Home » ახალი ამბები » სოფო ჯაფარიძემ პრემიერის თანაშემწის პოსტი დატოვა
სოფო ჯაფარიძემ პრემიერის თანაშემწის პოსტი დატოვა

სოფო ჯაფარიძემ პრემიერის თანაშემწის პოსტი დატოვა

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე თანამდებობა ტოვებს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

ჯაფარიძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასურველი იქნებოდა, მის შემცვლელს უფრო მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი ჰქონდეს.

„გაცნობებთ, რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერმინისტრის თანაშემწის პოზიციას (მალე გაცნობებთ საით გამიწევია).

მანამდე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი, რა პოზიციაზე, ა.შ.) წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის. იგივე ეხება ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა, რომ ის ადამიანი, ვინც გადაიბარებს ჩემ საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური, ისე ფინანსურით) იმისათვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება.

ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია, რომ სხვადასხვა სახის გამოწვევებს უბრალოდ ვეღარ გავუმკლავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე (cause) ყველაფერს გაუმკლავდები (ბუნებრივია იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებსაც ზევით მადლობა გადავუხადე).

არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, ამას თქვენ უკეთ შეაფასებთ და დროც თავისას იზამს. გარდა ამისა, ნამდვილად მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი, ვფიქრობ ეს ის ნაწილია, რომელიც სხვებს უნდა ვანდო.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობა, გუნდური სულისკვეთება, კარგი კოორდინაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. ნამდვილად არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვისა და ინდივიდულური პიარისთვის. არ არის აუცილებელი ყველას ერთმანეთი მოგვწონდეს (აქაც ისევე ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულისხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა (რასაც, ბუნებრივია, დამსახურება სჭირდება). იმედი მაქვს, რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე“, – წერს ჯაფარიძე.

ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერის თანაშემწის თანამდებობას სოფო ჯაფარიძე 2014 წლიდან იკავებდა.

Share