Home » ეკონომიკა » SOCAR-ის ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის – კახა კალაძე

SOCAR-ის ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის – კახა კალაძე

კომპანია SOCAR-ის ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანის შვილობილი კომპანია SOCAR Georgia Gas-ის გენერალური დირექტორის, მაჰინ მამედოვის პასუხად.

ამ უკანასკნელის თქმით, ხსენებული კომპანია საქართველოს ყოველდღიურ მოთხოვნილებას ბუნებრივ აირზე თითქმის სრულად აკმაყოფილებს.

კახა კალაძის განმარტებით, ლაპარაკია არა „სოკარის“ „გაზპრომით“ შეცვლაზე, არამედ ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობაზე.

„ეს არის დამატებითი მოცულობები, რომელიც დღეს ქვეყანას, ბაზარს სჭირდება. მაშინ მე ვსვამ კითხვას: რატომ იყო წლების განმავლობაში საჭირო დამატებითი მოცულობების შემოტანა რუსეთიდან, თუ იმის საშუალება გვქონდა, იმ ბუნებრივი აირით გვესარგებლა, რომელზეც არის საუბარი?! მაშინ ამაზე გაგვცენ პასუხი. „გაბანკროტებული“ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ფიგურები იმის პრობლემად წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს საქართველო აზერბაიჯანის ჩანაცვლებას აპირებს. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს დიდი სიცრუე და ტყუილია. წლებია, აზერბაიჯანთან, „სოკართან“ ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტუკვაძე

წყარო: medianews.ge

Share