Home » ბიზნესი » სიგარეტის გაძვირების მიზეზი ცნობილია
სიგარეტის გაძვირების მიზეზი ცნობილია

სიგარეტის გაძვირების მიზეზი ცნობილია

”ფილიპ მორისის ”პროდუქცია საქართველოში, შესაძლოა, ”ომეგა ჯგუფმა” აღარ შემოიტანოს.  როგორც ექსკლუზიურად ”ფორტუნასთვის” გახდა ცნობილი, ახალი წლიდან შეიცვალა სიგარეტის დისტრიბუტორი კომპანია, 2016 წლიდამ “ფილიპ მორისის” სიგარეტების დისტრიბუციას  ”ჯი დი ჰოლდინგის”  შემავალი კომპანია , სავარაუდოდ, “ჯი დი ემ კო” განახორციელებს. ეს ინფორმაცია “ფორტუნას” ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია ”ჯი დი ალკოს” დირექტორმა სოსო ესართიამ დაუდასტურა. 

ძველ და ახალ დისტრიბუტორებს შორის წარმოქმნილმა გაუგებრობამ ბაზარზე სიგარეტის დეფიციტი წარმოშვა. მხარეები ინფორმაციას ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.  ”ფორტუნა” ”ომეგა ჯგუფს” დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ”ფილიპ მორისის” სიგარეტების გაძვირების მიზეზი მათი დეფიციტი გახდა. ”გარკვეული პრობლემების გამო, დროებით შეჩერებულია აღნიშნული პროდუქციის შემოტანა. შესაბამისად, მათი რაოდენობა მცირეა , მოთხოვნა კი- დიდი. ეს ფაქტი ფასებზეც აისახა”, – განაცხადეს კომპანიაში. “ომეგა ჯგუფში” განმარტეს, რომ ყველაფერი დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

”ომეგა ჯგუფში” კომენტარი არც კომპანია ”ჯი დი ალკოზე” გააკეთეს.  ”ფორტუნა” ”ფილიპ მორის საქართველოს” წარმომადგენელსაც ესაუბრა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან აქაც თავი შეიკავეს.

კომპანიებს შორის „ფილიპ მორისის“ სიგარეტების დისტრიბუციის საკითხის გარკვევას დაემთხვა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მომატება. თუმცა, ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს.  უწყებაში აცხადებენ, რომ ფასის მატება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს უკავშირდება.

ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. როგორც სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული “პარლამენტზე”, “მარლბოროზე”, “ჩესტერფილდსა” და “ელ ემ”-ზე.

fortuna.ge

Share