი რჩება მთავარ, საკვანძო მაჩვენებლად ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის დახასიათებისას, სიღარიბის კრიტერიუმების განსაზღვრისას, რაც სახელმწიფოს სოციალური პროგრამების შემუშავებასა და ზოგადად, სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში უდიდეს როლს თამაშობს. ეთანხმებით თუ არა, რომ საარსებო მინიმუმი ქვეყანაში ცხოვრების დონის დახასიათების საკვანძო, იგივე მთავარი მაჩვენებელია?

– ცხოვრება იმდენად წახნაგოვანია, რომ რაიმე ექსკლუზიური პრიორიტეტის მინიჭება რომელიმე მდგენელზე არ იქნება სწორი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული მაჩვენებელია საარსებო მინიმუმი, რომელსაც თვალყურს უნდა დავდევნებდეთ, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმებიც, იგივე მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე, ჯინის ინდექსი, შემოსავლების განაწილების დეცილური კოეფიციენტი, ანუ რამდენად განსხვავდება მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლები და კეთილდღეობა და რიგი სხვა კრიტერიუმები. ამიტომ, „თანავარსკვლავედში“ უნდა განვიხილოთ იმ სოციალურ-ეკონომიკურ ინდიკატორებთან ერთად, რომლებიც კომპლექსურად ახასიათებენ სოციალურ მდგომარეობას ქვეყანაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სუბიექტური დამოკიდებულების მიხედვითაც უნდა ვიმსჯელოთ საზოგადოებაში არსებულ კეთილდღეობასა თუ სტაბილურობასთან დაკავშირებით. თუ ადამიანი გრძნობს, რომ მას არ აქვს წვდომა, ვთქვათ ახალ ფეხსაცმელზე, არ შეუძლია წავიდეს კონცერტზე, ვერ შეიძინოს ახალი ნივთი ან ახალი მომსახურება და ეს ყველაფერი მოქმედებს მის ფსიქიკურ განწყობილებაზე, როგორი შემოსავალიც არ უნდა ჰქონდეს მას, ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოების სტაბილურობას ნამდვილად არ გაზრდის. ამიტომ, ეს მომენტიც გასათვალისწინებელია.

– არსებობს მოსაზრება, რომ საარსებო მინიმუმს წლების განმავლობაში ხელოვნურად ამცირებდნენ, რადგან ამით იფარებოდა მკვეთრი განსხვავება პენსიასა და საარსებო მინიმუმს შორის. რამდენად ეთანხებით ამ მოსაზრებას და თუ ეთანხმებით რა იყო მოტივი, რის გამოც მას ხელოვნურად ამცირებდნენ?

– ვინც ამ პროცესს აკვირდება და იცის, ეს მართლაც ასე იყო. 2005 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მითითება მისცა და შესაბამისმა სამსახურებმა, ხაზს ვუსვამ, არა მარტო შესაბამისი სამსახურების „დამსახურება“ არ არის ეს, არამედ იმათი, ვინც ეს მითითება გასცა. ამიტომ, მოხდა შემცირება საარსებო მინიმუმის. შემცირდა კალორიულობა, მოხმარებულ კალორიებში გაიზარდა მცენარეული პროდუქტების წილი. დაახლოებით 30%-იტ შემცირდა მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება. ანუ, მანიპულაციამ, ციფრებით ჟონგლირებამ საშუალება მისცა ხელისუფლებას, რომ სირარიბის ზღვარს მიღმა მყოფი შინამეურნეობების რაოდენობა შეემცირება 52-დან 35%-მდე. თუმცა, ამ მეთოდიკის დათვლით, შემდგომში კვლავ გაგრძელდა ზრდა და სულ მალე, წელიწად-ნახევარში 32-დან 39%-მდე გაიზარდა. ამას კიდევ სხვა ფაქტორებიც დაემთხვა. არ იმუშავა ამ ფორმატმა. დღევანდელი მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ 6-7-ჯერ ჩამორჩება შესადარ ფასებში ჩვენი საარსებო მინიმუმი აშშ-ის სიღარიბის ზღვრის მაჩვენებელს. ასევე, მანიპულაცია იყო იმ მიმართულებით, რომ მოხდა დაშორება საარსებო მინიმუმისა და სიღარიბის ზღვრის მაჩვენებელს შორის. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები თითქმის იდენტური მნიშვნელობის არიან. საქართველოში და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ისინი ეტიმოლოგიურად და შინაარსობრივად ერთმანეთისაგან დაცილებულები არიან. თუ მაგალითად, 181 ლარია შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი, თუ მას აქვს 185 ან თუნდაც 200 ლარი, ის ვერ ჩათვლის,რომ მან დასძლია სიღარიბის ზღვარი. საამისოდ მას სჭირდება გაცილებით მეტი შემოსავალი.

ესაუბრა ბაჩანა ჯინჭარაძე

Share