Home » საზოგადოება » სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე საპრეზიდენტო კანდიდატებში კუკავა და ნათელაშვილი  ლიდერობენ
სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე საპრეზიდენტო კანდიდატებში კუკავა და ნათელაშვილი  ლიდერობენ

სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე საპრეზიდენტო კანდიდატებში კუკავა და ნათელაშვილი  ლიდერობენ

წინასაარჩევნო პერიოდში 117 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა

 „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ასახავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს.

დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები და პარტიები გამოხატავდენენ, ასევე კანდიდატებისა და პარტიების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა.  ანგარიშში მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე ძალადობის წახალისების შემთხვევებია შესული და არა პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარები.

წინასაარჩევნო პერიოდში (1 აგვისტო; 15 ოქტომბერი) სამონიტორინგო მედია საშუალებით ჯამში 117 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, აქედან ყველაზე დიდი წილი (47,9%, 56 კომენტარი) ქსენოფობიურ, მიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ კომენტარებზე მოდის, რომელსაც მოსდევს თურქოფობია (16,2%, 19), ჰომოფობია (14,5%, 17), რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (10,3%, 12), ძალადობის წახალისება (6,8%, 8), შუღლის გაღვივება (1,7%, 2), გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია (1,7%, 2) და რასიზმი (0,9%, 1).

პრეზიდენტობის კანდიდატების უმეტესობა მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული და შემდეგ ნარატივებს შეიცავდა: მიგრანტების ტალღა საქართველოში ეთნიკური ქართველებს უმცირესობად აქცევს, მიგრაციის პროცესი საფრთხეს უქმნის საქართველოს, მათ შორის ტერიროზმის, ქართულ მიწებს უცხოტომელები ეპატრონებიან, აზიური წარმოშობის მიგრანტები პროსტიტუციას, ნარკომანიას და კრიმინალს გვიქადის.

ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება (59) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომელთაც მცირედით ჩამორჩებიან პრეზიდენტობის კანდიდატები (49), ხოლო კანდიდატებისა და პარტიების მიმართ 11 ასეთი განცხადება გაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა კახა კუკავამ (19) გააკეთა, საიდანაც უმეტესობა მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული. მეორე ადგილზეა ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომლის 9 კომენტარიდან უმეტესობა (6) ქსენოფობიური იყო. სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების – გიორგი ანდრიაძე (5), კახაბერ ჭიჭინაძე (4) და ,,ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ კანდიდატის გელა ხუციშვილის (2) მიერ გაკეთებული განცხადებები შედარებით ნაკლები იყო და ძირითადად ქსენოფობიური ხასიათს ატარებდა. მმართველი პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან 2 შემთხვევაში ქსენოფობიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების შემთხვევა გამოიკვეთა, 1 შემთხვევაში კი მას ადრე გაკეთებული ქსენოფობიური კომენტარი გაუხსენეს.

პოლიტიკური პარტიებიდან სიძულვილის ენის მხრივ პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსი” ლიდერობს (30), რომელსაც მოსდევს “ქართული დასი” (13). მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან 5 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა, ხოლო ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან 4.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ასევე შესწავლილი იქნა ის განცხადებები, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ განხორციელდა. პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ 11 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა, რომელთაგან ყველაზე მეტი (5) მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ეხებოდა, 3 “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2 – “ევროპულ საქართველოს” და 1 – “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს.

მოამზადა მარიამ აბრამიშვილმა

Share