Home » ეკონომიკა » სოფლის მეურნეობა ციფრებში – მსოფლიო და საქართველო
სოფლის მეურნეობა ციფრებში - მსოფლიო და საქართველო

სოფლის მეურნეობა ციფრებში – მსოფლიო და საქართველო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი მსოფლიოში სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. დსთ -ს სივრცეში ამ საქმიანობას 20 მილიონი ადამიანი ეწევა. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 12 მილიონი.მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობით 22 მილიონი ადამიანი დაკავებული.ამ საქმიანობას ჩინეთში 450 მილიონი ადამიანი ეწევა. აფრიკაში ჩინეთში და სხვა განვითარებად ქვეყნებში შემოსავალს სოფლის მეურნეობიდან დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი იღებს.

იმ ქვეყნების ათეულს,რომლებიც სოფლის მეურნეობიდან ყველაზე დიდ შემოსავალს იღებენ ჩინეთი ლიდერობს. ყოველწლიურად ეს ქვეყანა 1 ტრილიონ 88 მილიარდი დოლარის სასოფლო სამეურნეო პროდუქციას ყიდის. 413 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზე ინდოეთია. 290 მილიარდით მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკული ექსპორტი ძირითადად ხორცის და რძის პროდუქტებით არის წარმოდგენილი. ინდონეზია – ეს ქვეყანა ძირითადად ყავის, კაუჩუკის,კაკაოს და სუნელებლების ექსპორტშია სპეციალიზებული.სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლებით ეს,ქვეყანა მოწინავე სამეულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა 127 მილიონიც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. 110 მილიარდი დოლარით მეოთხე ადგილზე ბრაზილიაა. დიდი შემოსავლები დაახლოებით 106 მილიარდი დოლარი აქვს ნიგერიასაც. 63 მილიარდით ათეულში მეშვიდე ადგილზეა პაკისტანი. მერვე ადილზეა და პაკისტანს 1 მილიარდით ჩამორჩება თურქეთი. 59 მილიარდით მეცხრე ადგილზე არგენტინაა. მეათე ადგილზეა და 51 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს იაპონიას.

FAO -ს ექსპერტების შეფასებით, განვითარების მზარდი ტემპით ხასიათდება ორგანული სოფლის მეურნეობა. IFOAM-ს მონაცემებით, ორგანული პროდუქციის ბაზარმა 90 მილიარდ ევროს გადააჭარბა.ყველაზე დიდი ბაზარი დაახლოებით 40 მილიარდის აშშ-ს აქვს. მეორე ადგილზე 10 მილიარდით გერმანია. ორგანული საკვები პროდუქტების ბაზარი საფრანგეთში 7,9 მილიარდ ევროს აჭარბებს. ყველაზე ორგანულ საკვებ პროდუქტებს შვეიცარიაში ყიდულობენ – 288 ევროს ერთ სულ მოსახლეზე. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 278 ევროა, შვედეთში 237 ევრო.

რაც შეეხება საქართველოს. აღსანიშნავია,რომ ბოლო წლებში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებული უარყოფით სავაჭრო სალდო კლების ტენდენციით ხასიათდება. 2018 წლის წინასწარი მონაცემით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებულმა უარყოფითმა სავაჭრო სალდომ, 394 მილიონი დოლარი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით ეს მონაცემი უმნიშვნელოდ 0.4%-ით არის შემცირებული. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2012 წელს სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 753 მილიონი დოლარი იყო, გამოდის რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უარყოფითი სავაჭრო სალდო თითქმის განახევრდა.

გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე 959.2 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია გაყიდა. საქსტატის მონაცემებით ექსპორტი მსოფლიოს 96 ქვეყანაში განხორციელდა და გასაღების ბაზრებს შორის 25 პროცენტიანი წილით რუსეთი ლიდერობს. 16%-ით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია. მესამე ადგილზე 15%-ით ევროკავშირია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 67.3 მლნ აშშ დოლარით (9.2%-ით) არის გაზრდილი.

რაც შეეხება იმპორტს, 2018 წელს საქართველოში1.3 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. ექსპორტის მსგავსად ამ შემთხვევაშიც ლიდერი რუსეთია ( 23%). 22 %-ით მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ევროკავშირია. 21%-ით მესამე ადგილზე უკრაინაა. თურქეთის წილმა ექსპორტში 10 % შეადგინა.

საინტერესოა,რომ ექსპორტის ზრდის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში შემცირებას განაგრძობს და 2018 წელს 7,7% შეადგინა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 8% იყო.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობას.საქართველოში სამუშაო ძალის დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და ამ მაჩვენებლით ისეთი ქვეყნებს შორისაა როგორიცაა, ვიეტნამი, ჰაიტი, ინდოეთი,კენია, მაროკო,პაკისტანი ნიგერია და განა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 37 %-ია. სომხეთში 33 %, თურქეთში 19 %, ხოლო რუსეთში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი 8 %-ს არ აღემატება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში 26% იყო. ეს მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში 5%-ს არ აღემატება.

ლიკა მაისურაძე

Share