Home » ახალი ამბები » შსს-მ გლდანში “მამიდა”, “ფისო” და “სალომე” დააკავა
შსს-მ გლდანში "მამიდა", "ფისო" და "სალომე" დააკავა

შსს-მ გლდანში “მამიდა”, “ფისო” და “სალომე” დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული “მამიდა”, “სალომე” და კიდევ ერთი პირი საკუთარ სასტუმროს პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით სისტემატიურად აქირავებდნენ. რაც შეეხება, მეტსახელად “ფისო”-ს და კიდევ ერთ პირს იგივე ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტში დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. – მეტსახელად „ფისო“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share