Home » საზოგადოება » შოთა გულბანი: საკანონმდებლო ინიციატივები საფინანსო სექტორში დაგვიანებულია და არასაკმარისი
შოთა გულბანი: საკანონმდებლო ინიციატივები საფინანსო სექტორში დაგვიანებულია და არასაკმარისი

შოთა გულბანი: საკანონმდებლო ინიციატივები საფინანსო სექტორში დაგვიანებულია და არასაკმარისი

მამუკა ბახტაძის საკანონმდებლო ინიციატივებზე და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა გულბანმა პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში. მისი თქმით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საფინანსო სექტორში შექმნილი მდგომარეობა და ტენდენციები არ იძლევა პოზიტიური მოლოდინების საფუძველს – „სხვადასხვა გარემოებებმა, რაც ძირითადად დაკავშირებულია საფინანსო სექტორის რეგულირების არასწორი პრაქტიკის დამკვიდრებასთან, მრავალი მიმართულებით წარმოშვა პრობლემები, რომელთაგან ორი უმნიშვნელოვანესი მათგანი უნდა გამოიყოს: პირველი, ვითარება საკრედიტო ბაზარზე და მეორე, კონკურენცია საფინანსო სექტორებს შორის, განაცხადა შოთა გულბანმა.

„პირველი მიმართულებით ვითარება საგანგაშო იყო და შეიძლება ითქვას, რომ მამუკა ბახტაძის ინიციატივები სასესხო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დასაცავად დაგვიანებულიც კია, ვინაიდან, უკონტროლო ბაზარმა ერთი მხრივ მოგვცა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას ფინანსურად დაზარალებული უამრავი მოქალაქე, უსამართლო სასესხო ხელშეკრულებები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ჯარიმის დარიცხვის უსამართლო პრაქტიკა, ჭარბვალიანობა და ა.შ. სწორედ ამ და სხვა პრობლემური საკითხების სამართლიანი დარეგულირება იყო მამუკა ბახტაძის მიზანი, როდესაც მან ახალი თამაშის წესები დაამკვირდა საკრედიტო ბაზარზე, რაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია და მას აუცილებლად ექნება შედეგი, თუმცა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სიღარიბის დასაძლევად ჭარბვალიანობის ხელოვნური შემცირება არ მოგვცემს შედეგს, ვინაიდან ის არ არის სიღარიბის გამომწვევი მიზეზი, პირიქით სიღარიბეა ჭარბვალიანობის გამომწვევი მიზეზი, რომელსაც მთავრობამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით უნდა უპასუხოს, მათ შორის საფინანსო სექტორებს შორის კონკურენციის უზრუნველყოფით“ – აცხადებს გულბანი. მისივე თქმით ეს უკანასკნელი, ანუ ჯანსაღი საფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის განვითარების საფუძველია.

„საფინანსო ბაზრების მოთამაშეების თანაბარმნიშნელოვანი განვითარებისთვის მთავრობამ  ერთის მხრივ უნდა შეცვალოს საკანონმდებლო მიდგომები და მეორე მხრივ ეყოს პოლიტიკური გამბედაობა და ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდროს თანაბარი შესაძლებლობები იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებიც არ არიან აფილირებული ბანკებთან და წარმოადგენენ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს საფინანსო ბაზარზე, თუ მართლა გვსურს, რომ გვქონდეს დივერსიფიცირებული და კონკურენტული საფინანსო სისტემა.

დღეს საქართველოს საფინანსო სექტორში კონკურენცია პრაქტიკულად არ არსებობს. ბაზარი დაკომპლექტებულია კომერციული ბანკებით და მის კონკურენტებს, ისეთები როგორებიცაა ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინდუსტრია და მიკროსაფინანსო სექტორი, განვითარების შესაძლებლობა არ ეძლევათ. საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი საბროკერო კომპანიები წარმოადგენენ კომერციული ბანკების შვილობილ კომპანიებს, რითაც განვითარება ხელოვნურად წყდება, ვინაიდან ისინი ერთმანეთის კონკურენტი ინსტიტუტები არიან.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობამ საფინანსო სექტორში კონკურენციის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი და ეს უნდა დაიწყოს საფონდო ბირჟის მეშვეობით. ამ კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარება იქნება აუცილებელი საფონდო ბირჟაზე, მათ შორისაა ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც დღეს ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშია; საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის ცენტრალურობის პრინციპის გატარება; არასაბირჟო გარიგებების შეზღუდვა ან „ფიქსინგის“ გადასახადის გაზრდა; მსხვილი სახელმწიფო კომპანიების აქციების ემისია საფონდო ბირჟაზე; ობიექტური ფასწარმოქმნის მექანიზმების დანერგვა და სხვა მრავალი“ – აცხადებს „აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი.

Share