Home » ეკონომიკა » სიტუაცია მართლაც დამძიმებულია – ეკონომისტი NDI-ის კვლევის შედეგებზე
სიტუაცია მართლაც დამძიმებულია - ეკონომისტი NDI-ის კვლევის შედეგებზე

სიტუაცია მართლაც დამძიმებულია – ეკონომისტი NDI-ის კვლევის შედეგებზე

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა უმეტესობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.

ეკონომიკის კუთხით კვლევების შედეგებთან დაკავშირებით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს გავესაუბრეთ. ეკონომისტს მიაჩნია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ობიექტურად აქვს ჩივილის მიზეზი, იმდენად რამდენად წნეხი მოწყვლად ფენაზე არის გაზრდილი.

„სიტუაცია მართლაც დამძიმებულია, ნომინალური გაცვლითი კურსის წნეხმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ფასების სტაბილურობაზე. მიზნობრივ ინფლაციას ოფიციალური სტატისტიკიტაც გადაცდენილი ვართ. რასაკვირველია ეს მნიშვნელოვან წნეხად იქცა ისედაც მოწყვლადი ფენისთვის, როდესაც ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტირებულ პროდუქციაზე და როდესაც სამომხმარებლო კალათის  70 პროცენტი ივსება  იმპორტირებული პროდუქციით, შეუძლებელია 25-პუნქტიანმა დევალვაციამ ზეგავლენა ვერ მოახდინოს ფასების საერთო დონეზე“, – აღნიშნავს ბაირახტარი.

ეკონომისტის თქმით,  ზაფხულის პერიოდში  გვქონდა დეფლაცია, მაგრამ დეფლაცია გვქონდა სეზონური ფაქტორიდან გამომდინარე და ფასები მომატებული გვქონდა უკლებლივ ყველა პირველადი მომსახურების და მოხმარების პროდუქტზე, ტრანსპორტზე, ჯანდაცვაზე. „ფასებს ერთადერთი აბალანსებდა ბოსტნეული და ხილი, რომელიც არის ადგილობრივი წარმოების, სეზონური და იაფია“, – ამბობს ექსპერტი.

„რასაკვირველია ეს ნიშნავდა იმას, თუ კურსი აღნიშნულ ნიშნულზე შენარჩუნებოდა, ფასების საერთო დონე დაიწყებდა მომატებას. ეს რისკი ჰქონდა ცენტრალურ ბანკს და უნდა მიეღო გადაწყვეტილება. ეროვნულმა ბანკმა ეს გააკეთა მაგრამ დაგვიანებით. თავის დროზე რომ ყოფილიყო ჩარევა დღეს არსებული მდგომარეობა შედარებით რბილი იქნებოდა“, – მიიჩნევს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი.

პაატა ბაირახტარის თქმით, ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს.

„20 ივნისის მოვლენებს თუ გავიხსენებთ აქედან დაიწყო ყველაფერი ამ პროცესმა ფაქტობრივად ჩააგდო ზაფხულის ტურისტული სეზონი. ჩვენ გვაქვს ტურიზმის მატება ვიზიტორების მიმართულებით, მაგრამ ტურიზმიდან შემოსავლები, ინსაიდერულ წყაროს და ჩემს გამოკვლევებს თუ დავეყრდნობით, ტურიზმიდან შემოსავლები უნდა იყოს მნიშვნელოვნად შემცირებული. ეს გამოჩნდება როდესაც გამოქვეყნდება ოფიციალური სტატისტიკები. რასაკვირველია ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დღეს არსებულ კურსის მდგომარეობაზე, თუნდაც ფასების საერთო დონეზე და რასაკვირველია საბოლოოდ სოციალურ მდგომარეობაზე“, – ამბობს ეკონომისტი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

წყარო: primetime.ge

Share