Home » ბიზნესი » Si, certo Badagoni – „ბადაგონის“ საქმის შუქ-ჩრდილები
Si, certo Badagoni – „ბადაგონის“ საქმის შუქ-ჩრდილები

Si, certo Badagoni – „ბადაგონის“ საქმის შუქ-ჩრდილები

ბრძოლა საქართველოს ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიისთვის

ქართულ რეალობაში ბიზნეს დავები ახალი ხილი არაა. წინა ხელისუფლების პერიოდში საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიზნესი წნეხის ქვეშ იყო და უამრავ ბიზნესმენს სხვადასხვა „სარფიანი“ წინადადების შეთავაზებით თავიანთი ბიზნესი დაათმობინეს.

მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, ბიზნესმენების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლა და თავიანთი ბიზნესისა თუ ბიზნეს წილების უკან დაბრუნების მოთხოვნა. გარკვეულ ნაწილს ეს გამოუვიდა, დანარჩენები კი დღემდე იბრძვიან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

გასულ კვირას კიდევ ერთმა ბიზნეს დავამ იჩინა თავი. ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში საქართველოდან ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია „ბადაგონი“ გახლავთ.

გასულ კვირას კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, 2018 წლის 1-ელი თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მინდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. კომპანია “ბადაგონის” ყოფილი პრეზიდენტი თემურ უბილავა და ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა “ბადაგონის” ამჟამინდელ ხელმძღვანელს გიორგი სალაყაიას კომპანიის წილების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში ადანაშაულებენ. თემურ უბილავა ამბობს, რომ 2001 წელს მან თავის მეგობარს ვლადიმერ ჯანჯღავას მიმართა, რომ მას კომპანიაში ინვესტიციები განეხორციელებინა.

უბილავას განცხადებით, “ბადაგონის” 100%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი”, რომელიც ვლადიმერ ჯანჯღავას ოჯახის წევრებზე იყო გაფორებული და მის უკან ყოველთვის იდგა ვლადიმერ ჯანჯღავა. ჯანჯღავამ “ბადაგონში” ჯამში 14 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

უბილავას განცხადებით, მან და ვლადიმერ ჯანჯღავამ იმის გამო, რომ მოსწონდათ მენეჯერის გიორგი სალაყაიას მუშაობა, რადგან მან კომპანიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, 2006 წლის 3 თებერვალს “ბადაგონის” 19%-იანი წილი აჩუქეს. მისივე თქმით, 2014 წელს კომპანიისთვის საჭირო გახდა ფინანსური რესურსის მოძიება და ადგილობრივი ბანკებიდან თანხის აღება.

უბილავას განცხადებით, ამ პერიოდში გადაწყდა, რომ უპრიანი იქნებოდა წილების გადაფორმება მომხდარიყო ერთ ადამიანზე, საქართველოს რეზიდენტზე, რათა გაადვილებულიყო ქართულ ბანკებთან ურთიერთობა და თანხის მოძიება, თუმცა როდესაც კომპანიაში ყველაფერი დალაგდებოდა, შემდეგ წილების კვლავ გადანაწილება მომხდარიყო.

უბილავას განცხადებით, ასეთ ადამიანად, რომელსაც ენდობოდნენ და რომელთანაც ნათესაობა აკავშირებდათ, ჩაითვალა გიორგი სალაყაია და მას 2014 წელს ნაწილ-ნაწილ “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედიგან” 100%-იანი წილი გადაუფორმეს. მისივე თქმით, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მასში ფასად ჩაიწერა 50 000 დოლარი, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, ეს თანხა სალაყაიას არ გადაუხდია. მისივე განცხადებით, მათ შორის იყო ზეპირი შეთანხმება, რომ როდესაც კომპანია რთულ ეტაპს გაივლიდა, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდებოდა და წილები კვლავ გადანაწილდებოდა.

ამის შემდეგ უბილავას განცხადებით, 2016 წელს სალაყაიამ წილების დაბრუნებაზე უარი განაცხადა, შემდეგ 2017 წლის ოქტომბერში ისევ შეხვდნენ გიორგი სალაყაიას, თუმცა მისგან კვლავ უარი მიიღეს და ამის შემდეგ მიმართეს საგამოძიებო სამსახურს.

განსხვავებული პოზიცია აქვს „ბადაგონის“ მოქმედ ხელმძღვანელის, გიორგი სალაყაიას. გიორგი სალაყაიამ რამდენიმე პირი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ და კომპანიის ხელში ჩაგდება სურთ.

“ეს გახლავთ დავით ბეჟუაშვილი, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება. ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები “ბადაგონის” ხელში ჩასაგდება. ყველას კარგად ახსოვს 2006 წლის მოვლენები, თუ რა გადავიტანეთ”, – განაცხადა სალაყაიამ.

სალაყაიას თქმით, კომპანიის თავზე განვითარებული მოვლენები იყო სრული მოულოდნელობა, თუმცა კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, დღეს როდესაც “ბადაგონი” გახდა ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ლიდერი, “ბადაგონი” გახდა გარკვეული პირებისთვის საინტერესო და მათ დაიწყეს ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად.

მისივე თქმით, კომპანიაზე 2012 წლის არჩევნებამდე კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა.

“2012 წლის თებერვალში ჩვენთან შემოვიდა ასევე საგადასახადო ინსპექცია. პარალელურად, შექმნეს ჩვენი კონკურენტი ვითომ კომპანია და იყო პირდაპირი მითითება, რომ ჩვენ გარკვეული წილი უნდა დაგვეთმო. მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა, ჩემი შეფასებით, დავით ბეჟუაშვილი და ასევე სავარაუდოდ, კახა დამენია, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მაშინ რეალურად ჩვენ გადაგვარჩინა მაშინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, რაც ქვეყანაში მოხდა, მათ ვერ მოასწრეს კომპანიის მითვისება”, – განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, კომპანიამ ურთულესი პერიოდი გადაიტანა. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 600 ადამიანი და მისი წარმადობა გასამმაგებულია.

“დღეს, როდესაც “ბადაგონი” აღმავლობის გზაზეა, ჩემი ვარაუდით, ბატონი ბეჟუაშვილი უკავშირდება თაღლითობისთვის საერთაშორისო ძებნილს, რუსეთის მოქალაქეს ვლადიმერ ჯანჯღავას და მას დააწერინეს განცხადება. ყველაზე მთავარია ის, რომ ამ ადამიანს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია კომპანია “ბადაგონთან”, – განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, 2014 წელს უცხოური კომპანია “გრაკორო ტრედინგისგან”, რომელიც “ბადაგონის” 60%-იან წილს ფლობდა, გიორგი სალაყაიამ იყიდა ეს წილი, თუმცა ის აცხადებს, რომ ვლადიმერ ჯანჯაღავას ურთიერთობები “გრაკორო ტრედინგთან” იურიდიულად არ დასტურდება.

გიორგი სალაყაიას განცხადებით, მან წილი ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით შეიძინა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამის შემდეგ მასსა და ჯანჯღავას ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა.

“სავარაუდოდ, ის მოძებნა დავით ბეჟუაშვილმა, დააწერინა აბსურდული განცხადება, რომ თითქოს ეს წილი არასწორად იქნა ჩემზე კომპანია “გრაკოროსგან” გადმოფორმებული. ამ 3 წლის განმავლობაში არც ერთი წერილი, სატელეფონო ზარი არც კომპანიაში, არც ჩემთან არ არის მოსული, რომ ვინმეს რაიმე პრეტენზია ჰქონდეს”, – განაცხადა სალაყაიამ.

სალაყაიამ მიმართა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომ აღნიშნულ საკითხში პირადად ჩაერთოს. სალაყაიას განცხადებით, ის და კომპანიის თანამშრომლები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ და კომპანიას არავის დაუთმობენ.

” ბადაგონის”  ძველი და ახალი მფლობელების დავაში,  დავით ბეჟუაშვილის სახელის უკონტექსტოდ ხსენება გაუგებარია თავად  დავით ბეჟუაშვილისთვის. მისი ადვოკატი  ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ   ბეჟუაშვილის მიმართ აბსურდული ბრალდებები, სალაყაიამ ან უნდა დაასაბუთოს ან უარყოს.

ბეჟუაშვილის ინტერესების დამცველი   ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის  სარჩელს ამზადებს, რომელსაც სასამართლოში ორშაბათს შეიტანს.

შეგახსენებთ, საქმეში ჩართულია  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, რომელიც საკითხს სწავლობს. პროცესის ზედამხედველობა პრემიერმა ბიზნესომბუდსმენს დაავალა.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share