Home » საზოგადოება » სომხეთი ბირთვული ნარჩენების გატანას საქართველოს ტერიტორიის გავლით აპირებს?
სომხეთი ბირთვული ნარჩენების გატანას საქართველოს ტერიტორიის გავლით აპირებს?

სომხეთი ბირთვული ნარჩენების გატანას საქართველოს ტერიტორიის გავლით აპირებს?

სომხური მედიაში ბოლო ხანს არაერთი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ლაპარაკია, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საცავებში ადგილი თითქმის აღარ არის. “ერევანი ბირთვული ნარჩენების რუსეთში გატანის გზას ეძებს… საქართველოს გავლით” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სომხური გამოცემა “არავოტი”, რომლის თანახმადაც სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საცავებში დღეს იმდენი გადამუშავებული ბირთვული საწვავი ინახება, რომ უკვე ადგილი აღარ არის. შესაბამისად, არსებობს პრობლემა რადიოაქტიური ნივთიერების სომხეთიდან გატანის თაობაზე. ასეთი შეშფოთება გამოხატა კომპანია “არმატომის” დირექტორმა ვაგრამ პეტროსიანმა, რომელიც სომხეთის ატომური დარგის განვითარების პერსპექტივის განხილვაში მონაწილეობდა. როგორც მან აღნიშნა, გამოყენებული ბირთვული საწვავის ნარჩენები სომხეთის (მეწამორის) აეს-ის ტერიტორიაზე მდებარე სპეციალურ სათავსოებში – თხევად აუზებსა და მშრალ საცავებში ინახება, რაც იძულებით ნაბიჯს წარმოადგენს.

როგორც გაზეთის კორესპონდენტს სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა არტემ პეტროსიანმა განუმარტა, უკანასკნელად სომხეთიდან რუსეთში ბირთვული საწვავის ნარჩენები 1989 წელს გაიტანეს, რკინიგზის მეშვეობით, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. მას შემდეგ ატომური მასალები სომხეთში, მეწამორის აეს-ის საცავში რჩება, რომელიც ევროკავშირის დახმარებით, ფრანგულ კომპანია Areva-სთან შეთანხმების საფუძველზე აიგო. მისი თქმით, დღეისათვის რადიოაქტიური ნარჩენების სომხეთიდან რუსეთში გატანის მიზნით, ერთადერთ ალტერნატიულ გზას საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს.

არტემ პეტროსიანმა “არავოტ”-თან საუბარში აღნიშნა, რომ ამჟამად განიხილება სამუშაო წინასწარი ვარიანტები ბირთვული სათბობის ტრანსპორტირების თაობაზე: “საერთაშორისო პრაქტიკაში არის ბირთვული საწვავის ნარჩენების საჰაერო გზით გადატანის მცდელობები, მაგრამ  ძირითადად მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი რეაქტორების ნარჩენები გადააქვთ ხოლმე, რომლებიც მცირეა მოცულობით და მათი რადიოაქტიურობის დონეც დაბალია. რაც შეეხება ენერგეტიკული რეაქტორების ნარჩენების რუსეთში გატანის საკითხს, ჩვენ არ გვაქვს ამ საკითხზე დადებული შეთანხმება საქართველოსთან. ვმსჯელობთ ტექნიკურ საკითხებზე – რამდენად შეიძლება მათი გადატანა რკინიგზით, მიზანშეწონილი იქნება თუ არა ფინანსური თვალსაზრისით, ეფექტური იქნება თუ არა ეკონომიკურად და ა.შ.”

“კვირის პალიტრა”

Share