Home » ეკონომიკა » სოფლის მეურნეობა სულს ღაფავს – სექტორის წილი ეკონომიკაში ისტორიულ მინიმუმზეა
სოფლის მეურნეობა სულს ღაფავს - სექტორის წილი ეკონომიკაში ისტორიულ მინიმუმზეა

სოფლის მეურნეობა სულს ღაფავს – სექტორის წილი ეკონომიკაში ისტორიულ მინიმუმზეა

სოფლის მეურნეობა სულს ღაფავს – სექტორის წილი ეკონომიკაში ისტორიულ მინიმუმზეა

სოფლის მეურნეობის განვითარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავიდანვე პრიორიტეტად დაასახელა და დარგის განსავითარებლად, არაერთი პროგრამა, სიპი თუ ა(ა)იპ შექმნა. ერთ-ერთი ასეთია „სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტო“, რომელიც 2012 წელს შეიქმნა და რომლის ამოცანასაც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

თავის მხრივ, სოფლის „მეურნეობის მართვის სააგენტო“ აერთიანებს 8 სხვადასხვა პროექტს, „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“, „ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროექტი“, „აგროდაზღვევის პროექტი“, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, „ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტი“ და „მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტი“.

თავის მხრივ, პროექტების მიზანიც სოფლის მეურნეობისა და სოფლად წარმოების განვითარებას ხელშეწყობაა. მაგრამ, თუ განხორციელებულ პროექტებს ციფრებში შევხედავთ მონაცემები არც თუ მასშტაბურია. მაგალითად, პროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, 2015-2016 წლებში სულ 1436 ჰა ბაღები გაშენდა და პროექტის თანადაფინანსებამ 7.4 მლნ ლარი შეადგინა. ასევე, მოკრძალებულია დამამუშავებელი საწარმოების რაოდენობაც, რომელიც პროექტის ფარგლებში 2013-2016 წლებში აშენდა და ჯამში 28 ერთეულს არ აღემატება.

ნეგატიური ტენდენციით ხასიათდება საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტიც, რომელიც, ასევე, 2013 წლიდან ამოქმედდა. კონკრეტულად თუ 2013 წელს პროექტის ფარგლებში დამუშავებული მიწის ფართობი 208.900 ჰა აღწევდა, 2016 წელს ეს ფართობი 195,456 არ აღემატებოდა. შესაბამისად, იცვლება დაფინანსების მოცულობაც, თუ 2013 წელს პროექტისთვის 190 მლნ ლარზე მეტი გამოიყო, 2016 წელს ეს თანხა 42 მლნ არ აჭარბებდა.

მონაცემების მიხედვით, გაცილებით უფრო წარმატებულია „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2013-2016 წლებში 24,537 აგროკრედიტი გაიცა, 700 მლნ ლარისა და 207 მლნ დოლარის ოდენობით. მაგრამ, თუ სოფლის მეურნეობის წილს ჩავხედავთ ქვეყნის ეკონომიკაში დავინახავთ, რომ აღნიშნული პროგრამების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის წილი, მთლიან ეკონომიკაში არამც, თუ გაიზარდა, არამედ პირიქით აღნიშნულ მონაკვეთში შემცირდა კიდეც. უფრო კონკრეტულად თუ 2012 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის წილი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში 7,8% იყო, 2017 წლის მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებელი 7,2%-ზე ფიქსირდება. შესაბამისად, აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების თვალსაზრისით, არაეფექტურია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ, ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან, მოხდეს არსებული პოლიტიკის საფუძვლიანი გადააზრება და იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც რეალურად სექტორის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

სოფლის მეურნეობაში შექმნილ მძიმე სურათზე მეტყველებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან მიღებული შემოსავლებიც. კონკრეტულად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიდან მიღებული თვიური შემოსავალი, გაანგარიშებული ერთ შინამეურნეობაზე ასე გამოიყურება, 2014 წელი 59ლარი, 2015 წელი 68 ლარი, 2016 წელი 63 ლარი, 2017 წელი 48 ლარი. როგორც ვხედავთ, სხვა მონაცემების მსგავსად, პროდუქტის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლებიც კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა ჩნდება კითხვა რამ გამოიწვია 2015 წელს სასოფლო პროდუქტების რეალიზებიდან მიღებული შემოსავლების მკვეთრი მატება. საქმე ის არის, რომ 2014 წელს ქვეყანაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 600 მლნ დოლარით მეტის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა სოფლის მეურნეობის სექტორშიც გაიზარდა 7 მლნ დოლარზე მეტით, რამაც, ცხადია, მომავალი წლის მონაცემებზე გავლენა იქონია.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი ამ მიმართულებით გასულ წელს შეიქმნა, როდესაც სასოფლო პროდუქტებიდან მიღებული თვიური შემოსავალი ერთ შინა მეურნეობაზე, 48 ლარამდე შემცირდა, თუ ამას დავუმატებთ 2017 წელს ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც 6%-ის ფარგლებში დაფიქსირდა და მიზნობრივ მაჩვენებელს 2 % გადასცდა, თვიური რეალური შემოსავალი ერთ შინამეურნეობაზე კიდევ უფრო ცოტა გამოდის.

დარგში არსებული მდგომარეობის კიდევ ერთი საზომი, წლების მანძილზე სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაა, რომელიც წლიდან წლამდე, პრაქტიკულად არ იცვლება. კერძოდ, თუ 2016 წელს ქვეყანაში 1.565.8 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2017 წელს ეს მონაცემი 16.2 %-ით გაიზარდა და 1861.9 მლნ დოლარს მიაღწია. მთლიანი ინვესტიციების მსგავსი მატების ფონზე, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები ან არ იზრდებოდა, ანდაც შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. მაგალითად, თუ 2015 წელს სოფლის მეურნეობაში 18 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ეს მონაცემი 2016 წელს 8 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2017 წელს კი მცირედით გაიზარდა და 12 მლნ მიაღწია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ინვესტორი დარგის განვითარების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, მაშინ ნათელია, თუ რატომ მცირდება სოფლის მეურნეობის გამოშვება წლიდან წლამდე.

თავის მხრივ, დარგში ინვესტიციების შემცირებას ხელს უწყობს სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკაც, რომელიც ძალიან ზოგადია და კონკრეტულ დარგებზე არ არის ფოკუსირებული. კერძოდ, სახელმწიფოს არ გააჩნია სპეციფიკური მიდგომა, ისეთი ნაკლებად მიმზიდველი დარგების მიმართ, როგორიც სოფლის მეურნეობაა. ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი დარგები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკას გააჩნია და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. აქედან გამომდინარე, ამის “წამალიც” უკვე არსებობს და რაღაც ახლის მოგონება საჭირო არ არის. ასეთ დარგებს სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, დამატებითი ბიძგი ინვესტორისთვის, რომ მან თავისი კაპიტალი შედარებით ნაკლებ მომგებიან დარგში დააბანდოს. ინვესტორებისთვის ნაკლებ პოპულარული დარგების წასახალისებლად იყენებენ, ისეთ ბერკეტებს როგორიც არის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორში, სხვადასხვა რეგულაციების შერბილება ან საერთოდ გაუქმება.

ასევე, განვითარებადი ქვეყნები ხშირად მიმართავენ საგადასახადო ლიბერალიზაციას ე.წ. საგადასახადო სამოთხეების მოწყობას და ა.შ. მსგავს დარგებს სჭირდებათ სპეციფიკური მიდგომა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საინვესტიციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც მსგავსი სენსიტიური დარგებისთვის სპეციალური მოქმედების გეგმა იქნება შემუშავებული იმდენად, რამდენადაც ზემოთხსენებული ზოგადი ნაბიჯების გადადგმა საკმარისი არ არის, რასაც ციფრებიც გვაჩვენებს.

პაატა თურქია

Share