Home » საზოგადოება » სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება იწყება
სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება იწყება

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება იწყება

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება სავარაუდოდ, 2018-2019 წლის მეორე სემესტრიდან, ან მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცის “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, არარეალისტური იქნება საუბარი იმაზე, რომ რელიგიის ისტორიის სწავლების სახელმძღვანელო ახალი სასწავლი წლის დაწყებისთვის იქნება შემუშავებული.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს სამინისტროს ბაზაზე შექმნილი საბჭოს წევრებთან ერთად. მე ვფიქრობ, სექტემბრისთვის არარეალისტური იქნება იმაზე ფიქრი, რომ ახალი სახელმძღვანელო იქნას შემუშავებული, თუმცა ალბათ, მომდევნო სასწავლო წლისთვის როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, ისე სხვა კონფესიების ლიდერთა ჩართულობით ჩვენ გვექნება ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც არა ინდოქტრინაციაზე იქნება ორიენტირებული, არამედ ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს. ეს იქნება ისტორიის სწავლება, თეოლოგიის ძირითადი პრინციპები, რათა ის შეცდომები, რომელიც ხდება ჩვენს გარშემო, აღარ მოხდეს. რელიგიის სახელით წარმოშობილი კონფლიქტები არის მიუღებელი და ჯანსაღად უნდა ხდებოდეს სიტუაციის შეფასება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, მთავარია მოხდეს შინაარსზე შეთანხმება, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღონ.

“ხშირად გვეკითხებიან, თუ ვინ ასწავლის რელიგიის ისტორიას. მე ვფიქრობ, ამ საგნის სწავლება ჰუმანიტარული დისციპლინის პედაგოგებმა უნდა იტვირთონ, რომლებიც გაივლიან სასწავლო კურსს ახლად შემუშავებული სახელმძღვანელოს შესწავლის მიზნით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

Share