Home » ბიზნესი » Snap Fitness–ი 2017 წლის ბოლომდე საქართველოში კიდევ 9 ფილიალს გახსნის
Snap Fitness–ი 2017 წლის ბოლომდე საქართველოში კიდევ 9 ფილიალს გახსნის

Snap Fitness–ი 2017 წლის ბოლომდე საქართველოში კიდევ 9 ფილიალს გახსნის

Snap Fitness–ი ფიტნეს კლუბების საერთაშორისო ბრენდია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 1400–ზე მეტი ფილიალი აქვს. Snap Fitness–ი ქართულ ბაზარზე ფრენჩიზის ხელშეკრულებით შემოვიდა და პირველი ფილიალი ერთი თვის წინ თბილისში გახსნა. როგორც ცნობილია, კომპანია  ფილიალების გახსნას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს. უფრო დეტალურად კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სოფო სოლოღაშვილი გვესაუბრა.

– როგორც დაანონსებული იყო ფრანჩაიზის ხელშეკურლება Snap Fitness, ზაზა ფაჩულიასა და მისი ქართველ პარტნიორებთნ უნდა გაეფორმებინა. ხომ არ შეცვლილა ამ კუთხით რაიმე და ფაჩულიას გარდა ვინ არიან კომპანიის მეწილეები ?  

–  Snap Fitness-თან უკვე გაფორმებულია მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს სრულ წარმომადგენლობით უფლებებს საქართველოზე. ხოლო რაც შეეხება პარტნიორებს, ზაზა ფაჩულიასთან ერთად კომპანიის მფლობელები არიან ლევან დიასამიძე, არჩილ ფირიაშვილი და ივანე გაგუა.

– კომპანია ამ ეტაპზე ფლობს ერთ ფილიალს, თუმცა, დაგეგმილია კიდევ 9 ფილიალის გახსნა. რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება საერთო ჯამში და სადაური ინვესტიციაა ეს?       

– სნეპ ფიტნესის პირველი ფილიალი 21 ნოემბერს გაიხსნა, საინვესტიციო გეგმის მიხედვით, 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 9 ფილიალის გახსნა. სნაპ ფიტნესი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი იქნება 10 ფილიალით, რომელთაგან 6 განთავსდება თბილისში ხოლო 4 რეგიონებში. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, ფრენჩაიზის კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, სამწუხაროდ არ გვაძლევს საშუალებას საჯარო გავხადოთ, ჯამური ინვესტიციების მოცულობა. რაც შეეხება რესურსების წარმომავლობას, ქართული ინვესტიციის გარდა, რესურსების გარკვეული ნაწილი მოზიდულია საერთაშორისო ბაზრიდან.

– Snap Fitness–ი მსოფლიო ბრენდია და მას მსოფლიოს მასშტაბით 1400–ზე მეტი ფილიალი აქვს, რამდენად საინტერესო იყო ასეთი ბრენდისთვის ქართული ბაზარი და რა დროის მანძილზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები?

– ისეთი გლობალური კომპანიისათვის როგორიც სნაპ ფიტნესია, საქართველოს ბაზარი მისი მოცულობიდან გამომდინარე ნაკლებ საინტერესოა. თუმცა, 8 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეულ იქნა შეთანხმება და თბილისს უკვე შეემატა მსოფლიო სტანდარტების ფიტნესს დარბაზი.

– რაც შეეხება ქართულ ბაზარს, თქვენთვის, როგორც ბაზარზე ახალი მოთამაშისთვის, რამდენად მოსახერხებელია ქართული ბაზარი და რამდენად უწევთ კონკურენციას, უკვე შედარებით გამოცდილ მოთამაშეებს?

– კონკურენცია საკმაოდ მაღალია. თუმცა, ჩვენ ვართ ბრენდის ნაწილი რომელიც ფლობს 1400 ზე მეტ კლუბს მსოფლიოს მასშტაბით. განვითარებული ბაზრების გამოცდილება, მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ჩვენს კონკურენტუნარიანობას.

– საინტერესო იქნება თქვენი ხედვა, ზოგადად როგორ შეაფასებთ, დღეს საქართველოში, ამ ბიზნესის განვითარების დონეს, რამდენად რელევანტურ ფასს სთავაზობენ ფიტნეს კლუბები, მომხმარებელს და რამდენად არის ფასი და ხარისხი თანხვედრაში ერთმანეთთან? 

– ჩვენ შემთხვევაში არ არის თანხვედრაში,  რადგან ხარისხი ბევრად მაღალია ფასთან შედარებით. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ არ ვაპირებთ ერთ დარბაზზე შეჩერებას გადავწყვიტეთ ფასი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გვქონოდა. რაც შეეხება მომსახურებას, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ სავენტილაციო სისტემებს, მსოფლიოში საუკეთესო ბრენდის – “ტექნოჯიმის” უახლეს დანადგარებს, სასიამოვნო გარემოს და რაც მთავარია ულიმიტო 24 საათიან მომსახურებას ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ გადავხედავთ ევროპულ პრაქტიკას, ვნახავთ, რომ საშუალო დონის სპორტდარბაზის ერთთვიანი აბონიმენტის, საშუალო ღირებულება 40–50 ევროა, საქართველოში მსგავსი დარბაზების ღირებულება დაახლოებით 50%–ით მეტია, როგორ გგონიათ რა არის ამის მიზეზი, ეს არის ბაზრის განუვითარებლობა თუ დაბალი კონკურენციის დონე ბაზარზე? 

– ჩვენ არ ვართ საშუალო დონის დარბაზი, ჩვენთან ფასი 119 ლარს (45 ევროს) შეადგენს, მიუხედავად მაღალი ხარისხისა ფასი ხელმისაწვდომია. ხოლო ევროპულ ანალოგებს თუ განვიხილავთ ჩვენი ტიპის დარბაზების ფასი იქ 120 დან 150 ევრომდე მერყეობს.

რაც შეეხება ინვენტარსა და აღჭურვილობას, რომელი ქვეყნიდან ახდენთ იმპორტს და ვინ არიან ამ კუთხით თქვენი პარტნიორები ?

– ინვენტარი და აღჭურვილობა სრულად დაკომპლექტებული გვაქვს “ტექნოჯიმის” დანადგარებით, რომელიც იწარმოება იტალიაში და სრულად შეესაბამება მაღალ ევროპულ სტანდარტებს.

ესაუბრა ლაშა ბასლანძე

 

Share