Home » ეკონომიკა » ,,სოციალურ მიმართულებებზე აქცენტი შეცდომაა, რადგან საქართველო არ არის მხოლოდ პენსიონერების და ავადმყოფების ქვეყანა“
,,სოციალურ მიმართულებებზე აქცენტი შეცდომაა, რადგან საქართველო არ არის მხოლოდ პენსიონერების და ავადმყოფების ქვეყანა“

,,სოციალურ მიმართულებებზე აქცენტი შეცდომაა, რადგან საქართველო არ არის მხოლოდ პენსიონერების და ავადმყოფების ქვეყანა“

,,მამუკა ბახტაძე უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული ლიდერი და მან უნდა შექმნას ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია“

 სამთავრობო გუნდში მიდმინარე ცვლილებებზე, ახალი პრემიერ მინისტრის პრიორიტეტებზე, სიღარიბის დაძლევის გზებზე, ბიზნესში არსებულ პრობლემებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე  გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები“ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ესაუბრა.

– როგორ შეაფასებდით ახალ პრემიერ მამუკა ბახტაძეს? რა მთავარი გამოწვევების წინაშე იქნება იგი და  რა უნდა იყოს მისი პრიორიტეტი პრემიერობის პერიოდში?

– ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული ლიდერი. გუნდი და  გუნდის სიძლიერე, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, თუმცა პირველ რიგში თავად ბახტაძე უნდა იყოს ლიდერის თვისებების მატარებელი. გუნდის მაღალკვალიფიციურობა სახელმწიფოს მართვაში და სტრუქტურების ჩამოყალიბებაშია მნიშვნელოვანი. ბახტაძემ უნდა მიიღოს მკაცრი და ხანდახან არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც. ამავდროულად, უნდა გაითვალისწინოს, რომ მოკლე ვადაში დიდი შედეგების მიღწევას ვერ მოახერხებს, მან აუცილებლად უნდა დასახოს გრძელვადიანი სტრატეგია და მოერგოს მას. მისი დღევანდელი და მომავალი კარიერა  დამოკიდებულია მის პრინციპულობაზე და პროფესიონალიზმზე. მან აუცილებლად უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა ჭკუით, პრინციპულობით, შრომით და სწორი პროგრამებით, და არა ჯიბრით.

 – თქვენ ინტერვიუებში მუდმივად საუბრობდით, რომ აუცილებელი იყო ბიუროკრატიის შემცირება მთავრობაში, სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება ახალმა პრემიერმაც და განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობას 14-დან 11-მდე შეამცირებს, როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას და საჭიროა თუ არა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს ბიუროკრატია ჩვენს ქვეყანაში?

– შევარდნაძის მთავრობის მერე მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მაღალი ბიუროკრატია დამღუპველია, როგორც ეკონომიკურად ასევე მართვის კუთხით. რაც მეტი უფროსია სამსახურში მით ნაკლებ პასუხისმგებლობას იღებენ თანამშრომლები და დისციპლინაც საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე, არამარტო სამინისტროები უნდა გაუქმდეს, გუბერნატორების სამსახურიც გასაუქმებელია. არ მესმის რაში სჭირდება ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი გუბერნატორი, მით უმეტეს არსად ჩანს თუ რა  მოვალეობა აქვთ მათ.

რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებას, ზოგადად ფორმულირება –  სამინისტროების გაერთიანება, პირადად მე არასწორი მგონია. ყველა სიტყვას აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვაუქმებთ არსებულ სამინისტროებს და ვქმნით ახალს, უფრო ეფექტურს და მოქნილს. სტრუქტურა რომელიც არსებობდა, აღარ იარსებებს და შეიქმნება ახალი სამინისტროები.

ამავდროულად, საუბრობენ რომ შემცირების შედეგად ადამიანების ნაწილი უმუშევარი დარჩება, მე მათ საპასუხოდ ვიტყვი, რომ ის ადამიანი, ვინც ტყულად დადის სამსახურში და ამაში იღებს ხელფასს ისედაც უმუშევარია. უბრალოდ იგი უმუშევრობაში იღებს ფულს. როდესაც ადამიანი სამსახურში მიდის და ფაქტობრივად არაფერს აკეთებს ის უმუშევარია აბა რა არის. ასეთი მიდგომით ჩვენ პირიქით სიზარმაცესა და უმუშევრობას ვახალისებთ.

თორემ, ძლიერი სპეციალისტები, რომ გვყავდეს სახელმწიფო სტრუქტურებში მათ განთავისუფლების შემთხვევაშიც არ გაუჭირდებოდათ ახალი სამსახურების მოძიება და თუნდაც კერძო სექტორში დასაქმება. დამიჯერეთ, ძალიან ბევრ კომპანიაში სერიოზული  დეფიციტია ძლიერი სპეციალისტების და თუკი სახელმწიფო სტრუქტურაში ასეთი ადამიანები არსებობენ მათ კერძო სექტორი წაიყვანს. ვინაიდან ჩვენ მკაცრ კანონებს არ ვიღებთ და მათ არ ვიცავთ, ამიტოამც ვართ ღარიბები და გვაქვს ქვეყანაში სერიოზული დეფიციტი ძლიერი კადრების. თუ გვინდა, რომ ძლიერი ქვეყანა გვქონდეს გარკვეულ შემთხვევებში რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ უნდა მოვერიდოთ.

თუ იმიტომ ვასაქმებთ სახელმწიფო სამსახურებში ადამიანებს, რომ მერე მათ არჩევნებზე ხმა მისცენ ხელისუფალს, ესეც საკმაოდ არასწორი მიდგომაა,  ვინაიდან ის შეიძლება მოწინააღმდეგეც კი გახდეს ხელისუფლების, რადგან უმეტესი მათგანი უკმაყოფილოა დაბალი ხელფასებით. სჯობს აქცენტი გავაკეთოთ  პროფესიონალ კადრებზე, ვიდრე დასაქმებულ მომავალ ამომრჩევლებზე.

– როგორ შეაფასებდით მამუკა ბახტაძის ინიციატივას ფინანსთა მინისტრის რანგში, როდესაც მან ბანკებისა და საფინანსო სექტორი რეგულირებისთვის ახალი ინიციატივები გააჟღერა?

– ბახტაძის გადაწყვეტილება, როდესაც  საბანკო სისტემა გააკრიტიკა სამართლიანად, ნამდვილად დადებითი ფაქტი იყო. მანამდე სულ ამბობდნენ, რომ ბანკები არის სენსიტიური ბიზნესი და მათ არ უნდა შევეხოთ, მაგრამ არასდროს მესმოდა ეს აზრი. გაუგებარია რატომ არის საბანკო სფერო სენსიტიური  და რატომ არ არის ძეხვის წარმოება,  ცემენტის წარმოება ან სამედიცინო სფერო სენსიტიური. მათი სწორი გაკრიტიკების შემთხვევაში ბანკები დაიკეტება, შეწყვიტავენ ოპერირებას თუ რა მოხდება.

აუცილებელია, რომ  ბანკებს  მივცეთ სწორი მიმართულება. საბანკო სექტორი არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებულნი საკუთარი და სხვა ბიზნესების განვითარებაზე.

  მე ვფიქრობ, რომ ბახტაძე ამაზე არ გაჩერდება და  ველოდები შემდეგ ნაბიჯს, თუ რა ჭკვიანურ სვლას შემოგვთავაზებს საზოაგდოებას და ბიზნესს ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების სწორი რეგულირებისთვის.

 – ქვეყანაში იცვლებიან პრემიერ მინისტრები, თუმცა ფაქტია,  რომ ვერ ხერხდება არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა და მძიმე სოციალური ფონის აღმოფხვრა, რა უნდა ნაბიჯები უნდა გადადგას ახალმა მთავრობამ ამ გამოწვევების საპასუხოდ?

– ის ეკონომიკური მდგომარეობა რაც ქვეყანაში არსებობს 2–3 ან თუნდაც 5 წლიან პერიოდში, რომ მოგვარდეს შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს გრძელვადიანი პროგრამა. ამ გრძელვადიან პროგრამაში უნდა იყოს გაწერილი საშემსრულებლო დისციპლინა და ქვეყნის განვითარების სტრატეგია.

ქვეყანაში ყოველი პრემიერი არ უნდა მიდიოდეს საკუთარ პროგრამებით და შემდეგ, მომდევნო  პრემიერი მალევე არ უნდა ცვლიდეს ამ პროგრამებს. უნდა არსებობდეს ერთი გრძელვადიანი პროგრამა, რომელსაც დაამუშავებენ გამოცდილი სპეციალისტები. მე მხედველობაში მაქვს სპეციალისტები, რომლებიც მსგავს საკითხებზე ხშირად მუშაობენ და არა უბრალოდ ნიჭიერი, მცოდნე ხალხი. ჩვენ ისინი უნდა მოვიწვიოთ უცხოეთიდან ან, შესაძლოა, ასეთი სპეციალისტები საქართველოში გვყავს კიდეც, მაგრამ მე მათ ნამდვილად არ ვიცნობ და თუ არსებობენ კარგი იქნება თუ გამოჩნდებიან. დღეს ვინც დგას წინა პლანზე, თუნდაც პარლამენტის წევრები, მე ვხედავ, რომ მათ არ იციან არც ამ პროგრამების შედგენა და არც მათი მოსალოდნელი შედეგი. ჩვენთან მხოლოდ იმ პროგრამებს იწონებენ, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ თემებზე. ჩვენ თუ ქვეყნის განვითარების გრძელვადნიანი პროგრამა გვექნება პრემიერის ხშირი ცვალებადობაც ისე მტკინვეულად აღარ იქნება აღქმული.

მახსოვს როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში განაცხადა, რომ შეიქმნებოდა ქვეყნის განვითარების სტრატეგია 2030–წლამდე, თუმცა შემდეგ  დაანება თავი ამ იდეას, ვინაიდან იგი არიყო პოპულარული საზოგადოებაში. არადა ეს გადაწყვეტილება საკმაოდ სწორი იყო და კარგი იქნება თუ კვლავ მიუბრუნდებიან მას.

– კვირკაშვილის გადადგმის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ,,უნისეფის“ კვლევა სადაც საუბარია სიღარიბის ზრდაზე ჩვენს ქვეყანაში, ერთის მხრივ  გვაქვს ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად, თუმცა მეორეს მხრივ სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო უარესდება, რატომ ვერ დაიძლია ეს პრობლემა ვერცერთი ხელისუფალის ხელში და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან ქვეყნაში სიღარიბის დასაძლევად?

– ეკონომიკური ზრდის ტემპი საკმაოდ დაბალია ჩვენს ქვეყანაში, იმ ტემპით როგორც ეკონომიკა იზრდება ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ საჭირო შედეგებს. სწორედ ამიტომაა საჭირო გრძელვადიანი სტრატეგია და ადამიანებს უნდა ჩამოუყალიბდეთ აზრი, რომ 1–2 წელიწადში შეუძლებელია სერიოზული ცვლილებები ქვეყანაში.

საჭიროა, რომ გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რათა ქვეყანას ცოტა მაინც შეეტყოს წინსვლა. სხვათაშორის ხშირად მესმის, პოლიტიკოსები, რომ ამბობენ ჩვენ რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვსო. ესეც ხალხის მოტყუებაა და მეტი არაფერი.  შეიძლება ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკა გაიზარდა 4%-ით და თურქეთში 3%-ით, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, რომ თურქეთის 3% არის რამდენიმე მილიარდი, ჩვენთან კი რამდენიმე მილიონი ლარი. აქედან გამომდინარე, ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ პროცენტებით კი არ უნდა დავიანგარიშოთ, თანხებსაც უნდა ჩავხედოთ.

ხშირადაა საუბარი პენსიების ზრდაზე და ჯანდაცვაზე, რაც ჩემთვის ყველაზე დამთრგუნველია, თითქოს საქართველო  მხოლოდ პენსიონერების და ავადმყოფების ქვეყანა იყოს. როგორ შეიძლება ასე, ქვეყანაში არიან ჯანმრთელი ადამიანებიც, რომლებსაც უნდა შეაქმნევინო პროდუქცია, დოვლათი, რომ შემდეგ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ.

სოციალურ მიმართულებაზე აქცენტის გაკეთება არის შეცდომა ჩვენი ქვეყნისთვის, გრძელვადიანი ორიენტაცია უნდა იყოს მიმართული ბიზნესის განვითარებაზე და ახალი გადამხდელების შექმნაზე, რათა სახელმწიფო ბიუჯეტი იყოს მდიდარი და ის, რომ სოციალურად დაუცველებს დახმარება სჭირდებათ, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ სახელმწიფოს პრიორიტეტი მხოლოდ სოციალურ თემები, რომ იყოს ეს დაუშვებელია.

პირველ რიგში უნდა განვითარდეს ბიზნესი, რითიც ქვეყანაში შეიქმნება დოვლათი და შესაბამისად მოვუვლით იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ხელისუფლებამ უნდა შეიქმნას გადასახადის გადამხდელები. ჩვენ უნდა გვყავდეს ათასობით გადასახადის გადამხდელი. თითოეულ სოფელში უნდა დავთვალოთ თუ რამდენი გადასახადის გადამხდელი და მეწარმეა, ამ დონეზეც კი უნდა დავიდეთ.  ამდროს კი პოლიტიკოსები ამბობენ სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათო, შეიძლება ირიბად ეს ერთიდაიგივეა, მაგრამ ასეთი ფორმულირება არ უნდა ხდებოდეს. სახელმწიფომ უნდა შექმნას გადასახადის გადამხდელები, ფული აიღოს მათგან, ვინაიდან სწორედ გადასახადის გადამხდელი ავსებს ბიუჯეტს. ხოლო მუდმივად სამუშაო ადგილების შექმნაზე აქცენტირება ეს არის კომუნისტური ლოზუნგი.

– ხელისუფლებას აქვს სხვადასხვა პროგრამები – ,,აწარმოე საქართველოში“, ,,განავითარე ბიზნესი“ და სხვა თუმცა ფაქტია, რომ ამან რეალური შედეგები ვერ მოიტანა, რატომ და რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოში რეალურად გავითარდეს და გამსხვილდეს ბიზნესი?

– ,,აწარმოე საქართველოში“ შესანიშნავი პროექტია, მაგრამ ის ხალხი ვინც ამ პროექტით სარგებლობს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, წინ ვერ მიდის. ყველას კარგად ახსოვს როდესაც ამ პროექტის ფარგლებში დააფინანსეს ლიმონათის მწარმოებელი კომპანია ,,ხილიანი“, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს გადაწყვეტილება იყო საკმაოდ არასწორი და ამის შედეგადადამიანები დაღუპეს. ვინაიდან, სახელი ,,ხილიანი“ იყო საკმაოდ არამარკეტინგული, არასწორი აქცენტები ჰქონდათ თავიდანვე და შესაბამისად გაკოტრდა ეს ხალხი.

ჩვენ ბიზნესს იმიტომ კი არ უნდა მივცეთ ფული, რომ ჩავითვალოთ და ვთქვათ, რომ თანხები დავხარჯეთ, არამედ ჭკვიანურადაა საჭირო ამ თანხების ხარჯვა.

,,აწარმოე საქართველოში“ არის კარგი პროექტი, მაგრამ როგორც ბანკები სწავლობენ დიდხანს პროექტებს და სანამ არ დარწმუნდებიან მის ეფექტურობაში მანამდე არ გასცემენ თანხებს, ასევე უნდა ხდებოდეს ამ პროექტის ფარგლებშიც.  სხვა შემთხვევაში მარტო ფული კი არა, ის ადამიანებიც იკარგებიან ვისაც თანხები მივეცით. ამიტომ, თუ გვინა რომ ადამიანებს გავუფრთხილდეთ, მაშინ სწორ გზაზე უნდა დავაყენოთ ისინი და მათ უნდა მივცეთ სწორი ფინანსირების საშუალება. რათა ქვეყანაში გადამხდელიც შეიქმნას და ამ ადამაინმაც სწორად აწარმოოს საკუთარი ბიზნესი.

ასევე შეიძლება, რომ სახელმწიფო არ დაელოდოს ბიზნესმენებს და თავად შექმნას პროექტები, მიაწოდოს ბიზნესს იდეა და შემდეგ კერძო სექტორმა განახორცილოს იგი. შესაძლოა, რეგიონების საექსპორტო პოტენციალიდან გამომდინარე შექმნას სხვადასხვა ტიპის საწარმოები და შემდეგ იგი ბაზარზე გაიტანოს და გაყიდოს. ამიტომ შესაძლებელია თავად დაიწყოს ხელისუფლებამ გარკვეული პროექტების განხორციელება.

ბახტაძემ ისიც განაცხადა, რომ აუცილებელი იყო განათლების სისტემის სრულყოფა. თუმცა ამ განცხადების დროს ყველამ გაიხედა უნივერსიტეტებისკენ  სკოლებისკენ და ბაღებისკენ. არადა უნდა გავიხედოთ მეორე მხარესაც – ჩვენ უფრო განათლებული ბიზნესი გვჭირდება.  განათლებაზე როდესაც საუბრობს ბახტაძე არ უნდა გავიგოთ მხოლოდ საშუალო და უმაღლესი განათლება,  ეს  ასევე არის განათლება ბიზნესში. ჩვენთან საკმაოდ დაბალია ბიზნესგანათლება მოქალაქეებში.

საჭიროა შესაბამისი ტრენერები დედაქალაქში და განსაკუთრებით რეგიონებში. ისინი უნდა იყვნენ განათლებული ადამიანები. სპეციალისტები, რომლებსაც შესწავლილი ექნებათ ამა თუ იმ დარგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და შემდეგ ტრენინგს ჩაუტარებენ მოქალაქეებს. ბახტაძემ უნდა შექმნას ადამიანების ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან თითოეული რეგიონისა და სოფლის პოტენციალს, დადებენ კვლევას და მიაწვდიან გლეხებს ინფორმაციას თუ რომელ რეგიონს რისი რესურსი აქვს. სოფლის განვითარება ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება.

რატომ არის რომ ადამიანები მიატოვებენ სოფელს, თავიანთ მიწებს, მოდიან თბილისში და ტაქსაობენ. ეს უცოდინარობის ბრალია. მათ არ იციან როგორ მოუაროს მიწას, მხოლოდ ის იციან, რომ მამა–პაპამ დაუტოვა ის მიწა, აქ იტორიულად მოდიოდა თხილი, სიმინდი, ყურძენი და ასე შემდეგ, მაგრამ არ იცის ახლა რა გააკეთოს, როგორ მოუაროს მას თვითონ.

პრობლემაა ისიც, რომ გლეხებს საკმაოდ პატარა მიწები აქვთ და იქ ვერ ახერხებენ შესაბამისი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოყვანას. ამ მიმართულებითაც გარკვეული მუშაობაა საჭირო, ვინაიდან შესაძლოა კოოპერატივები და მიწის გაერთიანება უკეთესი იყოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

– ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები, რუსეთის ბაზრის კვლავ გახსნა – ფაქტია, რომ ქართული პროდუქციისთვის საკმაოდ დიდი საქესპორტო ბაზრები გახსნა, მაგრამ მეწარმეები ვერ ახერხებენ მათ ათვისებას, რატომ გვაქვს ეს პრობლემა დღემდე ჩვენი ქვეყნის წინაშე?

– ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია ქართული ღვინო, რომელიც ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბდა. მე ხშირად მაქვს შეხვედრები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ისეთ ადამიანებთან რომლებმაც ღვინის გემო და ფასი იციან მას პატივს ცემენ და ვხედავ რომ ქართულ ღვინოს აქვს თავისი ადგილია გურმანებში. რამდენიმე კვირის წინ ,,მაკდონალდსის“ 2019 წლის ბიუჯეტს განვიხილავდით და ძალიან სერიოზული ხალხი იყო ჩამოსული, დახლოებით, 30 ქვეყნიდან და ყველამ ისაუბრა ქართული ღვინის პერსპექტივაზე.

რაც შეეხება სხვა ქართული პროდუქტების საექსპორტო პოტენციალს, მაგალითად, რომ ავიღოთ ჩინეთი, ჩინურ პროდუქციას ამერიკაშიც და ევროპაშიც თავად  ჩინელები ყიდიან. შესაბამისად, ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.  გაუგებარია ქართველები რატომ არ ჰყიდიან ჩვენს პროდუქციას ევროპისა თუ მსოფლიოს და სხვადასხვა ქვეყანაში. რატომ ვეძებთ მუდმივად ჩვენი პროდუქციის მყიდველსაც და გამყიდველსაც, რომელიც შესაძლოა ვერც ვიპოვოთ ვერსოდეს. როდესაც ჩვენ ვქმნით საწარმოებს საქართველოში, ჩემი აზრით, მაშინვე უნდა შევქმნათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სავაჭრო ცენტრები.

 ჩვენ თავად უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია იმ პროდუქციას, რომელსაც ვაწარმოებთ. მთელს მსოფლიოში ქვეყნები თავად ხსნიდნენ მსგავს მაღაზიებს და აკეთებდნენ საკუთარი პროდუქტების პოპულარიზაციას. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ქართველებმა თავად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა მივყიდოთ სხვადასხვა ქვეყნებს ქართული პროდუქცია და იქ უნდა გვავდეს ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც გაუწევენ ამა თუ იმ პროდუქციას პოპულარიზაციას.

– და ბოლოს, რა მოლოდინები გაქვთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თქვენი აზრით რომელი პარტიის კანდიდატებს ექნებათ გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი?  

– მე ნამდვილად არ ვარ პოლიტიკის სპეციალისტი, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები აშკარად არასერიოზული გახდა. არჩევნებამდე დარჩა 3 თვე და ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატებიც არ ვიცით. როგორც ჩანს, საქართელოში ვერ მოიძებნა ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ კანდიდატად წამოაყენებდნენ. მით უმეტეს, ივლისი და აგვისტო არის ისეთი თვეები, როდესაც ადამიანები დასასვენებლად მიდიან და საარჩევნო პერიოდი არააქტიურია.

ფაქტიურად ხალხს რჩება 1 თვე, რომ ჩამოყალიბდეს თუ ვის უნდა მისცენ ხმა. ეს არის საკმაოდ არასერიოზული დამოკიდებულება. პრეზიდენტი რომელიც აირჩევა იქნება შემთხვევითი პრეზიდენტი, ვინაიდან არ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და კანდიდატურებიც არ ვიცით.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდის არჩევნებმა აჩვენა, რომ პარტიების ნდობა საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია. პოლიტიკოსი განიხილება საქართველოში როგორც მიუღებელი თემა. განსაკუთრებით ახალგაზრდებშია ეს განცდა, ვინაიდან მოხდა მათი ინტეგრირება მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ.  ისინი ხვდებიან, რომ განვითარებული ქვეყნის ლიდერები სხვანაირად მართავენ ქვეყანას და სხვანაირად იქცევიან, ამიტომაც არ მოსწონთ ჩვენს ქვეყანაში მინდინარე პროცესები. არ მოსწონთ ჩვენი პოლიტიკური ელიტა შეხედულებებით, იდეებით, ქცევებითა და გამოხატვით. პოლიტიკოსებმა თვითონ გაიუბრალოეს საკუთარი თავი. ამიტომ ფაქტია, რომ პოლიტიკაში ბევრი რამეა შესაცვლელი და მისაბაძი ევროპის ქვეყნებისათვის.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share