Home » ბიზნესი » სიგარეტის კვამლში გახვეული პოლიტიკა – ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისტორია
სიგარეტის კვამლში გახვეული პოლიტიკა – ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისტორია

სიგარეტის კვამლში გახვეული პოლიტიკა – ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისტორია

ავტომობილების რეალიზაცია “ომეგა მოტორსი”, სიგარეტის ფაბრიკა “ოჯთ”, სტამბა “ომეგა თეგი” – ეს მისი ახლანდელი ბიზნესებია, შავბნელ 90–იანებში ასლან აბაშიძის, იგორ გიორგაძის, კახა თარგამაძის მფარველობით შექმნილი სიგარეტის ბიზნესი და მასთან დაკავშირებული არაერთი სისხლიანი გარჩევა კი წარსული საქმიანობა – ალბათ, მკითხველიც მიხვდებოდა, რომ საუბარია ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ქართველ მილიონერ ზაზა ოქუაშვილზე. მის სახელს არაერთი სკანდალური საქმე უკავშირდება, ოქუაშვილს დაპირისპირება მოუვიდა როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ასევე “ქართული ოცნების” ხელისუფლებებთან. მასზე მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა და დღესაც ვრცელდება, თუმცა თავად, როგორც წესი, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს ხოლმე და მხოლოდ მაშინ ჩნდება ასპარეზზე, როდესაც საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარი სურს.

საინტერესოა, მაინც ვინ არის ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც შეუძლია ითანამშრომლოს, როგორც პრორუსულ პარტიად მიჩნეულ “პატრიოტთა ალიანსთან”, ასევე პროდასავლურ დროშას ამოფარებულ ნიკა გვარამიასთან. შეუძლია მოძალადე ეძახოს ხელისუფლებას, რომელმაც ბიზნესები და ტელევიზია “აახია”, შემდეგ კი უკან დაბრუნებულ ტელევიზიაში შეუშვას ამავე ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მხარდამჭერები. თუმცა, მოდით მივყვეთ თავიდან და გავეცნოთ იმ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ზაზა ოქუაშვილის ბიოგრაფიაზე მედიაში, თუ საჯარო სივრცეში არსებობს.

კრიმინალური 90–იანები, მფარველები და ნაშოვნი მილიონები

ოქუაშვილი პროფესიით ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია, თუმცა ბიზნეს საქმიანობას საკმაოდ პატარა ასაკიდან შეუდგა, ჯერ პატარა თონე ჰქონდა, შემდეგ კი თამბაქოს ბიზნესითაც დაინტერესდა და იმასაც ამბობენ, სიგარეტით სავსე ცელოფანის პარკებით დადიოდა საბურთალოზე და სავაჭრო ჯიხურებს აბარებდაო. 24 წლის ასაკში კომპანია “ომეგა” დააფუძნა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მას მაშინდელი გავლენიანი ფიგურები ასლან აბაშიძე, კახა თარგამაძე და იგორ გიორგაძე მფარველობდნენ. სწორედ მათი მეშვეობით მოახერხა კავშირის დამყარება ამერიკულ კომპანია “ფილიპ-მორისის”, მოსკოვში მდებარე რეგიონალურ ოფისთან, რომელიც თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს მოიცავდა. იმასაც ამბობენ, ოქუაშვილის კომპანიის დასახელება (“ომეგა”), უშიშროების სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთობებიდან მოდისო, თავის დროზე, სწორედ იგორ გიორგაძემ ჩამოაყალიბა სპეცდანიშნულების რაზმები სახელწოდებით “ალფა” და “ომეგა”.

90-იან წლებს უკავშირდება სიგარეტის ორი დისტრიბუტორის – “ომეგასა” და “ელიზის” გახმაურებული საქმე, რომელიც ხშირად კრიმინალურ გარჩევებამდეც კი მიდიოდა. უფრო დეტალურად უნდა გავიხსენოთ “ელიზის” დაყაჩაღების ამბავი, რომელზეც ლამის მთელი საქართველო ლაპარაკობდა და მთავარ ფიგურანტად, სწორედ “ომეგას” მესვეურებს თვლიდა. ეს სისხლიანი ანგარიშსწორება კინაღამ ფატალური შედეგით დამთავრდა. როგორც ამბობდნენ, “ელიზის” თანამშრომლები ავტომატის კონდახებით სცემეს ცხვირ-პირი და პროდუქციაც წაართვეს. იმავე პერიოდში სასტიკად გაუსწორდნენ თავად თამაზ ელიზბარაშვილსაც. როგორც კომპანია “ელიზის” დამფუძნებელი, თამაზ ელიზბარაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ეს არ იყო დაპირისპირება ორ კომპანიას შორის, არამედ რეალურად “შავი” და ლეგალური ბიზნესი ებრძოდა ერთმანეთს. ამის მიზეზი კი, როგორც ელიზბარაშვილი იხსენებს, მათ მიერ 1996 წელს დაწერილი კანონპროექტი იყო, რომელიც სიგარეტის ბიზნესს ლეგალურ ჩარჩოში აქცევდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ სწორედ ეს კანონპროექტი მაშინდელი მთავრობის იმ წევრების მტრად იქცა, ვინც არალეგალურ, შავ ბიზნესს მფარველობდნენ და მათგან დიდ შემოსავალსაც იღებდნენ.

“ვერ ვიტყვი, რომ “ომეგას” არ აწყობდა ბიზნესის გათეთრება, მაგრამ მის უკან ასლან აბაშიძე და კახა თარგამაძე იდგნენ, მათ ეს არ აწყობდათ, მე კი კანონპროექტის გამო ომი გამომიცხადეს,” -აღნიშნავს “ელიზის” დამფუძნებელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

იმავე პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შემოსული სიგარეტის მხოლოდ 20%-ის განბაჟება ხდებოდა.

“ბიზნესის ახევა” და დაპირისპირება “ნაციონალებთან”

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წელს ტელეკომპანია “იბერიაში” და “ომეგაში” სპეცრაზმი შევიდა, რის შემდეგაც შემდეგ ტელეკომპანია “იბერიას” მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვეს და ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ერთ–ერთი პირველი ღია დაპირისპირება ბიზნესსა და მედიასთან. როგორც ამ საქმის ერთ–ერთმა მთავარმა მოწმემ ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი “იბერიას”, რომელიც დამოუკიდიებელი ტელევიზიაა, ვერ აკონტროლებდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მის მფლობელებზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით მოეხდინა. მოწმის განცხადებით, ტელეკომპანია “იბერიასა” და “ომეგა ჯგუუფის” სხვა კომპანიებშიც სპეცრაზმი უშუალოდ სააკაშვილის მითითებით შევიდა. მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი ცდილობდა, რომ ხელში ჩაეგდოთ “ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანიების საკონტროლო პაკეტი.

“თავიდან ლაპარაკი 51 პროცენტზე იყო, თუმცა შემდეგ პროცენტები გაიზარდა და, საბოლოო ჯამში, 60-65 პროცენტს ითხოვდნენ. ამ წილის უმეტესობა თავად სააკაშვილზე უნდა გადაფორმებულიყო, რაზეც ზაზა ოქუაშვილმა უარი განაცხადა. სწორედ ამის გამო მოხდა ტელეკომპანია “იბერიასა” და “ომეგა ჯგუფში” სპეცრაზმის შეჭრა”, – აღნიშნა მოწმე ირაკლი ბათიაშვილმა.

“ოთხი თითის ამბავი”

ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელს ტელეკომპანია “იბერიას” ლიცენზია დაიბრუნა და ოქუაშვილმაც აქტიურად დაიწყო მისი მედიასაშუალების ამუშავება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ოქუაშვილს ამჯერად უკვე “ოცნების” ხელისუფლებასთან მოუვიდა დაპირისპირება. როგორც აღმოჩნდა “ომეგა ჯგუფს” ბიუჯეტის დავალიანება დაუგროვდა 50 მილიონზე მეტი, რის გადახდასაც ფინანსთა სამინისტრო მოითხოვდა კომპანიისგან, თუმცა ოქუაშვილი ამ მოთხოვნას ბიზნესზე და მედიაზე ზეწოლად აფასებდა.

ამავდროულად იმასაც აცხადებდა, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და ბიძინა ივანიშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და ლევან ყიფიანის მხრიდან და მას რამდენიმე მილიონის პირადად მათთვის მიტანას სთხოვდნენ. მაშინ ოქუაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ივანიშვილმა მას ოთხი თითი აჩვენა, რაც იმას გულისხმობდა, რომ 4 მილიონი უნდა მიეტანა მისთვის. ოქუაშვილის თქმით, მას ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერიც ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და სატელევიზიო ბრალდებების გარდა, საზოგადოებას არანაირი კონკრეტული მტკიცებულებები “ოთხი თითის ამბავზე” არ უნახავს.

ოქუაშვილიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიკარგა და მედიაში ამ თემებზე აღარ უსაუბრია.

პარალელურად მან ტელეკომპანია “იბერია” დახურა და თანამშრომლები ყოველგვარი ახსნა–განმარტებისა და კონფისკაციის გარეშე გაათავისუფლა, რასაც ტელეკომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების მხრიდან საკმაო პროტესტი მოჰყვა.

ზაზას სტოკჰოლმის სინდრომი

მას შემდეგ რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2” მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს გადაეცა, ტელევიზიიდან გაანთავისუფლეს ნიკა გვარამია, რომელმაც მალევე ახალი ტელევიზიის შექმნისა და დამფინანსებლის პოვნის შესახებ განაცხადა. დამფინანსებელზე მედიაში არაერთი გვარი გავრცელდა, თუმცა, საბოლოოდ იგი ზაზა ოქუაშვილი აღმოჩნდა. გვარამია და მასთან ერთად მედიიდან წამოსული გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვები. ანუ, ერთი მხრივ, “თავისუფალი მედიის ფლაგმანები” იმ მედიასაშუალებაში განთავსდნენ, საიდანაც რამდენიმე თვით ადრე ჟურნალისტები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოყარეს და მეორე მხრივ, ზაზა ოქუაშვილი გახდა იმ გუნდის მთავარი დამფინანსებელი, რომლის წევრებმაც და მხარდამჭერებმაც თავის დროზე ბიზნესი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დევნილი ბიზნესმენი, რამდენიმე წლის შემდეგ თავად გახდა “ნაციონალების” მთავარი მხარდამჭერი ტელევიზიის დამფინანსებელი. გარდა ამისა, ისიც საინტერესო ფაქტია, რომ ოქუაშვილი პრორუსულ პარტიად შერაცხული “პატრიოტთა ალიანსის” მთავარი დამფინანსებელი იყო, სწორედ ამ პარტიის მანდატით შევიდა მისი მეუღლე პარლამენტში, ხოლო თავად აჭარის უმაღლეს საბჭოში. ახლა კი “მთავარ არხს” და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აფინანსებს, რომელსაც თავი დასავლური იდეების მთავარ გამტარად და რუსული იდეებისა და ფულის წინააღმდეგ მებრძოლად მოაქვს.

ოფშორებში გადამალული მილიონები

ცნობილ “პანამის დოკუმენტებში”, სადაც საუბარი იყო იმ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც გადასახადებს თავს არიდებენ და ოფშორებში აქვთ ფირმები დარეგისტრირებული, ამ სიაში ზაზა ოქუაშვილიც მოხვდა. საიდუმლო მასალებით ირკვევა, რომ ზაზა ოქუაშვილი წილებს ოფშორში რეგისტრირებულ სამ კომპანიაში Finley Trading-ში, DAGMAR FINANCE GROUP INC.-სა და Velson Trading Corp-ში ფლობს.

DAGMAE FINANCE GROUP INC-ის იურისტად კი დოკუმენტებში მარიამ ჯაფარიძე ფიგურირებს, რომელიც სამართლებრივ მომსახურებას კიდევ ერთ ოფშორულ კომპანიას, HOWALL INVESTMENTS GLOBAL S.A, უწევდა. არაოფიციალურად ზაზა ოქუაშვილის კაპიტალი 250 მლნ დოლარს ითვლის.

6 მილიონიანი სახლი ბრიტანეთში – ცნობები ოფიციალური დეკლარაციიდან

ზაზა ოქუაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2019 წლის 24 მარტით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე და ორი შვილი: 1998 წელს დაბადებული რატი და 2000 წელს დაბადებული გიორგი.

ზაზა ოქუაშვილს კი ეკუთვნის: ბინა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში (170 კვ.მ. – 6,5 მილიონად შეძენილი), საცხოვრებელი სახლი თბილისში, ოდესის ქუჩაზე (1 081 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში (4 200 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი ოქროყანაში (1 310 კვ. მ.), არასაცხოვრებელი ფართის წილი (21,24 პროცენტი) თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე (95 კვ. მ.), არასაცხოვრებელი ფართის წილი (9,12 პროცენტი) თბილისში, ასევე, ცინცაძის ქუჩაზე (3 866 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი წყნეთში (6 023 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში (601 კვ.მ) არასაცხოვრებელი ფართი გორის რაიონის სოფელ კარალეთში (39 987 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლის წილი გორში, კოსტავას ქუჩაზე (515 კვ. მ.)

ნატო ჩხეიძის საკუთრებაა: ბინა თბილისში, საირმის ქუჩაზე (170 კვ. მ.), ბინა ჭავჭავაძის გამზირზე (428,3 კვ. მ.) ავტოფარეხებით; ორი მიწის ნაკვეთი წყნეთში (1 203 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (როსტომ და მარიკო ჩხეიძეებთან ერთად) გორის რაიონის სოფელ ყელქცეულაში (9 376 კვ. მ.).

ამას გარდა, ნატო ჩხეიძის საკუთრებაა ძვირადღირებული ფერწერული ტილო, ხოლო ზაზა ოქუაშვილს კი ჰყავს 85 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული “ბე ემ ვე” X5.

ზაზა ოქუაშვილი პანამის ოფშორში ინახავს 200 ერთეულ 200 აშშ დოლარის ღირებულების აქციას, ხოლო შვეიცარიაში 40 აშშ დოლარის ღირებულების 125 000 ობლიგაციას.

დეკლარაციის შევსების მომენტში ზაზა ოქუაშვილს ნაღდ ფულად 7 000 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს – 8 400 ლარი. გარდა ამისა სხვადასხვა ბანკების ანგარიშებზე ზაზა ოქუაშვილს განთავსებული აქვს 15 960 ლარი, 11 800 ევრო, 107 000 დოლარი და 48 680 გირვანქა სტერლინგი. მის მეუღლეს ნატო ჩხეიძეს 31 300 ლარი, 16 000 გირვანქა სტერლინგი.

ზაზა ოქუაშვილს 2018 წლის განმავლობაში მიუღია შემდეგი შემოსავლები: 2 900 ლარი, 78 880 ლარი, 10 140 ლარი და 20 119 ლარი ოთხი არასაცხოვრებელი ფართების იჯარიდან.

გიორგი რანი

Share