Home » საზოგადოება » „სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე“
„სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე“

„სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე“

ჩვენი მთავარი გზავნილია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, რომლის წარმატების ერთადერთი გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა საგადასახადო რეჟიმი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა უნიკალურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადს ხუთჯერ შეუმცირებს.

„როგორც დაგპირდით, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენ დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე და აღმოფხვრაზე – ეს არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ საქართველოში დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად სამწუხაროდ საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის იყო უფრო დიდი, ვიდრე მსხვილი ბიზნესისათვის; ისეთი მოდელი, სადაც მცირე მეწარმეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი ბარიერი, რათა გაეფართოებინათ თავიანთი მომსახურებისა და პროდუქციის გაყიდვის ბაზარი. ამასთან ერთად, საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმები ხშირად აიძულებდა მცირე მეწარმეებს, ყოფილიყვნენ ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩვენი მთავარი გზავნილია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, რომლის წარმატების ერთადერთი გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა, რომელიც მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს ეხება.

„ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 120 000 მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ უამრავ ადამიანზე. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და შედეგად, პარლამენტმა დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც დღეიდან უკვე ამოქმედებულია“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

Share